დევიდ კრამერი - ჩიხში შესული პოლიტიკური კრიზისით მხოლოდ ერთი მხარე დარჩება კმაყოფილი და ეს მოსკოვია - ერთპარტიული პარლამენტი საქართველოს იმიჯზე კარგად არ აისახება

დევიდ კრამერი - ჩიხში შესული პოლიტიკური კრიზისით მხოლოდ ერთი მხარე დარჩება კმაყოფილი და ეს მოსკოვია - ერთპარტიული პარლამენტი საქართველოს იმიჯზე კარგად არ აისახება

access_time2020-12-10 21:00:00

რეგიონში შექმნილი რთული პოლიტიკური ვითარებიდან, ისევე, როგორც ქვეყანაში მიმდინარე მძიმე პროცესებიდან გამომდინარე, საქართველო ბევრი გამოწვევის წინაშე დგას. როგორ უყურებს საერთაშორისო საზოგადოება, დასავლეთი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს - განსაკუთრებით, ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაჩენილ კითხვის ნიშნებს და რა გამოსავალს ხედავს ამ რთული ვითარებიდან? ამასთან, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ქვეყანაზე მნიშვნელოვანმა პროცესებმა მსოფლიოში, მათ შორის ახალმა ადმინისტრაციამ ამერიკის შეერთებულ შტატებში და ნატო-ს მიერ ღია კარის პოლიტიკის გაგრძელების დადასტურებამ? ამ ყველაფერზე დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა მიმართულებით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე, დევიდ კრამერი „ინტერპრესნიუსს“ ექსკლუზიურად ესაუბრა.

- 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან თვეზე მეტი გავიდა. პირველ რიგში, როგორ შეაფასებთ ჩატარებულ არჩევნებს, რომლის დროსაც საკმაო რაოდენობით დარღვევების და ხმების არასწორად დათვლის შესახებ იყო საუბარი? ასევე ვიცით, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით სარჩელები ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არ მიიღო...

- ვფიქრობ, საპარლამენტო არჩევნები საკმაოდ პრობლემური იყო. ვიცი, რომ "ქართული ოცნების" და მთავრობის მხარე ცდილობს, არჩევნები მაქსიმალურად საუკეთესო შუქზე წარმოაჩინოს. მათ შეარჩიეს საერთაშორისო დამკვირვებელთა შეფასებების გარკვეული ნაწილები, რომლებშიც არჩევნები დადებითად აისახა. მაგრამ რა თქმა უნდა, ოპოზიციას სულ სხვა შეხედულება აქვს და ასევე, არიან სხვა დამკვირვებლები, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო, რომლებიც იზიარებენ კრიტიკას, რომ არჩევნები იდეალურისგან შორს იყო, ისინი წარმოადგენენ ზოგიერთ რეალურ პრობლემას, მათ შორის - "ქართული ოცნების" პროცენტული წილის გაზრდასაც. ოპოზიციამ თქვა, რომ ისინი არ დაიკავებენ ადგილებს ახალ პარლამენტში, თუ ახალი არჩევნები არ ჩატარდება და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე არ შეიცვლება. შესაბამისად, საქართველო ფაქტობრივად, ჩიხშია, რაც ძალიან სამწუხაროა. მე "ქართული ოცნების" მხრიდან კომპრომისზე წასვლის დიდ ინტერესს ვერ ვხედავ და ვფიქრობ, რომ კრიზისის მოსაგვარებლად - ჩემი აზრით, ეს სწორედ კრიზისია - ორივე მხარემ უნდა მოძებნოს კომპრომისული სივრცეები.

- რატომ ერიდება “ქართული ოცნება“ კომპრომისზე წასვლას?

