ეროვნულმა ბანკმა სახელმწიფოს საგარეო ვალის გადახდის განახლებული გრაფიკი გამოაქვეყნა. 2021 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, სამთავრობო სექტორის დაუყონებლივ გადასახდელი თანხა 34.3 მლნ დოლარს შეადგენდა, ეროვნული ბანკის 794 ათასი დოლარი, ხოლო სახელმწიფო და სახელმწიფოს გარანტიით აღებული ვალის მომსახურება 35 მლნ დოლარს აღემატება. აღსანიშნავია, რომ დაუყოვნებლივ გადასახდელი თანხა წარმოადგენს თურქმენეთის ვალს, თუმცა მიმდინარეობს მოლაპარაკება ამ ვალის პროდუქციის მიწოდებით დაფარვის შესახებ.
სამთავრობო სექტორს ერთ წელიწადში ან ნაკლებ დროში სულ გადასახდელი აქვს ძირის და პროცენტის სახით 404 მლნ დოლარზე მეტი, ეროვნულ ბანკს 18 მლნ დოლარზე მეტი, სახელმწიფო კომპანიებს კი 613 მლნ დოლარამდე. სახელმწიფო და სახელმწიფოს გარანტიით აღებული ვალის მომსახურება კი ქვეყანას წელს მილიარდ დოლარზე მეტი უჯდება.
მნიშვნელოვნად იზრდება გადასახდელი ვალის მოცულობა მომდევნო წლებში, 2025-2026 წლებში სამთავრობო სექტორს გადასახდელი ექნება მილიარდ დოლარზე მეტი, ხოლო 5-დან 10 წელიწადში 2.2 მლრდ დოლარზე მეტი. ამ პერიოდში მნიშვნელოვნად იზრდება ეროვნული ბანკის, სახელმწიფო კომპანიების და სახელმწიფო და სახელმწიფოს გარანტიით აღებული ვალის მომსახურების ოდენობაც.