თბილისში, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩაზე მრავალფუნქციური დანიშნულების კომპლექსის მშენებლობა იგეგმება. თბილისის არქიტექტურის სამსახურის კულტურული მემკვიდრეობის საბჭომ არქიტექტურული პროექტის ესკიზი მოიწონა და დადებითი რეკომენდაცია გასცა.
არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე განთავსებული განაცხადის მიხედვით, საპროექტო ტერიტორია 65 000 კვ.მ-ს მოიცავს და რამდენიმე ნაკვეთისგან შედგება. საპროექტო ტერიტორიის მფლობელები არიან: შპს „ცენტრ პლაზა“, სააქციო საზოგადოება „თელასი“ და „სილქნეტი“.
პროექტი გერმანულმა არქიტექტურულმა კომპანია „გრაფტმა“ შეიმუშავა- თბილისის მერიის კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს რეკომენდაციების შესაბამისად“.
მრავალფუნქციური კომპლექსი შედგება სასტუმრო, საოფისე და საცხოვრებელი ნაწილებისგან. მთავარი შენობის სიმაღლე არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით 65 მეტრამდეა.
„ჯამში მოცულობითი გადაწყვეტა ეფუძნება არსებული ტერიტორიის მომიჯნავედ მყოფი ისტორიული განაშენიანების, რელიეფის თავისებურებებისა და არსებული გამწვანების გათვალისწინებით მოცემულ პრინციპებს და, ამავდროულად, სრულად პასუხობს თანამედროვე ესთეტიკისა და ფუნქციური სპეციფიკის მოთხოვნებს“, – წერია პროექტის განმარტებით ბარათში.
პროექტის მთავარი არქიტექტორი/სპეციალისტია გიორგი ჭყონია. პროექტზე მუშაობს ორგანიზაცია „მიდამო“.
ესკიზის წინასწარი შეთანხმებისას საბჭო განიხილავს ფოტომონტაჟის მიხედვით, კონცეფციის დონეზე, განსახორციელებელი მშენებლობის მხოლოდ ქალაქგეგმარებით შესაბამისობას არსებულ განაშენიანებასთან. პროექტის ავტორებმა, ასევე, მერიასთან უნდა შეათანხმონ განაშენიანების რეგულირების გეგმა, არქიტექტურული პროექტი და შემდეგ მიიღონ ნებართვა მშენებლობაზე.