დაპაუზებულ მდგომარეობაში დიდხანს ყოფნა არ მოგვიწევს - როგორ შეაკავებს მთავრობა გაჭირვების პანდემიას?

დაპაუზებულ მდგომარეობაში დიდხანს ყოფნა არ მოგვიწევს - როგორ შეაკავებს მთავრობა გაჭირვების პანდემიას?

access_time2020-04-27 18:30:24

მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა პოლიტიკური ოპონენტებისგან მწვავე კრიტიკის საგანი გახდა. ოპოზიცია ამბობს, რომ ხელისუფლებამ უმუშევრად დარჩენილი ადამიანები, ფაქტობრივად, შიმშილისთვის გაიმეტა, ხოლო ბიზნესის დასახმარებლად გაწერილი ღონისძიებებით რეალურად ეკონომიკას ვერ აამუშავებ. მთავრობა ოპოზიციის შენიშვნებს პოპულიზმს უწოდებს და ამბობს, რომ გეგმა ღრმა მეცნიერულ ანალიზსა და ვითარების შეფასებაზეა დაფუძნებული. შესაძლებელია თუ არა ამ გეგმით კრიზისის გადატანა? - ამ კითხვით მივმართეთ GIPA-ს პროფესორს, ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელსა და რონდელის ფონდისუფროს მკვლევარს მერაბ კაკულიას.


- მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა, რომელიც გულისხმობს როგორც სოციალურ დახმარებას, ისე ბიზნესის ხელშეწყობასა და ეკონომიკის ამუშავებას. როგორც გაირკვა, ყველა დაქირავებით დასაქმებული, რომელმაც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდგომ დაკარგა სამსახური, სახელმწიფოსგან სოციალური დახმარების სახით 6 თვის განმავლობაში თვეში 200 ლარს მიიღებს. ეს დაახლოებით იმდენივეა, რამდენიც ერთი შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი. როგორ ფიქრობთ, შეძლებენ ადამიანები ამ თანხით თავის გატანას თვიდან თვემდე?


- ცხადია, სასურველია უმუშევართა დახმარების თანხა გაცილებით მეტი იყოს, მით უმეტეს, რომ მისი შემოთავაზებული ოდენობა 5-ჯერ და მეტად ნაკლებია კრიზისამდე დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო­თვიურ ნომინალურ ხელფასზე.ბიუჯეტის რესურსები, დიდი მოცულობის საერთაშორისო დახმარებ­ის პირობებშიც კი, ძალიან შეზღუდულია.


აღნიშნული თანხის სიდიდე შინამეურნეობათა მინიმალური სამომხმარებლო ხარჯების კონტექსტში უნდა განვიხილოთ. შინამეურნეობის სიდიდე საქართველოში საშუალოსტატისტიკურად 3,7 სულია, ანუ პრაქტიკულად 4, რომელთაგანაც მინიმუმ 2 შრომისუნარიანი ასაკისაა. თუ ოჯახის შემოსავლის წყარო მხოლოდ 1 შრომისუნარიანი ასაკის წევრის ხელფასია, მაშინ აღნიშნული დახმარება, ცხადია, საკმარისი არ იქნება შინამეურნეობის მინიმალური საარსებო ხარჯების გასაწევად. თუ ოჯახის ორმა წევრმა დაკარგა სამუშაო ადგილი, დახმარების საერთო მოცულობა (კომუნალური სერვისების ანაზღაურების გათვალისწინებით) უკვე 500 ლარს გადააჭარბებს, რაც სურსათის ფასებზე კონტროლის პირობებში შინამეურნეობათა ფიზიკური არსებობისთვის, ხაზს ვუსვამ, ფიზიკური არსებობისთვის, შესაძლოა საკმარისი იყოს.


- ხელისუფლებამ დაითვალა, რომ ამ დახმარებით 350 ათასი უმუშევარი ისარგებლებს, რისთვისაც 460 მილიონი ლარი დაიხარჯება. უმუშევრობის ზრდის შესახებ უფრო პესიმისტური პროგნოზებიც მოგვისმენია. თქვენი პროგნოზი როგორია?


- აღნიშნული თანხა იმ უმუშევრების დახმარებას მოხმარდება, რომლებიც კრიზისამდე დაქირავებით იყვნენ დასაქმებული. ამ კატეგორიის მუშაკთა რაოდენობა 849,3 ათას კაცს შეადგენდა. თუ ამ რაოდენობას საბიუჯეტო სექტორსა და კერძო სექტორში შენარჩუნებულ სამუშაო ადგილებს გამოვაკლებთ, შეიძლება ითქვას, რომ მთავრობის გათვლა მეტ-ნაკლებად რეალურია, ანუ 350 ათასმა კაცმა შეიძლება მართლაც დაკარგოს სამუშაო, თუმცა გამორიცხული არ არის მათი რიცხვი ნაკლებიც იყოს.რაც შეეხება უმუშევრობის დონეს, თუ უკვე არსებულ უმუშევრებს კიდევ 350 ათასი კაცი დაემატა, ის დღევანდელი 11,6%-ის ნაცვლად 27%-ზე მეტი იქნება.


- თვითდასაქმებულების, ანუ არარეგისტრირებული დასაქმებულების საკითხი ხელისუფლებამ ამგვარად გადაწყვიტა, რომ სოციალური სამსახურების მიერ მათი იდენტიფიცირების შემდეგ, ხელისუფლება ერთჯერადად 300 ლარით დაეხმარება მათ, ვინც თავს თვითდასაქმებულად თვლიდნენ და დაკარგეს სამსახური. რამდენად ეფექტური იქნება ასეთი ადამიანების გამოვლენის მექანიზმი და შეძლებს თუ არა ხელისუფლება, რეალურად ამ საჭიროების მქონე ყველა უმუშევრად დარჩენილი თვითდასაქმებული მოიცვას დახმარებებით?


- თვითდასაქმებული საქართველოში დაახლოებით იმდენივეა, რამდენიც დაქირავებით დასაქმებული. მათი დიდი უმრავლესობა სოფლად, საკუთარ მეურნეობაში მუშაობს. ამ კატეგორიის მოქალაქეთა აღრიცხვა ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით დიდ სიძნელეს არ უნდა წარმოადგენდეს. ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარება სოციალურად, გნებავთ, ეკონომიკურად მნიშვნელოვან შედეგს ვერ მოიტანს. გაცილებით რთულია ქალაქად სამუშაოდაკარგული თვითდასაქმებულების გამოვლენა, რაც, ალბათ, ორ ეტაპად მოხდება: პირველი - უმუშევართა რეგისტრაცია, ხოლო მეორე - მათი, როგორც კრიზისამდე თვითდასაქმებულთა იდენტიფიკაცია. რეგისტრაცია ამჯერად პრობლემა არ იქნება, იდენტიფიკაცია კი, ალბათ, გაჭირდება, თუმცა შეუძლებელი არც ეს არის.



- სხვადასხვა სოციალურ ჯგუფს, რომლებიც ახლაც იღებენ დახმარებას, ხელისუფლება დამატებით კიდევ 600 ლარით დაეხმარება. დაანონსდა 2021 წლიდან პენსიონერებისთვის პენსიის ინდექსაცია ინფლაციის შესაბამისად. რამდენად დიდი შეღავათი იქნება 450 ათასამდე პენსიონერისთვის 2021 წლიდან პენსიის 20-25 ლარით ზრდა?


- თუ ამ გადაწყვეტილების შედეგს დინამიკაში შევხედავთ, საბაზისო პენსიის 20-25 ლარით მატება მის 10-12,5%-ით ზრდას ნიშნავს, რაც თავისთავად, ცოტა არ არის, თუმცა პენსიონერებისთვის, განსაკუთრებით მარტოხელებისთვის, 220-225 ლარი, სხვა სოციალური შეღავათების მიმატებითაც კი, ნამდვილად ცოტაა. აქ მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოში პირველად ხდება პენსიის ინდექსაცია ინფლაციის შესაბამისად, ხოლო 70 წელს ზემოთ ასაკის პენსიონერებისთვის - მშპ-ის რეალური ზრდის მაჩვენებლის 80%-ით. ეს ნიშნავს, რომ კრიზისის გადალახვის შემდეგ პენსია ყოველწლიურად მინიმუმ 3-4%-ით გაიზრდება.