- როგორც ჩანს, ისინი წინსვლაზე არიან ორიენტირებულნი, უგულებელყოფენ ოპოზიციის პრეტენზიებს და დიდი ინტერესი არ გამოუჩენიათ არც ახალი არჩევნების ჩატარების მიმართ. ვიცი, რომ ასევე იყო წინადადება პლებისციტის ჩატარების შესახებ, რათა ამომრჩევლისთვის დასმულიყო კითხვა, სურთ თუ არა ახალი არჩევნების ჩატარება. ამის პრობლემა, რა თქმა უნდა, ქართველი ამომრჩევლისთვის სავარაუდოდ, საარჩევნო უბნებზე წელიწადის განმავლობაში 4-ჯერ მისვლის თხოვნაა - პირველი ტური 31 ოქტომბერს იყო, მეორე ტური რამდენიმე კვირის შემდეგ, თუ პლებისციტი ჩატარდება და თუ შედეგად ახალი არჩევნების ჩატარება გადაწყდება, ქართველ ამომრჩეველს ერთი წლის განმავლობაში საკმაოდ ბევრს თხოვთ. ასე რომ ვფიქრობ, მთავრობას გაგრძელება აქვს გადაწყვეტილი, რისი შედეგიც შეიძლება, ერთპარტიული პარლამენტი იყოს, რაც საქართველოსთვის ჯანსაღი განვითარება არ არის და საერთაშორისო საზოგადოებაში საქართველოს იმიჯზე კარგად არ აისახება. ვიმედოვნებ, რომ საკითხი რამენაირად გადაწყდება.

მაგრამ, რა თქმა უნდა, პრობლემებს არჩევნების მიღმა მივყავართ, ზოგიერთი ინსტიტუტის, სასამართლოს და სხვა საკითხების ჩათვლით, რომელთა მოგვარებაც აუცილებელია. ახლა ასევე ვხედავთ (და ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს ინტერესის არარსებობაზე „ქართული ოცნების“ და მთავრობის მხრიდან) ზოგიერთი ოპოზიციონერისა და მედიის წარმომადგენლის წინააღმდეგ საქმეების განახლების შესაძლებლობას - ეს იმედისმომცემი განვითარება არ არის.

- ფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული?

- დიაც. მე ვფიქრობ, რომ ეს არის პასუხი მთავრობისა და "ქართული ოცნების" მხრიდან, რომ "თუ თქვენ გააგრძელებთ ზეწოლას, ჩვენ განვაახლებთ გამოძიებებს და საქმეები სასამართლოებში გაგრძელდება", ეს კი კრიზისის მოგვარების გზა არაა. ვიმედოვნებ, ორივე მხარე აღიარებს, რომ პოზიციები უნდა დაახლოვდეს, რადგან ჩიხში შესული პოლიტიკური კრიზისი საქართველოსთვის კარგი არ იქნება. ამით მხოლოდ ერთი მხარე იქნება კმაყოფილი, ეს კი მოსკოვია. იმედი მაქვს, რომ საქართველოში ყველა მოთამაშეს ესმის, რომ მათ ეს უნდა მოაგვარონ და საკმაოდ სწრაფად.

- მიუხედავად არჩევნების შემდგომ საწყისი საპროტესტო ტალღისა, ელოდით თუ არა, რომ ოპოზიცია ამდენი ხნის განმავლობაში შეინარჩუნებდა პოზიციას პარლამენტში არშესვლასთან დაკავშირებით?

- ვფიქრობ, საქართველოში სიტუაცია, ისევე, როგორც აქ, აშშ-ში, ძალიან პოლარიზებულია. ჩემი აზრით, ორივე მხარე ძალიან მტკიცე პოზიციებზე დგას. ცოტა მიკვირს, რომ ოპოზიცია ერთიანი დარჩა, საკმაოდ მრავალფეროვანი ოპოზიცია არჩევნების წინ აშკარად არ იყო გაერთიანებული, მაგრამ არჩევნების შემდეგ ერთიანობა შეინარჩუნეს, ამიტომ, ამან ცოტა გამაკვირვა. მაგრამ მგონია, რომ ეს პოლარიზებულ და გარკვეულწილად, პერსონიფიცირებულ ვითარებაზე მეტყველებს, რადგან ბიძინა ივანიშვილის, მიხეილ სააკაშვილის ფიგურები საკმაოდ გამორჩეულ როლებს თამაშობენ, მიუხედავად იმისა, რომ ბიულეტენში რეალურად, არც ერთი მათგანი ყოფილა, თუმცა ფარდის მიღმა ისინი საკმაოდ მნიშვნელოვან როლებს ასრულებენ.

