ადამიანებს, რომელთაც დაძველებული ღვინო განსაკუთრებით იზიდავს, უკვე შესაძლებლობა აქვთ სპეციალურად დასაძველებლად ღვინის ბანკს მიაბარონ.სპეციალურად ამ სერვისით სარგებლობის მიზნით “ჯივინომ” სათანადო პირობებით აღჭურვილი საცავი შეიქმნა.
როგორც წესი, მცირე მარნების ღვინოები უმეტესწილად ახალგაზრდაა. ბევრი მიზეზის გამო მეღვინეებს დაძველებამდე ეწურებათ მარაგები. ღვინის ბანკში კი შეგიძლიათ შეიძინოთ ახალგაზრდა ღვინო და დატოვოთ დასაძვეებლად ერთ წლამდე ვადით.
როგორც „ჯივინოს“ დამფუძნებელმა მამუკა მაისურაძემ “ბიზნესპარტნიორში” განაცხადა, საცავი 600 ბოთლი ღვინის შენახვაზეა გათვლილი, თუ მომავალში ღვინის ბანკზე მოთხოვნა გაიზრდება საცავიც გაფართოვდება. ამ დროისთვის საცავში 50 ბოთლამდე ინახება და იდეის ავტორი იმედოვნებს, რომ მალე შეივსება. ამ ეტაპზე ღვინის ბანკი თქვენს ღვინოს ერთი წლით უფასოდ ინახავს, მომავალში კი თუ სერვისი პოპულარობას საქართველოშიც მოიპოვებს ბიზნესადაც იქცევა.