„საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის“ სრულფასოვნად ამოქმედების 6 თვით გადადება ენგურჰესის რეაბილიტაციის პროცესმა, ტესტირებების გაგრძელების საჭიროებამ, და სხვადასხვა მოდულების სინქრონიზაციაში არსებულმა ხარვეზებმა განაპირობა“, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, დავით თვალაბეიშვილმა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში გამართული მოსმენისას განაცხადა.
სპეციალური მოსმენა სექტორში ბაზრის რეფორმის თაობაზე მიმდინარეობს.
თვალაბეიშვილმა აღნიშნა, რომ ბირჟის სრულფასოვანი ამოქმედების გადადება ენგურჰესის რემონტის გამო აპრილის ტესტებში მისი ვერჩართულობამ განაპირობა.
„ენგურის რეაბილიტაციის გამო ის ვერ მონაწილეობდა ტესტირებაში. შესაბამისად, ტესტირების სრული, სანდო შედეგები, რომელსაც დავეყრდნობოდით, ვერ გვექნებოდა“, – აღნიშნა თვალაბეიშვილმა.
მისი თქმით, ტესტირების შედეგად ასევე გამოიკვეთა გარკვეული ხარვეზები სხვადასხვა მოდულების ურთიერთქმედების და სინქრონულად მუშაობის კუთხითაც.
ამასთან, როგორც თვალაბეიშვილმა აღნიშნა, ასევე გამოიკვეთა ხარვეზები სხვადასხვა კომპანიების ჭრილში, რამდენადაც გამოიკვეთა, რომ მათ კიდევ დასჭირდათ გადამზადება და ტრენინგები.
„ყოველივე ამის გათვალისწინებით, ჩვენ ჩავთვალეთ, რომ არ ღირდა არაგონივრული რისკის გაწევა. საჭიროა ტესტირებების გაგრძელება. რამდენიმე თვე დაგვჭირდება კიდევ ტესტირებები და ამის შემდეგ იქნება გადაწყვეტილებები მიღებული“, – განაცხადა თვალაბეიშვილმა.