- თქვენი აზრით, ქართულ პოლიტიკურ რეალობაში არც ერთ სხვა ფიგურას არ აქვს მნიშვნელობა?

- ჩემი აზრით, სხვა ადამიანები მნიშვნელოვანია და არ მინდა იმის თქმა, რომ მხოლოდ ამ პირებს აქვთ მნიშვნელობა. სინამდვილეში, ვფიქრობ, რომ საქართველოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, სხვა ადამიანები წინ წამოიწიონ და ამ სიტუაციაში არსებითი როლი დაიკავონ. ამის მიუხედავად, როგორც ჩანს, სწორედ ეს ორი ახშობს ბევრი სხვა მოთამაშის როლს. შეერთებულ შტატებშიც, დონალდ ტრამპი რესპუბლიკურ პარტიაში სხვების როლს ახშობს, ასე რომ, ეს მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი ფენომენი არაა და აქ, აშშ-შიც ხდება.

- როგორ წარმოგიდგენიათ იმ კრიზისის გადაჭრის გზები, რომ მიუხედავად ელჩების მიერ შუამავლობის მცდელობისა, ოპოზიცია და მმართველი პარტია შეთანხმებას ვერ ახერხებენ, ახალი პარლამენტის პირველი სხდომა კი სულ მალე - 11 დეკემბერს უნდა გაიმართოს?

- ვფიქრობ, ელჩები ცდილობენ და ჩემი აზრით, მათ უნდა აღიარონ, რომ არჩევნები პრობლემური იყო. ვიცი, რომ დიპლომატიური წარმომადგენლების მხრიდან იყო გარკვეული კომენტარები, რომ საქართველოს ბოლო 30 წლის განმავლობაში რთული არჩევნები ჰქონდა. არსებითად, ისინი ამბობენ: "მერე რა, კიდევ ერთი რომ იყოს?" ჩვენ არ უნდა მივიღოთ კიდევ ერთი ცუდი არჩევნები, თუ ეს ის შეფასებაა, რაც ხალხს აქვს. საბოლოო ჯამში, ეს კრიზისი ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ და არა საერთაშორისო საზოგადოების რომელიმე მოთამაშემ.

ამასთან, ვფიქრობ, სიტუაციისთვის ხელი არ შეუწყვია სახელმწიფო მდივნის, პომპეოს საქართველოში ვიზიტს 2 კვირის წინ, როდესაც ის არჩევნების ტურებს შორის ჩამოვიდა და მხოლოდ მთავრობას, პატრიარქსა და სამოქალაქო საზოგადოების რამდენიმე წარმომადგენელს შეხვდა, თუმცა ოპოზიციასთან შეხვედრაზე უარი თქვა. ჩემი აზრით, ეს საშინელი სიგნალი იყო. პომპეოს ვიზიტს ნამდვილ ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობად ვთვლი, სადაც მას შეეძლო, გაერთიანებასა და კომპრომისის მისაღწევ მუშაობაში ყველა მხარეს დახმარებოდა. შესაბამისად, გულწრფელად რომ ვთქვა, ჩემი აზრით, მისი ვიზიტი ძალიან უშედეგო აღმოჩნდა. თუმცა, ვფიქრობ, რომ აშშ-ს ელჩს შეუძლია საკმაოდ კონსტრუქციული როლი შეასრულოს, ისევე, როგორც ევროკავშირის ელჩებს.


- საქართველოში ზოგი დაიბნა იმასთან დაკავშირებით, თუ რა იყო ამ ვიზიტის მიზანი; ზოგიერთმა განმარტა, რომ ეს იყო რუსეთისთვის იმის ჩვენების მცდელობა, რომ აშშ კვლავ დაინტერესებულია რეგიონით, იმის გათვალისწინებით, რომ კრემლს ახლა ჯარები ჰყავს სამხრეთ კავკასიის უკვე სამივე ქვეყანაში...

