დაბა სტეფანწმინდაში ეპიდემიოლოგიური კვლევა დასრულდა. სპეციალისტებმა 50-ზე მეტი ადამიანის ბიოლოგიური ნიმუშები ლაბორატორიებში გადააგზავნეს კორონავირუსზე ტესტირებისთვის. ადგილზე იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც.
მათი ინფორმაციით, ამ დროისთვის სოფელ არშადან გუშინ აღებული ნიმუშების პასუხებს ელოდებიან, რომელიც სავარაუდოდ უახლოეს საათებში უნდა გახდეს ცნობილი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 306 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 085-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge