დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების ხიბლი – რეალურია თუ არა 9 ევროდ ქუთაისიდან ევროპაში გაფრენა?

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების ხიბლი – რეალურია თუ არა 9 ევროდ ქუთაისიდან ევროპაში გაფრენა?

access_time2016-05-28 10:00:58

საქართველოში მოქმედ სამ საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა ნაკადი თითქმის 20 პროცენტით გაიზარდა. რეგულარული და არარეგულარული რეისებით, საქართველოს აეროპორტები 433 ათას მგზავრს მოემსახურა მიმდინარე წლის პირველი 3 თვის მანძილზე. ასეთი ზრდა ავიაბიზნესს განვითარების კარგ სტიმულს აძლევს, განსაკუთრებით კი ე.წ. დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებს. საქართველოს ავიაბაზარზე უკვე მუშაობს რამდენიმე ასეთი ავიაგადამზიდველი, მათ შორის არის Wizzair და Pegasus. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით ახლო მომავალში საქართველოს ბაზარზე შემოსვლას ერთ-ერთი მთავარი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair აპირებს.


კოპიტნარის აეროდრომი


4 წლის წინ ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი ქვეყანაში სწორედ Ryanair –ის შემოსაყვანად აშენდა რათა მოქალაქეებს უცხოეთში იაფად მოგზაურობის საშუალება ჰქონოდა. ეს ავიაკომპანია ევროპის ქალაქებს შორის საშუალოდ 20 ევროდ დაფრინავს. შესაბამისად ქუთაისიდან ბერლინში ან ვარშავაში 20 ევროდ მგზავრობის პერსპექტივა განსაკუთრებით მაცდურად გამოიყურებოდა, მაშინ როდესაც თბილისიდან იგივე მიმართულების ავიაბილეთი ათჯერ ძვირი ღირდა. ქუთაისის აეროპორტი კოპიტნარში 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთის მიერ დაბომბილი ძველი აეროდრომის ადგილზე სახელმწიფო ხარჯებით Ryanair -თან მიღწეული შეთანხმების რეალიზაციისთვის აშენდა. აეროპორტის ტერმინალთან ერთად კოპიტნარში მოეწყო ახალი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი, რომელიც უამრავი ტექნიკური პარამეტრით წინ უსწრებს თბილისის აეროპორტის მოძველებულ ასაფრენ ბილიკს. 


2012 წლის ზაფხულში ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალის მოპირკეთების სამუშაოები ჯერ კიდევ დასრულებული არ იყო, როდესაც უნგრეთში დაფუძნებულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Wizzair -მა ქუთაისიდან კიევის მიმართულებით ავიარეისები დანიშნა. შესაბამის მემორანდუმს აეროპორტის ფონზე ხელი მოაწერეს საქართველოს მთავრობისა და უნგრული კომპანიის წარმომადგენლებმა. 


ქუთაისის აეროპორტის მთავარი ხიბლი ის არის, რომ ის ავიაკომპანიებს ძალიან დაბალი ტარიფით ემსახურება, რაც პირველ რიგში დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებს იზიდავს და ბუნებრივია, Wizzair–მა, რომელიც ევროპის უამრავ ქალაქში დაფრინავს, ქუთაისიდან მგზავრების გადაყვანა კიევის შემდეგ ვარშავის, კატოვიცეს, ბუდაპეშტისა და ვილნიუსის მიმართულებითაც დაიწყო. 


„გაუმართლებელი ხარჯები“, რომელმაც გაამართლა


2012 წლის პოლიტიკურად ცხელ ზაფხულში ოპოზიციური „ქართული ოცნება“ ცდილობდა ყველაფერი რასაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება აკეთებდა ეჭვქვეშ დაეყენებინა. შესაბამისად, ქუთაისის აეროპორტის მშენებლობისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო თანხები გაუმართლებელ ხარჯებად გამოაცხადეს და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან ქუთაისის აეროპორტი ზოგადად, ტურიზმთან ერთად არაპრიორიტეტულ პროექტთა ნუსხაში მოხვდა. მაშინ, როდესაც ხვნა-თესვისა თუ სხვა პოპულისტურ პროგრამებზე ასობით მილიონი ლარი იხარჯებოდა, არავის უცდია ქუთაისის აეროპორტის პროექტის სრულფასოვანი რეალიზება, რომელიც სარკინიგზო სადგურის მშენებლობასაც ითვალისწინებდა. მიუხედავად ხელისუფლების გულგრილი დამოკიდებულებისა, ქუთაისის აეროპორტმა მაინც მოიპოვა პოპულარობა დაბალფასიანი ავიარეისების მეშვეობით. აეროპორტის მომსახურების დაბალი ტარიფის გამო არაბიუჯეტური ავიაკომპანიების ბილეთებიც კი საგრძნობლად გაიაფდა თბილისთან შედარებით. 


ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მგზავრების მომსახურება 2012 წელს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაიწყო და წლის ბოლომდე პოლიტიკური არასტაბილურობის პირობებში თითქმის 13 ათასი მგზავრის მიღება შეძლო. რადიკალურად შეიცვალა სურათი 2013 წელს, როდესაც Wizzair-მა ქუთაისის მიმართულებით მუშაობა სრული დატვირთვით დაიწყო. ქუთაისიდან გაფრენილი და ჩამოფრენილი 188 ათასი მგზავრი – ასეთი იყო მეორე წლის შედეგი, რამაც ახალი ხელისუფლების მესვეურების კრიტიკული რიტორიკა საამაყო განცხადებებით შეცვალა. 


ხელისუფლების ძალისხმევის გარეშე 2014 წელს მგზავრთა ნაკადი ქუთაისის აეროპორტში გაიზარდა 218 ათასამდე, ხოლო 2015 წელს ეს რაოდენობა 16 პროცენტით შემცირდა და 2013 წლის მაჩვენებელზე დაბალი რიცხვი შეადგინა (183.000). როგორც ჩანს, ამ მაჩვენებელზე გავლენა მოახდინა Wizzair -ის გადაწყვეტილებამ, რომელმაც კიევის ბაზა გააუქმა და ქუთაისიდან უკრაინაში ფრენა შეწყვიტა.

 

უვიზო მიმოსვლა და იაფი ავიაფრენების პერსპექტივა


მგზავრთა ნაკადის კლება და სტატისტიკური მაჩვენებლების გაუარესება კარგს არაფერს უქადდა ქუთაისის აეროპორტს. მაგრამ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის გადაწყვეტილებამ, რომელიც დიდი ალბათობით, ძალაში უნდა შევიდეს მიმდინარე წლის ზაფხულიდან, რამდენიმე ავიაკომპანიას მადა გაუღვიძა. ყველას მაინც ისევ Wizzair-მა დაასწრო და ქუთაისიდან 7 ახალი მიმართულებით ფრენის დაწყების შესახებ გამოაცხადა. 


17 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ქუთაისი-ბერლინის მიმართულებით „ვიზეარის“ თვითმფრინავი 23 სექტემბრიდან დაიწყებს ფრენას კვირაში ორჯერ, ორშაბათსა და პარასკევს. მგზავრობის მინიმალური ღირებულება 39.99 ევრო იქნება.  ქუთაისი-მემინგემის (მიუნხენი) რეისები დანიშნულია ორშაბათსა და პარასკევს; ქუთაისი-მილანის ავიარეისები, 25 სექტემბრიდან, – ოთხშაბათს და კვირას, მინიმალური ფასი აქაც 39.99 ევრო იქნება. იგივე ფასი აქვს ქუთაისი-დორტმუნდის ბილეთს.


ქუთაისი-თესალონიკის რეისზე, 24 სექტემბრიდან, თვითმფრინავი იფრენს კვირაში სამჯერ – სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს, მინიმალური ფასი კი იქნება 29.99 ევრო. ქუთაისი-ლარნაკას რეისები დაიწყება 24 სექტემბრიდან, ფრენები იქნება კვირაში ორჯერ, სამშაბათს და შაბათს, და ეღირება 24.99 ევრო, ხოლო ქუთაისი-სოფიას მიმართულებით (ფრენა – სამშაბათს და შაბათს) ბილეთის მინიმალური ფასი იქნება 29.99 ევრო.


აღნიშნული ახალი მიმართულებების დამატების შემდეგ საქართველოში მგზავრთნაკადის 1 წლის მანძილზე დაახლოებით 250 ათასით გაზრდას პროგნოზირებენ, რაც აეროპორტების გაერთიანების დირექტორის ქეთევან ალექსიძის განცხადებით მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ტურიზმის განვითარებაში.


