2020 წლის 25 აგვისტოს გაიმართა სატელეფონო საუბარი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანსა და სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ზოჰრაბ მნაცაკანიანს შორის.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგას პირადად მიუსამძიმრა შატილის გზაზე დატრიალებული ტრაგედიის გამო.
მინისტრებმა გაცვალეს ინფორმაციები კორონა ვირუსთან დაკავშირებით საქართველოსა და სომხეთში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების თაობაზე. საუბრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ორი ქვეყნის დღის წესრიგში არსებულ საკითხებს და რეგიონში არსებულ მდგომარეობას.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ რეგიონის პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარებისთვის მშვიდობას და სტაბილურობას ალტერნატივა არ აქვს. დავით ზალკალიანის თქმით, საქართველო ყოველთვის მიესალმება, დეესკალაციის მიზნით, მხარეების მიერ მშვიდობის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს.