მეორედ დაპატიმრებული მიხეილ სააკაშვილი, ახლა უკვე, კიევის პეჩერსკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, პატიმრობიდან გათავისუფლდა.
უკრაინის პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით, შინაპატიმრობას მოითხოვდა. ამ მოთხოვნის ერთ-ერთი არგუმენტი სააკაშვილის საქმის პროკურორმა გააჟღერა. ალექსანდრ გოვორუშაკის თქმით, არსებობს საფრთხე, რომ რუსეთის სპეცსამსახურებმა სააკაშვილის ლიკვიდაცია მოახდინონ, რითიც უკრაინაში არეულობის შექმნას ხელს შეუწყობენ. თუმცა უკრაინელმა მოსამართლემ პროკურორების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
საქართველოს ექსპრეზიდენტის, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორისა და უკრაინული ოპოზიციური პარტიის „ახალ ძალთა მოძრაობის ლიდერის სასამართლო პროცესს ესწრებოდნენ უკრაინის ოპოზიციური ძალების ლიდერები, მათ შორის უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო. უკრაინის უმაღლესი რადის 10 დეპუტატი კი, მიხეილ სააკაშვილს სასამართლოს წინაშე თავდებში დაუდგა.
უკრაინელმა სამართალდამცავებმა სააკაშვილი 8 დეკემბერს, კიევში დააკავეს და უშიშროების სამსახურის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. სააკაშვილის წინააღმდეგ საქმე აღძრულია უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლით, რაც გულისხმობს დანაშაულებრივი ორგანიზაციის მონაწილეთა დახმარებას და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის დაფარვას. უკრაინის გენერალური პროკურორის, იური ლუცენკოს მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილის მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციებს აფინანსებდა რუსეთში გაქცეული ექს-პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის და მასთან დაახლოებული ბიზნესმენის, სერგეი კურჩენკოს ჯგუფი და ამ აქციების მიზანი იყო უკრაინაში ხელისუფლების მიტაცება და პრორუსული ძალების რევანში. მიხეილ სააკაშვილი ბრალდებას უარყოფს და პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.
სასამართლო დარბაზის დატოვების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა მხარდამჭერებს მიმართა და 17 დეკემბრისთვის მორიგი საპროტესტო აქციაც დააანონსა.
„ერღვევათ სისტემა. ამათთვის ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო სახლში ჩავეკეტე და გარეთ არ გამოვეშვი. მოსამართლემ, მიუხედავად ზეწოლისა პირადად პრეზიდენტისგან, მიიღო სრულიად საპირისპირო გადაწყვეტილება. დღეს მთელი უკრაინის პოლიტიკური სპექტრი იყო აქ. აქ იყო უკრაინის მომავალი პრეზიდენტი, მომავალი მინისტრები და ა.შ., - ეს განცხადება კი, სააკაშვილმა რუსთავი 2-თან ინტერვიუში გააკეთა.