„ფიზიკური პირების დაკრედიტება 11%-ით, ხოლო იურიდიული პირების 23%-ითაა გაზრდილი“ - რადიო კომერსანტის გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა საბანკო რეგულაციების შედეგებზე ისაუბრა. მისი თქმით, რეგულაციები საჭიროებს გამარტივებას.
„პასუხისმგებლიანი დაკრედიტების მთავარი პრინციპია სესხი გაიცეს გადახდისუნარიან პირებზე. ანუ, თუ სესხის გამცემმა წინასწარ იცის, რომ მსესხებელი მაღალი ალბათობით სესხს ვერ დააბრუნებს ან შეექმნება პრობლემები მცირე შოკების დროსაც კი, მაშინ მან სესხი არ უნდა გასცეს.
2019 წელს დაკრედიტება გაზრდილია 16%-ით, შესაბამისად საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებული შიშები გადაჭარბებული იყო. გვქონდა 5.2%-იანი ეკონომიკური ზრდა. ფიზიკური პირების დაკრედიტება გაზრდილია 11%-ით, ხოლო იურიდიული პირების 23%-ით. ბიზნესის დაკრედიტება კი უფრო ჯანსაღია, რადგან ზრდის სამუშაო ადგილებს და უფრო მდგრადი დაკრედიტებაა. რეგულაციამ სექტორის გაჯანსაღებისთვის კარგად იმუშავა, თუმცა შესაძლებელია მოხდეს რეგულაციის ტექნიკური გამარტივება, რაც მეტ საშუალებას და მოქნილობას შესძენს სესხის გამცემებს, როგორც კომერციულ ბანკებს, ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს.
მზად არის რეგულაციის ახალი რედაქცია, რომელიც მეტი თავისუფლებაას იძლევა, თუმცა ძირითადი პრინციპების დაცვით. შემოსავლების 4 ჭერიდან ჩამოვედით 2-მდე, შუა ჭერები კი შერბილებულია. რეგულაცია მიზნად ისახავს დაკრედიტების გაჯანსაღებას - სესხმა სარგებელი უნდა მოუტანოს მსესხებელს და არ იყოს მისთვის ტვირთი,“- აღნიშნავს არჩილ მესტვირიშვილი.
მოამზადა ნათია კეკენაძემ