საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრის დავით სერგეენკოს განცხადებით, არჩილ თალაკვაძის თანამდებობიდან წასვლა მისი გადაწყვეტილების გამო მოხდა და არა იმის გამო, რომ „ვინმე მისი მუშაობით უკმაყოფილო იყო“.
რაც შეეხება სპიკერის პოსტზე კახა კუჭავას კანდიდატურას, როგორც სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, “კუჭავა კარგი სპიკერი იქნება, რადგან ის არის ახალგაზრდა კაცი, რომელსაც აქვს კარგი განათლება და გამოცდილება”.
“ამ ცვლილებების მთავარი ინიციატორი, მიზეზების დომინანტი იყო თავად არჩილ თალაკვაძე, რომელმაც გადაწყვიტა, რომ პარალმენტის მუშაობისთვის ასეთი ცვლილება უმჯობესი იქნებოდა. მისი გადაწყვეტილება იყო წამყვანი და არა ის, რომ ვინმე უკმაყოფილო იყო მისი მუშაობით”, - განაცხადა სერგეენკომ.
ცნობისთვის, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი ორი დღის წინ დატოვა. ის ვიცე-სპიკერი იქნება. ხოლო სპიკერის პოზიციაზე მმართველმა გუნდმა კახა კუჭავას კანდიდატურა წარადგინა.
IPN.GE