საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი თანამდებობას ტოვებს. შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
მისივე განმარტებით, ზალკალიანი აშშ-ში საქართველოს ელჩად ინიშნება.
ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ილია დარჩიაშვილი წარადგინა, რომელიც ამ დრომდე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას იკავებდა.
„მინდა, პირველ რიგში ბატონ დავითს დიდი მადლობა გადავუხადო გაწეული საქმიანობისთვის, მას აქვს უზარმაზარი გამოცდილება. 30 წელია ემსახურება ჩვენს ქვეყანას, მის მშობლიურ უწყებას, საგარეო საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა თანამდებობაზე და მას პრაქტიკულად ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში აქვს მონაწილეობა მიღებული ამ 30 წლის განმავლობაში. ჩვენი მთავრობის დროს, მოგეხსენებათ ბატონი დავითი ჯერ იყო მინისტრის მოადგილის, შემდეგ კი მინისტრის რანგში, მონაწილეობდა - იქნებოდა ეს ევროკავშირთან ინტეგრაცია, ნატოში ინტეგრაცია, თუ სხვა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საქმე. ჩვენი გუნდის და მთავრობის სახელით, პირადად ჩემი სახელით მინდა, მადლობა გადავხადო კიდევ ერთხელ და ვუსურვო წარმატება მის შემდგომ საქმიანობაში. ამერიკის შეერთებული შტატები არის ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი და ბუნებრივია, როცა ჩვენ, ჩვენი მთავრობა ასეთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ნიშნავს ასეთი მდიდარი დიპლომატიური გამოცდილების მქონე კადრს, ამით ყველაფერია ნათქვამი. ჩვენი ამოცანა, ჩვენი სურვილი არის კიდევ უფრო სხვა ნიშნულზე გადავიყვანოთ ამ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და მჯერა, რომ დათო ამას წარმატებით შეძლებს, - აღნიშნა პრემიერმა.
ილია დარჩიაშვილმა პრემიერ-მინისტრს, გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
„ბატონო პრემიერ-მინისტრო, პირველ რიგში, მსურს მადლობა გადაგიხადოთ გამოცხადებული ნდობისთვის, თქვენს გუნდში, თქვენთან ერთად, ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობაზე ზრუნვა ჩემთვის დიდი პატივია და ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, თითოეული ქართველი დიპლომატი ჩვეული შემართებით გააგრძელებს ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესების დაცვას საზღვარგარეთ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ბატონ დავითს გადავუხადო მადლობა და ვუსურვო მას წარმატებები მის მომავალ პროფესიულ ცხოვრებაში", - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.