არ ვფიქრობ, რომ ეს ჩიხური მდგომარეობაა, ჩემი აზრით რესურსი მოლაპარაკებებისთვის არის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სერგეენკომ მედიასთან მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდთან დაკავშირებით განაცხადა.
„მდგომარეობა მარტივი ნამდვილად არაა, თუმცა, არ ვფიქრობ, რომ ეს ჩიხური მდგომარეობაა, ჩემი აზრით რესურსი მოლაპარაკებებისთვის არის. ამ შეთავაზების წინასწარ გაჟღერება არ მგონია სწორი იყოს, მეხუთე რაუნდზე გამოჩნდება შეთავაზებები. ისევე, როგორც მოლაპარაკებების, ისე ამ რაუნდების ფილოსოფიაც ეგ არის, რომ ისეთი შეთავაზებები შეჯერდეს, რომელზეც კომპრომისი შესაძლებელი იქნება. მე არ ვიცი კონკრეტულად რაზე იქნება მეხუთე რაუნდზე ლაპარაკი, თუმცა, მჯერა, რომ მოლაპარაკებისთვის ადგილი ისევ რჩება“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.
ოპოზიცია და მმართველი გუნდი მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდის მოლოდინში არიან. მხარეები იმედოვნებენ, რომ პოზიციების დაახლოებას შეძლებენ. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების ოპონენტებს ახალი არჩევნები სურთ, „ქართულ ოცნებას“ კი - შეთანხმება არჩევნების გარეშე.
imedinews.ge