დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ, ზუგდიდში, იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის ბინების განაწილების საკითხზე მუშაობა დაასრულა. ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
დევნილთა სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, ახალაშენებულ კორპუსებში არსებული 360 ბინა, ნგრევად შენობებში მცხოვრებ ოჯახებს გადაეცემათ.
„ამ ეტაპზე, სამეგრელოს რეგიონში დევნილთა საცხოვრებელი 68 ნგრევადი ობიექტი იხურება და იქ მცხოვრებ ოჯახებს ბინებს ახალაშენებულ კორპუსებში გადავცემთ. ზუგდიდში, დამატებით, 600 ოჯახისთვის განკუთვნილი 5 კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს, სადაც საცხოვრებელ ფართებს როგორც ნგრევად ობიექტებში მცხოვრები, ასევე კრიტერიუმების შესაბამისად ყველაზე მაღალი ქულის მქონე იძულებით გადაადგილებული ოჯახები მიიღებენ. ბინების განაწილების შემდგომ, სამეგრელოს რეგიონში მესამე და მეოთხე კატეგორიის ყველა ნგრევადი შენობა, სადაც დევნილები წლების განმავლობაში მძიმე პირობებში ცხოვრობდნენ დაიხურება“, - განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.
სააგენტოს დირექტორი და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის წევრები ინდივიდუალურად შეხვდებიან ყველა იმ დევნილს, რომელსაც ბინების განაწილების პროცესთან დაკავშირებით შეკითხვები გააჩნია. იძულებით გადაადგილებული პირების მიღება ზუგდიდში (თბილისის ქ.N1) 9, 10 და 11 დეკემბერს გაიმართება.