- სიმართლე რომ ვთქვა, არც მე მესმის, ამ ვიზიტს რა მიზანი ჰქონდა. შეიძლება თითქმის ისეც ჩანდეს, რომ მას ევროპასა და შუა აღმოსავლეთში მოგზაურობებს შორის გრაფიკში შუალედი ჰქონდა და გადაწყვიტა, საქართველოში შემოევლო. ისევ და ისევ, პოლიტიკური კრიზისის დროს და არჩევნების ტურებს შორის, ვფიქრობ, ეს მისი მხრიდან ცუდი გადაწყვეტილება იყო. სხვა იქნებოდა, ყველა მთავარ მოთამაშეს რომ შეხვედროდა. ამასთან, არცერთი ღონისძიება არ ჩაუტარებია, არ გამოსულა და არ განუმარტავს, თუ რა ინტერესები აქვს აშშ-ს საქართველოში. იცით, თუ მისი მოგზაურობის სხვა ნაწილებს გადავხედავთ, მაგალითად, თურქეთში ის მხოლოდ სტამბოლში იყო, მარტო რელიგიურ ლიდერებს შეხვდა და არ გაუმართავს შეხვედრა მთავრობის არც ერთ წარმომადგენელთან - სთხოვა მთავრობის ლიდერებს, მასთან შესახვედრად რეალურად, ანკარადან წასულიყვნენ სტამბოლში. ასე ვთქვათ, პომპეო ჩემი ფავორიტი სახელმწიფო მდივანი არაა და თბილისში მის ვიზიტს ჩემი შეფასება მის მიმართ არ გაუზრდია, ვფიქრობ, ის ამას ცუდად გაუმკლავდა. იმედი მაქვს, რომ ბაიდენის ახალი ადმინისტრაცია საქართველოსთან ურთიერთობებს უფრო პროფესიონალურად და კონსტრუქციულად მიუდგება.

- მართალია, უკვე ახსენეთ, თუმცა რეალურად, რამდენად ზიანის მომტანი იქნება საქართველოს ერთპარტიული პარლამენტი დასავლეთის თვალში. თქვენი შეხედულებით, იქონიებს ეს გავლენას ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით, რაც საქართველოს გაცხადებული კურსია?

- ერთპარტიულ პარლამენტებს, როგორც წესი, დემოკრატიებად არ აღწერენ. ასე რომ, თუ საქართველო ერთპარტიულ პარლამენტს მიიღებს, ეს ცუდად აისახება საქართველოს დემოკრატიულ პროგრესზე, რაც, ჩემი აზრით, წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი იყო. ჩემი აზრით, საქართველომ ბევრი გააკეთა ნატო-სა და ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის წინ წასაწევად: გარკვეულწილად, მეტი წვლილი შეიტანა ნატო-ს ოპერაციებში, ვიდრე ნატო-ს ზოგიერთმა წევრმა ქვეყანამ; ევროკავშირთან ხელი მოაწერა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებასა და ვიზებილიბერალიზაციის შესახებ შეთანხმებას 6-7 წლის წინ და ამ მიმართულებებით კარგ პროგრესს განიცდის.

მაგრამ დასავლეთში, როგორც წესი, დემოკრატიებად არ ვაფასებთ იმ ქვეყნებს, რომელთაც მხოლოდ ერთპარტიული პარლამენტი აქვთ. რუსეთშიც კი, დუმაში ერთზე მეტი პარტიაა. რა თქმა უნდა, თავს ვერ მოვაჩვენებთ, რომ რუსეთის პარლამენტი და რუსეთი დემოკრატიაა, ცხადია, ეს ასე არ არის. თუმცა ვფიქრობ, რომ ეს პრობლემა იქნება, რაც უნდა იყოს იმის კიდევ ერთი მიზეზი, რომ "ქართული ოცნება" და მთავრობა კომპრომისზე წავიდეს, აუცილებელი დებატები შედგეს. სიმართლე რომ ვთქვა, ვფიქრობ, "ქართულმა ოცნებამ" ზოგი კომიტეტის თავმჯდომარეობა ოპოზიციას უნდა მიანიჭოს იმის საჩვენებლად, რომ ისინი ცდილობენ, ერთად იმუშავონ მთელი ქვეყნის საკეთილდღეოდ.

