მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია საპენსიო სააგენტოში თანხების ჩარიცხვის დროებით შეჩერებას ითხოვს.ორგანიზაციის პრეზიდენტი მიხეილ ჭელიძე „კომერსანთან“ განმარტავს, რომ საუბარია მილიონობით ლარზე, რომლის მოძრაობაც ახლა კერძო სექტორშია საჭირო. მიხეილ ჭელიძის თქმით, სახელმწიფომ ფული იმ სექტორისკენ უნდა მიმართოს, რომელსაც ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო ყველაზე დიდი დარტყმა მიადგა.
„საპენსიო შენატანები არის ფუფუნება, როდესაც ქვეყანას კარგი ეკონომიკა აქვს. დღეს არ შეგვიძლია მოვიკლოთ რაღაც და 30 წლის შემდეგ რა მოხდება იმაზე ვიფიქროთ.დღეს არსებული სიტუაცია ამის საფუძველს არ გვაძლევს. ქვეყანას არ გააჩნია, არა მარტო ის თანხა რომელიც 30 წლის შემდეგ უნდა გამოვიყენოთ, არამედ ის ფინანსებიც კი არ გვაქვს, რომ ბიზნესი განვავითაროთ ან ყველაზე მიზერული- ვიკვებოთ. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი საკითხი, რომელსაც ამ ეტაპზე სარგებელი არ მოაქვს მათ შორის დაგროვებითი პენსია, უნდა შეჩერდეს, რადგან თვეში მილიონობით ლარზეა საუბარი.“-ამბობს მიხეილ ჭეილიძე.
მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის პრეზიდენტის განმარტებით, მილიონობით ლარი, რომელიც თვის განმავლობაში საპენსიო ფონდში ირიცხება ისევ ბიზნეში უნდა დარჩეს, რადგან შეძლონ უფრო მეტი ხელფასისა და საოპერაციო ხარჯების გაცემა.
„რეფორმის ერთი წლით ან წლის ბოლომდე შეჩერება, იგივეა რომ ბიზნესს ფული ვასესხოთ. როდესაც ეკონომიკურად პრობლემური პერიოდი ჩაივლის შემდეგ განახლდეს. აქ სამივე მხრიდან თანხის გაცემაზეა საუბარი, თანამშრომელი, ბიზნესი და სახელმწიფო ერთნაირად იკლებს თანხებს. სამივეს უჭირს დღეს და როდესაც ყველას უჭირს არ მესმის რატომ არ შეიძლება შეჩერდეს დროებით ამაში პრობლემას ვერ ვხედავ.“-ამბობს ჭელიძე.
როგორც მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციაში განმარტავენ, ამ საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფოს წერილობით მიმართეს და მათგან შესაბამის რეაგირებას ელოდებიან.
მათივე თქმით, დაგროვებით პენსიასთან ერთად საუბარია საშემოსავლო გადასახადებზეც მეოთხე კატეგორიებისთვის, რომელიც წლის ბოლომდე უნდა გაუქმდეს, მათი ინიციატივა ასევე ეხება დღგ-ს გადასახადს. მიხეილ ჭელიძის თქმით, ეს იქნება რეალური შეღავათი, რომელსაც მოსახლეობასა და ბიზნესს გაუწევს სახელმწიფო.
ნათია ლომიძე