ცხოვრება მეწყერსაშიშ ზონაში - „მეტრა პარკის“ მოტყუებული მობინადრეები

ცხოვრება მეწყერსაშიშ ზონაში - „მეტრა პარკის“ მოტყუებული მობინადრეები

access_time2021-07-08 10:00:28

წლების წინ, ათობით ადამიანმა ბინის შეძენა გადაწყვიტა, ცხოვრება მათ ეკოლოგიურად სუფთა და გამწვანებულ გარემოში უნდოდათ. შესაბამისად, შეარჩიეს კომპანია, რომელიც მოსახლეობას გამორჩეულ საცხოვრებელ გარემოს სთავაზობდა.  მყუდრო და მშვიდი დასახლება „მეტრა დეველოპმენტმა“ თბილისის პრესტიჟულ უბანში, ბაგებში ააშენა, თუმცა სიმშვიდე და სიმყუდროვე ადგილობრივ მცხოვრებლებს ძალიან მალე დაერღვათ. აღმოჩნდა, რომ დეველოპერული კომპანია თავდაპირველად აშენებული მცირე ზომის საცხოვრებელი კორპუსების მახლობლად ახალი, მრავალსაცხოვრებლიანი კორპუსის მშენებლობას გეგმავდა. მანამდე კომპანია არ აჟღერდება ინფორმაციას, რომ ტერიტორიაზე გრანდიოზული მშენებლობა უნდა განხორციელებულიყო, რის გამოც ადგილობრივები თავს მოტყუებულად გრძნობენ.

 



„მეტრა დეველოპმენტმა“ ახალი კორპუსის მშენებლობისთვის ის კლდე დაანგრია, რომელიც მწვანე საფარით იყო დაფარული. მიუხედავად იმისა, რომ პრობლემის მოგვარებას მობინადრეები წლების განმავლობაში კანონიერი გზებით ცდილობდნენ, მწვანე რეკრეაციის და ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შენარჩუნება მათ ვერ შეძლეს. თუმცა, ახლა ისინი ახალი საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ. 5 ივლისის საღამოს, საცხოვრებელი კომპლექსის მიმდებარედ, მეწყერი ჩამოწვა. სამშენებლო მოედანზე მეწყრული პროცესი პირველად არ განვითარებულა, მთის მცირე მონაკვეთი სამი თვის წინ, აპრილშიც ჩამოიშალა.

 

„მეტრა პარკის“ მობინადრე გვიყვება, რომ მოსახლეობა, წლებია იბრძვის და ამტკიცებს, რომ ტერიტორია მეწყერსაშიშია და იქ მასშტაბური მშენებლობის განხორციელება არ შეიძლება. მისი თქმით, ამის შესახებ ინფორმაცია აქვს როგორც კომპანიას, ასევე მერიის შესაბამის სამსახურებს, თუმცა, როგორც ირაკლი ტიკარაძე ამბობს, ქმედითი ნაბიჯი არც ერთი მხრიდან არ გადადგმულა.

 



„დარგის დამოუკიდებელი ექსპერტებისგან გვქონდა ინფორმაცია, რომ აქ მშენებლობა სახიფათო იყო. ამ ინფორმაციის მიტანას მერიის სამსახურებთანაც ვცდილობდით, მაგრამ პროცესი მშენებელი კომპანიის სასარგებლოდ მიმდინარეობდა. ტერიტორიაზე 400-მდე ხე-ნარგავი მოიჭრა, მშენებლობის მოსამზადებელი პერიოდისთვის მოიჭრა დიდი კლდის მასაც. ფაქტობრივად ის ცუდი პროგნოზი, რომელიც გვქონდა, გამართლდა. მერიასთან და კომპანიასთან ვერ მივაღწიეთ, რომ ამ განზრახვაზე ხელი აეღოთ. რეალურად საკითხი, რომელიც სახელმწიფოს უნდა დაერეგულირებინა ბუნებამ დაარეგულირა. კიდევ კარგი, რომ მეწყერს მსხვერპლი არ მოჰყვა. 4 ნაკვეთი, როგორც საკადასტრო ერთეული, აღარ არსებობს, ასევე არსებობს საფრთხე, რომ მთის ფერდობზე განლაგებული საკუთარი სახლები  ჩამოშალოს, რადგან კლდეს ძირი გამოთხრილი აქვს. ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც წლებია ბაგებში ცხოვრობენ, ჩვენთან ერთად დიდი საფრთხის ქვეშ არიან.