- ხელისუფლებამ რამდენიმე ნაბიჯი განსაზღვრა ანტიკრიზისულ გეგმაში ბიზნესის დასახმარებლად, მათ შორის დღგ-ის დაბრუნება და წვდომა ფინანსურ რესურსებზე. თქვენი შეფასებით, რამდენად სწორად ასახა ხელისუფლებამ ის საჭიროებები, რომელთა წინაშეც დღეს კერძო სექტორი დგას და ამ შეღავათებიდან რომელს გამოარჩევთ როგორც ყველაზე ეფექტიანს ბიზნესისთვის და პირიქით, არაფრის მომტანს?


- პანდემიასთან დაკავშირებული შეზ­ღუდვების შემსუბუქების ანუ საქმიანობის განახლების პერიოდში ბიზნესისთვის ყველაზე პრობლემატური საბრუნავი სახსრების დაფინანსება და მიმდინარე ფინანსური ტვირთის ზიდვა იქნება. ამ თვალსაზრისით დაანონსებულ შეღავათებს შორის გამოვარჩევდი დღგ-ის ავტომატურ დაბრუნებას, თანაც ორჯერ გაზრდილი მოცულობით. კარგ შედეგს მოიტანდა აგრეთვე განბაჟებულ საქონელზე იმპორტის გადასახადისა და დღგ-ის გადახდის განვადება. რაც შეეხება ფინანსების წვდომას, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ამ მიმართულებით ბიზნესის მხარდასაჭერად გაჟღერებული ღონისძიებები უფრო მეტად ინვესტიციების დაფინანსებაზეა ორიენტირებული, ვიდრე დაპაუზებული ბიზნესების გამოცოცხლებაზე. მაგალითად, საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი, რომლითაც, ძირითადად, მცირე და საშუალო საწარმოები ისარგებლებენ, უპირატესად ბიზნესის გაფართოებაზე ან ახალ ბიზნესებზეა მიმართული. უკვე არსებული ბიზნესებისთვის კი აღნიშნული სქემა მხოლოდ ფაქტობრივი დავალიანების რესტრუქტურიზაციაში სახელმწიფოს თანადგომას მოიცავს. დაახლოებით იგივე მიდგომა გამოიკვეთა პროგრამასთან აწარმოე საქართველოში დაკავშირებით, რომელიც მართალია, ითვალისწინებს საბრუნავი სახსრების დაფინანსების კომპონენტს, ოღონდ პროგრამაში უკვე ჩართული კომპანიებისთვის. კრიზისის დასრულებამდე საეჭვოა ბიზნესის გაფართოებამ, მით უმეტეს, ახალმა ბიზნესწამოწყებებმა, მასობრივი ხასიათი მიიღოს.


- გეგმის მიხედვით, ყველა ის კომპანია, რომელიც სამუშაო ადგილებს შეინარჩუნებს, 6 თვის განმავლობაში, 750 ლარამდე ხელფასის ანგარიშით, მიიღებს სრულ სუბსიდირებას საშემოსავლო გადასახადის ნაწილში. არის ეს რეალური სტიმული ბიზნესისთვის, რომ შექმნილ ვითარებაში სამუშაო ადგილების შენარჩუნება შეძლოს?


- 750 ლარამდე ხელფასის საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება გარკვეული სტიმულია იმ ბიზნესებისთვის, რომლებიც პანდემიის გამო მთლიანად არ გაჩერებულან. იმ კომპანიებს კი, რომელთა ეკონომიკური საქმიანობა დროებით შეწყდა, და ასეთი ძალიან ბევრია, ეს შეღავათი ნაკლებად დააინტერესებთ. თუ ხელფასზე სახელმწიფო სუბსიდია საგანგებო მდგომარეობიდან ეტაპობრივი გამოსვლის პერიოდში დაპაუზებული კომპანიების მიერ სამუშაო ადგილების აღდგენა-შენარჩუნებასაც ეხება, მაშინ ბიზნესის ინტერესი მის მიმართ მეტი შეიძლება იყოს.


- როგორც გაირკვა, კრიზისული მენეჯმენტისთვის ქვეყანა 3,5 მილიარდ ლარს დახარჯავს და ამ თანხაში არ იგულისხმება ეკონომიკის პოსტკრიზისული აღდგენა. ამ თანხას ბევრი სკეპტიკურად უყურებს. თქვენ თუ მიიღეთ დამაჯერებელი პასუხი, საიდან მოიზიდავს ხელისუფლება ამ ფინანსურ რესურსს?


- 3,5 მილიარდი ლარის მობილიზება სავსებით რეალურია, თუ გავითვალისწინებთ, რომ შეპირებული საერთაშორისო დახმარებიდან 1,5 მილიარდი აშშ დოლარი უშუალოდ ბიუჯეტში წარიმართება. ეს თითქმის 4,8 მილიარდი ლარია. გარდა ამისა, ბიუჯეტს თავისი შემოსავლებიც ექნება.


- მთავრობამ გეგმაში ასევე გაწერა შეზღუდვების შემსუბუქებისა და ეკონომიკის გახსნის ეტაპები და თუ 2-კვირიანი ეტაპებით დავიანგარიშებთ, აღმოჩნდება, რომ ეკონომიკის ყველა საქმიანობა მხოლოდ 2-3 თვის შემდეგ შეძლებს სრულად აღდგენას. როგორ ფიქრობთ, შეძლებს ბიზნესი ამდენი ხნის განმავლობაში გადაირჩინოს თავი ე.წ. დაპაუზებულ მდგომარეობაში?


- სრულად აღდგენის რა მოგახსენოთ, მაგრამ სამთავრობო გეგმით თუ ვიმსჯელებთ, პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქების პირველი 3 ეტაპის განმავლობაში, ანუ თვე-ნახევარში, თითქმის მთლიანად გაიხსნება ეკონომიკური საქმიანობა მრეწველობაში, სოფლის მეურნეობასა და მშენებლობაში, ხოლო ვაჭრობასა და მომსახურების სექტორში მეტწილად. მომდევნო 1 თვეში დაიწყება სასტუმროებისა და რესტორნების ფუნქციონირებაც. აქედან გამომდინარე, დაპაუზებულ მდგომარეობაში შედარებით დიდხანს ყოფნა მხოლოდ ტურისტულ ინდუსტრიას მოუწევს, რომელიც ობიექტური მიზეზების გამო, მოკლე ვადებში ისედაც ვერ აღდგება.


- მთავრობის პროგნოზით, წელს საქართველოში რეცესია გვექნება და ეკონომიკა 4%-ით შემცირდება. თუ ეთანხმებით ამ პროგნოზს და როდის შევძლებთ დავუბრუნდეთ ეკონომიკური პარამეტრების თვალსაზრისით კორონავირუსამდე არსებულ მაჩვენებლებს?


- საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის შეფასებებიც კი ერთმანეთისგან არსებითად განსხვავდება. თუ სავალუტო ფონდი (სსფ) წლეულს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 4%-იან კლებას ელოდება, მსოფლიო ბანკი 0,1%-იან ზრდას ვარაუდობს. მსოფლიო ბანკის ოპტიმიზმი მნიშვნელოვანწილად ეყრდნობა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირების უფრო პოზიტიურ პროგნოზს. დღეს სსფ-ის პროგნოზი უფრო რეალისტური ჩანს: შიდა მოთხოვნის მკვეთრი ვარდნა და ექსპორტისა და უცხოეთიდან ფულადი გზავნილების მნიშვნელოვანი კლება სტატისტიკურად უკვე დასტურდება. უცხოური ინვესტიციების მოცულობაც, სავარაუდოდ, გამოკვეთილად დაღმავალ დინამიკას გამოავლენს. პანდემიამდე, იანვარში, ეკონომიკური ზრდის ტემპი წინასწარი შეფასებით 5,1% იყო. თუ 2021 წელს შევძლებთ კრიზისის ფაზიდან გამოცოცხლების ფაზაზე გადასვლას, რასაც როგორც სახელმწიფოს, ისე ბიზნესის დიდი ძალისხმევა დასჭირდება, მშპ-ის ზრდის მაჩვენებელმა შესაძლოა 3%-იან ნიშნულს გადააჭარბოს. კრიზისამდელ ეკონომიკურ დინამიკას, ანუ 5%-ზე მაღალი ზრდის ტემპს, სავარაუდოდ, 2022 წელს მივაღწევთ.


წყარო: კვირის პალიტრა





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up