- არჩევნების შემდეგ, ერთ-ერთი საპროტესტო აქციის დროს, მთავრობამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინ ჯერ არც კი შეკრებილი ადამიანების წინააღმდეგ პრევენციულად გამოიყენა წყლის ჭავლი. თუ აკვირდებოდით ამ მოვლენებს, რამდენად აუცილებლად თუ გამართლებულად თვლით იმ მომენტში ამგვარი დაშლის მეთოდის გამოყენებას? ხომ არ ფიქრობთ, რომ 2019 წლის 20 ივნისის შემდეგ მსგავსი ქმედებები ხელისუფლების მიერ უკვე პრეცედენტის გამეორებას ემსგავსება?

- როგორც მე მესმის, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ხელისუფლებამ უნდა გააფრთხილოს ხალხი მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლის ან მსგავსი მეთოდების გამოყენებამდე. რამდენადაც ვიცი, ასეთი გაფრთხილებები არ ყოფილა და იმ სიტუაციაში მრავალი ადამიანი დაშავდა. არ ვფიქრობ, რომ ეს რეაგირების სწორი ფორმა იყო. ვიცი, რომ მთავრობა და "ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ ეს ხალხი შენობის დაკავებას აპირებდა, თუმცა დარწმუნებული არ ვარ, თუ არსებობს ამის რეალური მტკიცებულებები. ასეა თუ ისე, ეს ხაზს უსვამს საჭიროებას, რომ ოპოზიციამ პროტესტის, დემონსტრირების უფლება გამოიყენოს და ეს მშვიდობიანად გააკეთოს.

ამავდროულად, მთავრობისა და "ქართულ ოცნების" წარმომადგენლების მხარეზეა თავშეკავების პასუხისმგებლობა საპროტესტო აქციებთან და დემონსტრანტებთან ურთიერთობის დროს. გარკვეულწილად, მთავრობას ეკისრება დამატებითი ტვირთი და პასუხისმგებლობა მშვიდობიანი გარემოს უზრუნველსაყოფად, ისევე, როგორც პასუხისმგებლობა ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების უფლების აღიარების კუთხით, გამოხატონ პროტესტი. თუ ჟურნალისტები რამეს აშუქებენ და ამხელენ თაღლითობის თუ კორუფციის შემთხვევებს, მათ ამის გამო თავს არ უნდა დაესხან. თავისუფალი პრესა კრიტიკულია ნებისმიერი ქვეყნის დემოკრატიისთვის და მთავრობის წარმომადგენლებმა, "ქართულმა ოცნებამ" და ოპოზიციამ თავისუფალი პრესის როლი უნდა აღიარონ და დააფასონ.

- იქიდან გამომდინარე, რომ ყარაბაღის კონფლიქტის დასრულების შემდეგ სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსეთის ფედერაციას უკვე სამივე ქვეყანაში ჰყავს საკუთარი ძალები, რა პრობლემებსა თუ ამოცანებს ხედავთ საქართველოსთვის მომავალი რამდენიმე თვისა თუ წლის განმავლობაში?

- შემოდგომაზე განახლებული ბრძოლები აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კარგი განვითარება არ იყო როგორც ამ ქვეყნების, ისე რეგიონში მცხოვრები ხალხისთვის. ეს არ ყოფილა კარგი არც საქართველოსთვის. ეს დაემატა არასტაბილურობას სამხრეთ კავკასიაში, რისი შედეგიცაა თითქმის 2 000 რუსი სამშვიდობოს განთავსება მთიანი ყარაბაღის რეგიონში. ეს ხელს შეუწყობს ზეწოლას საქართველოზე, რეგიონში საქართველოს გავლით ტექნიკისა და შესაძლოა, პერსონალის ტრანსპორტირებისთვისაც, რაც ნიშნავს, რომ უფრო ძლიერი რუსული სამხედრო ყოფნა იქნება. ამავე დროს, საქართველოს ტერიტორიის 20% რუსული ძალების მიერაა ოკუპირებულია, საქართველომ რუსული ძალების გასვლა მოითხოვა, რასაც რა თქმა უნდა, რუსეთი არ აკეთებს.

