დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულთან ზვიად შალამბერიძესთან და მხარის მუნიციპალიტეტების მერებთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
შეხვედრაზე იმერეთის რეგიონში მცხოვრებ დევნილთა და ეკომიგრანტთა განსახლების, მათი საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის საკითხებსა და არსებულ პრობლემებზე იმსჯელეს.
სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, 2020 წლიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების პროცესი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება.
დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, იმერეთის რეგიონში, ჯამში, 13 კორპუსი შენდება.
წყალტუბოში, 560 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით 8 კორპუსის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, აქედან, ორი კორპუსის მშენებლობა უახლოეს მომავალში დასრულდება და 2020 წელს ბინა 140 ოჯახს გადაეცემა.
გარდა ამისა, ქუთაისში 5 კორპუსი შენდება, სადაც ბინა 800 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადაეცემა.
სახელმწიფო რწმუნებულთან და მუნიციპალიტეტების მერებთან გამართულ შეხვედრაზე დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა იმერეთის ტერიტორიული სამმართველოს ხელმძღვანელი დავით ჭეიშვილი წარადგინა.