„ცნობილია, რომ „ვიზეარი“ დატვირთვის საკმაოდ მაღალი ხარისხით მუშაობს – თუ თვითმფრინავში არის 180 ადგილი, 175 მგზავრი, როგორც წესი, სულ დაფრინავს. უფრო დაბალი მაჩვენებელიც რომ ავიღოთ, ვთქვათ, 160 კაცი, წლიურად გამოდის 250.000 მგზავრი. ჩვენ პესიმისტურად ვანგარიშობთ ხოლმე, დაახლოებით, 30-40% ტურისტს, რაც არის, დაახლოებით, 50.000 ტურისტი საქართველოსთვის, ჯამში კი, დაახლოებით, 30-მილიონიანი კონტრიბუციაა ტურიზმის სექტორში“.  


ავიარეისების რაოდენობის გაზრდასთან ერთად, Wizzair -მა გადაწყვიტა დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში საკუთარი ბაზა დააფუძნოს. თავდაპირველად, კოპიტნარში ბაზირებული იქნება ერთი ავიახომალდი. მისი მეშვეობით განხორციელდება ავიაკომპანიის მიერ დაგეგმილი ახალი რეისები. თვითმფრინავის მომსახურებისთვის მოეწყობა სათანადო ინფრასტრუქტურა და შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები. Wizzair-ის კომუნიკაციების დირექტორმა დაგ ოლივიერმა განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება 100 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირების ტოლფასია. აეროპორტების გაერთიანების დირექტორის ქეთევან ალექსიძის აზრით კი Wizzair–ი ამაზე არ გაჩერდება და „ერთ საჰაერო ხომალდს მოჰყვება მეორე ხომალდი და ასე შემდეგ“.


Wizzair -ის გადაწყვეტილების გამოცხადებიდან რამდენიმე დღეში საქართველოს ესტუმრა Ryanair -ის ოფიციალური დელეგაცია და ქუთაისის აეროპორტის მონახულების გარდა კომპანიის წარმომადგენლებმა მოლაპარაკება გამართეს საქართველოს ხელისუფლებასთან. კიდევ ერთხელ გაცხადდა, რომ Ryanair საქართველოში შემოსვლას და იაფი ფრენების დაწყებას გეგმავს, თუმცა, მეტი კონკრეტიკა ჯერ არ ჩანს.


აეროპორტების გაერთიანების დირექტორის ქეთევან ალექსიძის განცხადებით კიდევ დამატებით 3 ავიაკომპანია აპირებს საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლას, მათ შორის ერთ-ერთი არის ირანული კომპანიაც.  


კოპიტნარის „სასწაულის“ შემხედვარე ავიახომალდების მიღების პოტენციალის მქონე სხვა რეგიონები, კერძოდ კი კახეთი, თელავში საერთაშორისო აეროპორტის გახსნის მოთხოვნით გამოდის. ეს კი თავდაყირა აყენებს 4 წლის წინანდელ გავრცელებულ აზრს ქუთაისის აეროპორტის პროექტის ერთი კაცის ახირებად გამოცხადების შესახებ.  


დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების აღმოცენება შესაძლებელი გახდა სერვისების დანაწევრების, მოკლე მანძილებზე ფრენისა და მეორეხარისხოვანი (იაფი) აეროპორტების გამოყენების შედეგად. ამგვარი სტრატეგიის წყალობით იაფფასიანი ავიარეისების რაოდენობა სულ უფრო იზრდება და შესაბამისად, სულ უფრო მეტ მოქალაქეს ეძლევა მოგზაურობისა და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის შანსი. სწორედ ასეთი შესაძლებლობებია ჩადებული ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში.

 

კახა მჭედლიძე, ჟურნალი “ბიზნესი და მენეჯმენტი“, ქვეყნდება შემოკლებით



„საკმაოდ პესიმისტური პროგნოზი გვაქვს, ალბათ, რესტორნების დიდი ნაწილი ასეთ რეგულაციებს ვერ გაუძლებს“

 „საკმაოდ პესიმისტური პროგნოზი გვაქვს, ალბათ, რესტორნების დიდი ნაწილი ასეთ რეგულაციებს ვერ გაუძლებს“
access_time2020-05-24 19:00:27
„საკმაოდ პესიმისტური პროგნოზი გვაქვს. ალბათ, რესტორნების დიდი ნაწილი ასეთ რეგულაციებს ვერ გაუძლებს“,- ამის შესახებ საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტმა კოტე გაბრიჩიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. აღნიშულით ის covid19-თან დაკავშირებით მიღებულ...

საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების შეზღუდვა 15 ივლისამდე გაგრძელდება

საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების შეზღუდვა 15 ივლისამდე გაგრძელდება
access_time2020-05-24 10:00:55
საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების შეზღუდვა 15 ივლისამდე გაგრძელდება. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის N322 დადგენილებაშია ასახული.  ჩერდება: სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა, გარდა სამომსახურეო სარკინიგზო მიმოსვლისა, რომლის ფარგლებში სატვირთო გადაზიდვების შეუფერხებლად წარმოების მიზნით ხდება სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ შემუშავებული გრაფიკით თანამშრომლების გადაადგილება/გადაყვანა საცხოვრებელი...

ქართულ ეთერზეთს უკვე ევროპაშიც ყიდიან

ქართულ ეთერზეთს უკვე ევროპაშიც ყიდიან
access_time2020-05-24 18:00:45
წლების განმავლობაში საქართველოში მრეწველობის ისეთი მნიშვნელოვანი დარგიც განადგურდა, როგორიც ეთერზეთების წარმოებაა, არადა, ევროპის ბაზარზე ამ პროდუქციაზე დიდი მოთხოვნაა. მას იყენებენ პარფიუმერიაში, მედიცინაში, კულინარიასა თუ ქიმიურ მრეწველობაში. თავის დროზე საბჭოთა კავშირი რამდენიმე სახეობის ეთერზეთს სწორედ საქართველოდან გზავნიდა....

ფრანგები თვეში საშუალოდ 5.9 მლრდ ევროს ზოგავდნენ, მარტში ეს მაჩვენებელი 19,6 მლრდ. ევრომდე გაიზარდა - პანდემიის შემდეგ ფრანგები ცხოვრების წესს ცვლიან

ფრანგები თვეში საშუალოდ 5.9 მლრდ ევროს ზოგავდნენ, მარტში ეს მაჩვენებელი 19,6 მლრდ. ევრომდე გაიზარდა - პანდემიის შემდეგ ფრანგები ცხოვრების წესს ცვლიან
access_time2020-05-24 20:00:33
  გასულ კვირას საფრანგეთში იზოლაციის რეჟიმიდან გასვლა დაიწყო - მოქალაქეებს მოხმარების და გადაადგილების გაცილებით მეტი შესაძლებლობები გაუჩნდა.   თუმცა, კვლევების თანახმად, ფრანგები სამომხმარებლო ქცევის შეცვლას და მეტ ფულის დაზოგვას გეგმავენ. პრიორიტეტების იცვლება - ზოგი მეტად ადგილობრივი საქონლის შეძენას, ზოგი ჰიპერმარკეტებში ვაჭრობაზე უარის თქმას, ზოგი ონლაინ-ყიდვების გააქტიურებას, ზოგი - ჯანმრთელობაზე დანახარჯების ზრდას აპირებს.   ეს...

The Telegraph: ზამთარში ევროპას კორონავირუსის უფრო მძიმე ტალღა ელის

The Telegraph: ზამთარში ევროპას კორონავირუსის უფრო მძიმე ტალღა ელის
access_time2020-05-24 16:00:00
  ევროპა კორონავირუსის მეორე, უფრო მძიმე და მომაკვდინებელი ტალღისთვის უნდა მოემზადოს, რადგანაც, პანდემია ჯერ არ დასრულებულა - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა ევროპაში ჰანს კლიუგემ.   მან გააფრთხილა ევროპის ქვეყნები, რომლებიც შეზღუდვებს ხსნიან - „დღეს არა ზეიმის, არამედ მომზადების დროა“.   მისი თქმით კორონავირუსით დაავდების შემთხვევების რაოდენობა ევროპის ქვეყნებში აშკარად შემცირდა, თუმცა, ეს პანდემიის დასრულებას...


მსგავსი სიახლეები

up