ბრიტანეთში კორონავირუსის დელტა-შტამი სწრაფად ვრცელდება, რაც ეკონომიკურ ზრდას აფერხებს.
19 ივლისს ბრიტანელები შეზღუდვების მოხსნას და ნორმალური ცხოვრების დაბრუნებას ზეიმობდნენ, თუმცა, ამის შემდეგ სულ რამდენიმე დღე გავიდა, და უკვე გაერთიანებული სამეფოს 1,7 მლნ მოქალაქე თვითიზოლაციაზე გადავიდა - ეს იმის შემდეგ მოხდა, რაც ბრიტანეთის ჯანდაცვის სამსახურმა მათ დელტა-ვირუსით დაავადებულ ადამიანებთან კონტაქტი დაუდგინა.
დელტა კი ძალიან აქტიურობს - ჩრდილოეთ ინგლისში კვირის მანძილზე ახალი შტამით დაავადებულთა რაოდენობამ 330 000-ს მიაღწია. შესაბამისად, კონტაქტის მქონე პირების რიცხვიც იზრდება და მასთან ერთად თვითიზოლაციაზე გადასული მოქალაქეების რაოდენობაც.
თანაც, ეს 2-ჯერ ვაქცინირებულ ადამიანებსაც ეხება და იმათაც, ვისი პსრ-ტესტიც უარყოფითი იყო.
„ეს რა ხდება? სრული ქაოსია. ჩვენ კომპანიებში ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი წყვეტს მუშაობას და თვითიზოლაციაში გადადის. მათი რაოდენობა იზრდება და იზრდება და თუ ასე გაგრძელდა, ჩვენ მუშაობას ვერ გავაგრძელებთ - მუშახელი არ გვეყოლება საკმარისი“, - განაცხადა ბრიტანეთის დისტრიბიუტორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ჯეიმს ბილბიმ.
ეს შორეული მომავლის პერსპექტივა არაა - უკვე დღეს ბრიტანეთის რამდენიმე რეგიონში სუპერმარკეტებში საქონლის დეფიციტი შეინიშნება - დახლებზე მანჩესტერში და ბრისტოლში ძნელი საშოვნია არა იშვიათი და ძვირადღირებული დელიკატესები, არამედ ხორცი, ყველი, ნაყინი, წყალიც კი.
ბრიტანული პრესა მთავრობას მკაცრად აკრიტიკებს - „ლოქდაუნის შემდეგ - დახურვა“ და „სუპერმარკეტები ტირიან“ - ეს მხოლოდ ნაწილია გაბრაზებული სათაურების, რომლებითაც სამეფოს ბეჭდური პრესა ამ დღეებში აჭრელდა.
„ახალი სისტემაა შემოსაღები. წესით უნდა გადავიდეთ ყოველდღიურ ტესტირებაზე, რომელიც 10-დღიანი თვითიზოლაციის თავიდან არიდების საშუალებას მოგვცემს“, - თვლის გაყინული პროდუქტების დისტრიბუციის ქსელის Iceland-ის დირექტორი რიჩარდ უოკერი.
მისი თქმით, ეს ეკონომიკისთვის და რიგითი ადამიანებისთვის დიდი შველა იქნებოდა, თუმცა ამ იდეას არ უჭერს მხარს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, რომელიც თავადაც თვითიზოლაციაშია.
ქვეყნის ეკონომიკა ამუხრუჭებს. ბევრი ქარხანა იძულებულია წარმოება შეამციროს, საავადმყოფოებში ოპერაციები გადაიდება, ზოგიერთ ქალაქში ნაგვის დატანაც კი შეწყვეტილია.
დელტა შტამის მატარებლებთან დაკავშირებული კრიზისი ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებსაც შეეხო - პრემიერ-მინისტრის გარდა თვითიზოლაციაზე ჯანდაცვის და ფინანსთა მინისტრები და ოპოზიციის ლიდერი არიან გადასულები.
მეწარმეობის, ენერგეტიკის და მრეწველობის მინისტრმა კვასი კვარტენეგამ განაცხადა, რომ შექმნილი ვითარება მთავრობას ძალიან აწუხებს და უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება პროფესიათა ჩამონათვალი, რომლებიც სავალდებულო კარანტინისგან განთავისუფლდებიან, დანარჩენებისთვის დაავადებულთან კონტაქტის შემდეგ ჩაკეტვა როგორც მინიმუმ 16 აგვისტომდე აუცილებელი იქნება.
liberation.fr