მომდევნო 4 წლის განმავლობაში, დედაქალაქში 15 პარკის პროგრამა განხორციელდება, აღდგება 300 ჰექტარი დეგრადირებული ტყე. ღონისძიებებზე, რომელიც თბილისში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურება, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს საკრებულოში ისაუბრა. ინფორმაციას დედაქალაქის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
„მომდევნო 4 წლის განმავლობაში, ჩვენ ვაპირებთ მინიმუმ, 15 პარკის პროგრამის განხორციელებას და მინიმუმ, 300 ჰექტარი დეგრადირებული ტყის აღდგენას. იცით, რომ სერიოზული პრობლემაა ამ მიმართულებით - ფიჭვები, რომლებიც წლების წინ იყო დარგული დედაქალაქში, უკვე პრობლემას წარმოადგენს, ამიტომ სანიტარული ჭრების პარალელურად, რომელიც ჩვენ დავიწყეთ, ირგვება ახალი ხე-მცენარეები. ეს პროცესი მომავალ წლებშიც გაგრძელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.