ასე რომ, არ ვფიქრობ, რომ რეგიონში რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდა კარგი მოვლენაა. თუმცა, ვიღაცას რაღაც უნდა გაეკეთებინა, რათა საბრძოლო მოქმედებები დასრულებულიყო, ამიტომ ის ფაქტი, რომ რუსეთმა შეძლო მოლაპარაკებები ზავისთვის, კარგია, რადგან ეს ხალხის მკვლელობის დასრულებას ნიშნავს - სამხედრო ძალების გარდა, ორივე მხარეს მშვიდობიანი მოქალაქეები იხოცებოდნენ. შესაბამისად, ის, რაც მოხდა, მთლად ცუდი არ არის ის, მინიმუმ, ბრძოლები შეჩერდა. მომხდარმა ასევე, სომხეთში კრიზისი გამოიწვია, რადგან ზეწოლა ხორციელდება პრემიერ მინისტრ ფაშინიანზე, რათა თანამდებობიდან გადადგეს. აქედან გამომდინარე, ეს მთელ სამხრეთ კავკასიაში არსებულ არასტაბილურობას დაემატა.

- ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც საქართველოს მოსახლეობისა და პოლიტიკური თუ სხვა სპექტრების წარმომადგენელთა ნაწილს აწუხებს, არის შეხედულება, რომ საქართველოს ხელისუფლებაში ძლიერი რუსული გავლენებია. ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას და რის საფუძველზე? თქვენი აზრით, როგორ უნდა გაქარწყლდეს მსგავსი, უკვე გარკვეული დროის განმავლობაში ჩამოყალიბებული და შენარჩუნებული ეჭვები, საქართველოს გაცხადებული დასავლური კურსზე ვერბალური საუბრის გარდა?

- ეს რიგ განცხადებებსა და რეზოლუციებში აისახა, რომელიც აშშ-ს კონგრესის მიერ შემუშავდა - მზარდი შეშფოთება ამჟამინდელი მთავრობის ურთიერთობებზე მოსკოვთან, ივანიშვილის ურთიერთობებზე მოსკოვთან და იქ მის ბიზნესინტერესებზე. ამავე დროს, საქართველო, როგორც ქვეყანა და როგორც მოსახლეობა, მტკიცედ პროდასავლური რჩება. დიახ, იყო ერთი პრორუსული პარტია, რომელმაც 1%-იანი ბარიერი გადალახა, მაგრამ ამავე დროს, მთელი ქვეყანა მტკიცედ უჭერს მხარს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებას და ვფიქრობ, რომ რუსეთს კვლავ არსებულ საფრთხედ თვლიან. ასე რომ, ჩემი აზრით, მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს, რომ მისი მომავალი დასავლეთთანაა, ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის თანხლებით.

ამავე დროს, ამ ინსტიტუტებს პასუხისმგებლობა აქვთ, დაეხმარონ საქართველოს უფრო კონსტრუქციული, პოზიტიური, უფრო პროდასავლური მიმართულებით სვლაში. ვფიქრობ, რომ მთავრობას უნდა ესმოდეს, რომ ხალხი ყურადღებით აკვირდება იმას, რაც საქართველოში ხდება. აშშ-ს ყველა გამოწვევის მიუხედავად, არიან კონგრესის წევრები, რომლებიც ყურადღებით ადევნებენ თვალყურს საქართველოში არსებულ ვითარებას, არიან ასეთი ადამიანები ანალიტიკურ საზოგადოებაში და ვფიქრობ, ისინი აღიარებენ, რომ საქართველომ დასავლეთთან ურთიერთობა უნდა გააღრმავოს. საქართველო ყოველთვის რუსეთის მოსაზღვრე იქნება, ეს სიმართლეა, მაგრამ მოსკოვთან ურთიერთობების გაუმჯობესება საქართველოს სარგებელს არ მოუტანს.

