სემეკში ახალი ენერგეტიკული ბაზრის შესახებ იმსჯელეს. კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ელექტროენერგიის ახალი ბაზრის პირობებში, მომხმარებელთა შესაძლებლობებზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა თავისუფალი და კონკურენტული ბაზრის აუცილებლობაზე.
„ახალ ენერგეტიკულ ბაზარზე მომხმარებლის როლი და ინტერესი კიდევ უფრო მეტად არის გამოკვეთილი. ჩვენი მიზანია, რომ ჩამოყალიბდეს ისეთი ბაზრის სტრუქტურა, სადაც ბაზრის მონაწილეები ისარგებლებენ თანასწორი, არადისკრიმინაციული პირობებით. მნიშვნელოვანია, ბაზარზე გამჭვირვალედ ჩამოყალიბდეს კონკურენტული ფასი, რაც მომხმარებელს მისცემს არჩევანის გაკეთების საშუალებას“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
სემეკის ორგანიზებით, ელექტროენერგიის ახალი საბითუმო და საცალო ბაზრების პირობებში, მომხმარებლების შესაძლებლობის შესახებ ონლაინ შეხვედრას ესწრებოდნენ ენერგეტიკის სექტორში მოქმედი კომპანიების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და ექსპერტები. მონაწილეებს პრეზენტაციები წარუდგინეს სემეკის ბაზრების მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორმა, ნიკოლოზ სუმბაძემ და იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენელმა, თამარ ბაზღაძემ.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს ენერგეტიკული ბირჟისა და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის წარმომადგენლები.
imedinews.ge