2015 წელს რუსმა ჰაკერებმა ანგელა მერკელის ელექტრონული ფოსტა გატეხეს, რის შედეგადაც რუსული სამხედრო დაზვერვისთვის ათასობით ელექტრონული წერილი გახდა ხელმისაწვდომი. ინფორმაციას აამის შესახებ გერმანული გამოცემა Der Spiegel-ი ავრცელებს.
მისი ცნობით, 2015 წლის 8 მაისს ჰაკერმა Scaramouche მიიღო წვდომა მერკელის საპარლამენტო კაბინეტში მდებარე ოფიციალურ კომპიუტერებზე. ამ დღეს ბუნდესტაგში მეორე მსოფლიო ომის დასრულების 70-ე წლისთავს აღნიშნავდნენ, სტუმრებს შორის კი რუსეთიდან ჩასული დიპლომატებიც იყვნენ.
ჰაკერული შეტევის შედეგად კომპიუტერული ქსელი რამდენიმე დღის განმავლობაში იყო პარალიზებული. გამომძიებელთა განცხადებით, ჰაკერმა 16 გიგაბაიტის მოცულობის მონაცემები გადმოქაჩა, მათ შორის იყო მერკელის ათასობით წერილი.
გამოძიებას სისხლის სამართლის პოლიციის ფედერალური სამმართველოს, საინფორმაციო უსაფრთხოების საკითხთა ფედერალური სამმართველოსა და კერძო კომპანიების ექსპერტები აწარმოებდნენ. გამოძიების ფარგლებში 300-ზე მეტი სერვერი ამოიღეს, იურიდიული დახმარებისთვის კი გამომძიებლებმა 21 ქვეყანას მიმართეს.
ხელისუფლების ინფორმაციით, ჰაკერმა მოიპოვა წვდომა გერმანიის კანცლერის ორ ელექტრონულ ფოსტაზე, რომლებზეც 2012-2015 წლების წერილები ინახებოდა. გამოძიების ვერსიით, ჰაკერული შეტევის უკან რუსული სამხედრო დაზვერვა დგას.
5 მაისს გერმანიის ფედერალურმა პროკურორმა 29 წლის რუსი ჰაკერის, დიმიტრი ბადენის დაპატიმრებაზე ორდერი გასცა და მასზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.
Imedinews