როგორ ამტკიცებს პარლამენტი კანონებს ?
ვიდრე ამ კითხვას ვუპასუხებთ, მანამდე გაგახსენებთ პარლამენტში განხილულ საბაჟო კოდექსში შესატან ცვლილებებს. 200-გვერდიანი დოკუმენტი საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე დღის წინ შევიდა. მთავრობის თხოვნით, დოკუმენტი დეპუტატებს რაც შეიძლება მალე უნდა განეხილათ. კანონპროექტი, რომლის ამოქმედებაც პრემიერმა 2019 წლის იანვრიდან დაანონსა, კანონმდებლებმა ისე დაამტკიცეს კომიტეტის სხდომებზე, რომ თითქმის არცერთ მათგანს წარმოდგენა არ აქვს რა წერია ამ მნიშვნელოვან დოკუმენტში.
ამ საკითზე განცხადება თავად დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამაც გააკეთა.
მისი თქმით, სწორედ პოლიტიკური გადაწყვეტილების გამო კომიტეტმა აღნიშნული პროექტი პირველი მოსმენით განიხილა და მხარიც დაუჭირა, მაგრამ სხვა შემთხვევაში ასე არ იქნებოდა.
„ძირითადი გადაწყვეტილება იყო გარკვეულწილად პოლიტიკური, რადგან მთავრობის მხრიდან ეს იყო თხოვნა. ცხადია, ამას არავინ უარყოფს. დეპუტატების დიდმა ნაწილმა ამ მოცულობის დოკუმენტის ბოლომდე განხილვა ვერ მოასწრო“,- აღნიშნა კაკულიამ.
დარგის სპეციალისტების შეფასებით, საბაჟო კოდექსი გამონაკლისი სულაც არ არის. ხშირად პარლამენტი კანონს იღებს ისე, რომ შესაბამისი დოკუმენტი ბოლომდე წაკითხული და გააზრებულიც არ აქვს. მეტიც, დეპუტატების უმეტესობა ერთი კონკრეტული ძალის მითითების მიხედვით მოქმედებს. შესაბამისად, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას თავად კანონპროექტის ხარისხიც და ადეკვატურობაც.
„სამწუხაროდ, საპარლამენტო მუშაობის ხარისხი მკვეთრად დეგრადირებულია და ეს ჩანს კიდეც დეპუტატების კვალიფიკაციაში. უმრავლესობას არ გააჩნია კანონპროექტის წაკითხვის კულტურაც და მე ვიცი რამდენიმე მათგანი, რომელსაც პირდაპირ წაკითხვისა და გააზრების პრობლემა აქვს- არ ვაჭარბებ. ასევე, როდესაც საუბარია იმაზე, რომ პარლამენტი იქცა ნოტარიულ ბიუროდ ამაში არის ლოგიკა, რადგან პარლამენტარებს კანონით არ მოეთხოვებათ ყველა კანონპროექტი წაიკითხონ და ამ ლოგიკით მოქმედებენ კიდეც. ამიტომად, ე.წ. ზარის უფლება უზრუნველყოფს კენჭისყრის შედეგებსაც. ვგულისმხობ, რომ ერთი კონკრეტული ძალის ცენტრიდან წამოსული დირექტივით მოქმედებს უმრავლესობა და მეტი არაფერი, — განმარტავს ექსპერტი გია ხუხაშვილი.
რაც შეეხება უშუალოდ კანონპროექტებს, ექსპერტის თქმით, მისი გენერაცია უკვე დიდი ხანია პარლამენტში აღარ ხდება.
„რომ გადახედოთ დეპუტატებს,
უმეტესობა სწორედ ასეთია; არაფერს კითხულობს. შესაბამისად, ზედმეტია საუბარი, რამდენად ადეკვატურად მიიღება
კანონი პარლამენტში... ზოგადად არცერთი ქართული პარლამენტი არ ყოფილა მოწოდების სიმაღლეზე, მაგრამ დღევანდელი განსაკუთრებით შემაშფოთებელია“,-აღნიშნავს ხუხაშვილი.
ხუხაშვილის მოსაზრებას იზიარებს ეკონომიკის ექსპერტი პაატა შეშელიძეც. დამატებით იმ პროცესებსა და ვადებზე საუბრობს, რის ფარგლებშიც ხდება კანონპროექტის განხილვა. მისი თქმით, წესით ნებისმიერი დოკუმენტის წაკითხვა და გააზრება ერთი თვე გრძელდება, რადგან ყველა დეპუტატმა უნდა განიხილოს და მოისმინოს. არსებობს განსაკუთრებული შემთხვევებიც, მაგრამ ეს დეპუტატების პასუხისგმებლობასთან კავშირში მაინც არაა.
„არსებობს განსაკუთრებული შემთხვევები, როდესაც ბიურომ დაჩქარებულად უნდა დაადასტუროს კანონპროექტი. ამიტომ გასცემს შესაბამის რეკომენდაციასაც, მაგრამ ეს გამონაკლისი შემთხვევებია. თანაც არ არის კავშირში პარლამენტარების კეთილსინდისიერებასთან. მათ თავად უნდა გამოხატონ ინიციატივა კანონპროექტის წაკითხვის, რაც ძალიან ხშირად არ ხდება. მეტიც, უმრავლესობა საკითხის სიღრმეში ვერ ერკვევა და ამიტომ გვაქვს შესაბამისი კანონებიც“,- განმარტავს პაატა შეშელიძე.
სალომე ლემონჯავა