- საინტერესოა, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში დასავლეთიდან, კერძოდ ევროპარლამენტიდან და აშშ-ის კონგრესიდან საკმაოდ კრიტიკული გზავნილები მოდიოდა საქართველოს მთავრობის მიმართულებით. იქ იყო საუბარი სასამართლო სისტემის პრობლემებზე, პოლიტიკურ პატიმრებზე, ისეთი პროექტების ჩაგდებაზე, როგორიაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი. რამდენიმე თვეა, ეს კრიტიკა შემცირებულია. ზოგი ექსპერტის მოსაზრებით, რიტორიკა 8 მარტის შეთანხმების შემდეგ შერბილდა, ზოგიერთი კი ამას "ქართული ოცნების" ლობის აქტიურ მუშაობას უკავშირებს. თქვენი აზრით, რატომ შემცირდა საქართველოსადმი კრიტიკა დასავლეთიდან, როდესაც რეალურად, ქვეყანაში ბევრი პოზიტიური ცვლილება არ მომხდარა?

- ნაწილობრივ, ეს საკუთარ არჩევნებზე ყურადღების გადატანითაა გამოწვეული, ჩვენი საკუთარი პოლიტიკური კრიზისის გამო. კონგრესის გარკვეული წევრების შესაძლებლობა, ფოკუსირება მოახდინონ იმაზე, რაც საქართველოში ხდება, შემცირდა, მაგრამ საქართველოში ხალხს ეს არ უნდა შეეშალოს იმაში, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების იგნორირება ხდება. აშშ-ს კონგრესში აქტიური საქართველოს ჯგუფია, კონგრესმენი კინზინგერიც ამის ნაწილია, ის ღიად საუბრობს იმის შესახებ, თუ რა ხდება საქართველოში. აქედან გამომდინარე, შეიძლება, გარკვეულწილად იყოს სიმართლე იმაში, რომ იმ ლობისტების გავლენა არსებობს, რომლებიც "ქართული ოცნებისთვის" მუშაობენ, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ეს ყურადღებისა თუ კრიტიკის დონის შემცირებაში უნდა ავურიოთ.

პომპეოს ვიზიტის მიმართ ჩემი კრიტიკის მიუხედავად, ის ფაქტი, რომ ის ჩამოვიდა - ის, რომ საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ეწვია, კარგი ნიშანია. 2017 წელს ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის ძალიან კარგი ვიზიტი შედგა. ვვარაუდობ, რომ 20 იანვრის შემდეგ, ბაიდენის ადმინისტრაციასთან ერთად, საქართველოსადმი განახლებულ ყურადღებას ვიხილავთ. სხვა, რაც მინდა აღვნიშნო, არის ის, რომ მთელი ევრაზიის რეგიონი არეულობაშია - ვითარება ბელორუსიაში არჩევნების შემდეგ, შევეხეთ სამხრეთ კავკასიაში სომხეთსა და აზერბაიჯანს, მოლდოვაში ახლახანს იყო საპრეზიდენტო არჩევნები, უკრაინა ყოველთვის იპყრობს ყურადღებას და ბოლოს, რა თქმა უნდა, არის თვით რუსეთი. რეგიონში ბევრი რამ ხდება და ვფიქრობ, ჩვენი პოლიტიკის დალაგების, 20 იანვრის შემდეგ, სავარაუდოდ, მეტ ყურადღებას ვიხილავთ იმის მიმართ, რაც საქართველოში ხდება.

- თქვენი აზრით, აშშ-ში ახალი, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მოსვლით გაუჩნდება თუ არა საქართველოს შანსი, კიდევ უფრო გაააქტიუროს ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან და დასავლეთში მეტად წამოწიოს წინ ერთი მხრივ, ნატო-ში სავარაუდო ინტეგრაციის, მეორე მხრივ კი ოკუპირებული ტერიტორიების საკითხები?

