აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ შეუერთდება მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოთქმულ ინიციატივას - „1 ტრილიონ ხეს“.
ტრამპმა ამის თაობაზე 21 იანვარს გამოაცხადა შვეიცარიის საკურორტო ქალაქ დავოსში, სადაც დღეს გაიხსნა ეკონომიკური ფორუმი. წელს ფორუმის მუშაობაში მონაწილეობენ ეკოლოგიური აქტივისტები, მათ შორის შვედი ეკოაქტივისტი გრეტა თუნბურგი, რომლებიც ზეწოლას ახორციელებენ ბიზნესსა და მთავრობებზე.
დავოსზე წარმოდგენილი ინციატივით, იგეგმება 1 ტრილიონი ხის დარგვა მიმდინარე ათწლეულის განმავლობაში, რაშიც ფინანსურ მონაწილეობას მიიღებენ კომპანიები, მთავრობები და ფილანთროპები.
ინიციატივის მიზანია, ბიძგი მისცეს მსოფლიოში ტყეების განახლების პროცესს ნახშირორჟანგის ჭარბი ემისიის შესაკავებლად, რაც ხშირად ნამარხი ენერგომატარებლების დაწვის ბრალია და რაც, მრავალი მეცნიერის აზრით, გლობალური დათბობის მიზეზია.
„მე დიდად მწამს ეკოლოგიის. მე მინდა, რომ წყალი და ჰაერი იყოს უსუფთავესი“, დასძინა ტრამპმა.
ამავე დროს, მან ეკოაქტივისტებს „გუშინდელ სულელ მკითხავთა მემკვიდრეები“ უწოდა.
წყარო: რადიო თავისუფლება