- ვფიქრობ, მეტი ყურადღება მიექცევა. ვაქებ ჯორჯ კენტის ძალისხმევას, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტში საქართველოზე მუშაობს, ისევე როგორც სომხეთზე, აზერბაიჯანზე, უკრაინაზე, მოლდოვასა ბელორუსზე. ჩემი აზრით, კარგად საქმიანობს საქართველოში აშშ-ის ახალი ელჩი, კელი დეგენანი - იან კელის წასვლის შემდეგ, ელჩი თითქმის 2 წლის განმავლობაში არ გვყოლია. იმედი მაქვს, რომ უფრო მეტ ყურადღებას დავინახავთ, მაგრამ ეს დამოკიდებული იქნება იმ პოზიციებზე, რაც სახელმწიფო დეპარტამენტსა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში შეივსება, ტონი ბლინკენის მეთაურობით, რომელიც სახელმწიფო მდივნობის კანდიდატია. ასე რომ, შეიძლება, ამაზე სიცხადე ცოტა ხნის განმავლობაში არ გვქონდეს, მაგრამ დიახ, ვფიქრობ, რომ მთლიან რეგიონზე მეტი ყურადღება გამახვილდება. უკვე აღვნიშნე პენსის ვიზიტი, ამასთანავე, მხედველობაში ვიქონიოთ, რომ ჯორჯ ბუშის საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ქვეყანაში აშშ-ის არც ერთი პრეზიდენტი არ ყოფილა. იმედია, ეს იქნება შესაძლებლობა, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა, როდესაც ის თანამდებობას დაიკავებს, განიხილოს მისი მოგზაურობა საქართველოში პრეზიდენტობის რომელიმე პერიოდისთვის, ისევე, როგორც რეგიონის სხვა ქვეყნებში, რათა აშშ-ის ძლიერი ინტერესი გამოხატოს.

- არიან ექსპერტები და დიპლომატები, რომლებიც ამბობენ, რომ საქართველო ნატო-ს წევრობისთვის უკვე მზად არის. ამას წინათ ვიხილეთ ნატო-ს გენერალური მდივნის მიერ დანიშნულ ექსპერტთა ჯგუფის მიერ მომზადებული ახალი მოხსენება: "ნატო 2030: ერთად ახალი ეპოქისთვის". დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ნატო უნდა შეეცადოს, გააფართოვოს და გააძლიეროს პარტნიორობა უკრაინასთან და საქართველოსთან, როგორც დაუცველ დემოკრატიულ ქვეყნებთან, რომლებიც ცდილობენ ალიანსში გაწევრიანებას და მუდმივად განიცდიან რუსეთის მხრიდან შიდა და საგარეო ზეწოლას. შეაფასებდით ამას, როგორც რეალურ წინ გადადგმულ ნაბიჯს, ნატო-საქართველოს განახლებულ არსებით პაკეტთან ერთად? თქვენი აზრით, მოდის ნელ-ნელა დრო, რომ საქართველო მართლაც ვიხილოთ ალიანსში?

- რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის შენარჩუნებას. შემდეგ წელს უკვე 13 წელი შესრულდება მას შემდეგ, რაც ნატო-მ 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე განაცხადა, რომ უკრაინა და საქართველო ალიანსის წევრები გახდებიან. ვფიქრობ, გასაგებია გარკვეული იმედგაცრუება საქართველოში იმის შესახებ, რაც ამ ნაბიჯისკენ პროგრესის ნაკლებობად აღიქმება. გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ნატო-ს კარი ღია რჩება, ჩემი აზრით, აშშ-ს შემთხვევაშიც ასეა და გამოწვევად ევროპის ზოგიერთი ქვეყნის დარწმუნება რჩება იმაში, რომ ასეთი ნაბიჯი ნატო-ს ინტერესებშია, ისევე, როგორც ევროპული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ინტერესებში. ვფიქრობ, იქნება ამის მხარდაჭერა. მაგრამ ეს შეხსენებაა, რომ საქართველომაც და უკრაინამაც განაგრძონ დემოკრატიულ გზაზე სვლა, გაატარონ ყველა საჭირო რეფორმა, არა მხოლოდ სამხედრო და უსაფრთხოების სექტორში, არამედ პოლიტიკურად და ეკონომიკურადაც. რა თქმა უნდა, საქართველოს, როგორც სხვა ბევრ ქვეყანას, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ საშინელ კრიზისთან გამკლავება უწევს; უამრავი გამოწვევა არსებობს, მაგრამ დემოკრატიულ გზაზე დარჩენა ერთ-ერთი საუკეთესო არგუმენტია, რისი გამოყენებაც საქართველოს შეუძლია ნატო-ში მომავალი წევრობისთვის და ვიმედოვნებ, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ამ შესაძლებლობას მხარს დაუჭერს.


IPN.GE






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up