ვცდილობთ, რომ ფაქტს სწრაფი რეაგირება მოჰყვეს, თუმცა გადადგმულ ქმედით ნაბიჯებს ვერ ვხედავთ. პირველი მეწყერი აპრილში მოხდა, რა დროსაც საქმის კურსში იყოს მერიაც და კომპანიაც. ტერიტორიის გამაგრებისთვის კონკრეტული ღონისძიებები უნდა გატარებულიყო, რაც არ გაკეთდა. თუ პროცესი დროში კიდევ გაიწელა, შეიძლება ნგრევა გაგრძელდეს. ეს ყველაფერი ჩვენს ჯანმრთელობას პირდაპირ ეხება, რადგან თუნუქის ღობე ლოდებს ვერ შეაკავებს. ტერიტორიაზე მაცხოვრებლები ბავშვებს ასეირნებენ, ზოგი მანქანით გადაადგილდება, ნებისმიერ მომენტში შეიძლებოდა ამ ადგილზე ვიღაც აღმოჩენილიყო. მიმაჩნია, რომ ტერიტორია უსაფრთხო აღარ არის. შესაბმისად, აუცილებელია კონკრეტული ღონიძიებების გატარება“, - გვიყვება ირაკლი ტიკარაძე.

 

მისივე თქმით, „მეტრა პარკის“ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებზე ბიზნეს სუბიექტმა პასუხი უნდა აგოს, წინააღმდეგ შემთხვევაში დაუსჯელობის სინდრომი გაგრძელდება და მსგავსი ფაქტი სხვაგანაც მოხდება.

 

„მშენებლობის ნებართვა თავიდანვე არ უნდა გაცემულიყო, ყველაფერი კანონის დაცვით რომ მომხდარიყო, დღეს ეს სიტუაცია არ გვექნებოდა. ნებართვის გაცემის შემდეგ კონტროლი არ ხორციელდება. გაცემული ნებართვის ფარგლებს გარეთ კი, დეველოპერი აკეთებს იმაზე მეტს, ვიდრე უნდა გააკეთოს. ეს გამოუსწორებელ შედეგებს იწვევს, საბოლოო ჯამში კი სავალალო მდგომარეობამდე მივდივართ. სიტუაციის გამოსწორება იმდენად დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, რომ ამას დეველოპერი ვერ გაწვდება. გარემოს დაცვის სამინისტროს წერილიც გვქონდა, რომ არ შეიძლება კორპუსის მშენებლობა, მაგრამ საკანონმდებლო ხვრელები არსებობს, სხვა კუთხით უდგება დეველოპერი. იგი ცდილობს, რომ კომერციული მოგება მიიღოს, ვერ მოვთხოვთ ყველას კეთილსინდისიერი იყოს, თვითონ სისტემა არ უნდა იძლეოდეს იმის საშუალებას, რომ ბიზნესმა არაჯანსაღი ქმედება ჩაიდინოს, მერიის სამსახურები უნდა იდგეს თავის სიმაღლეზე, სწორედ აქაა მთავრი პრობლემა“, - აცხადებს ირაკლი ტიკარაძე.

 

ბაგებში განვითარებული მოვლენების შესახებ თბილისის მერიას მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მფლობელმაც შეატყობინა. გიორგი მელიქიძე განმარტებით ბარათში ყვება, რომ „მეტრა დეველოპმენტის“ მიერ განხორციელდა კლდის მასის ჩაჭრამ მეწყერი გამოიწვია და მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სრულად ჩამოშლა. ამიტომ სხვა ადგილობრივების მსგავასად ისიც მშენებლობის შეჩერებას და მდგომარეობის შესწავლას ითხოვს. მელიქიძეს ასევე სურს, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩაერთოს უკვე არა როგორც მომიჯნავე მიწის მესაკუთრე, არამედ როგორც დაზარალებული:

 

„მიმდებარე ტერიტორიების და მიმდინარე მეწყრული პროცესების კომპეტენტური, აკრედიტირებული ორგანოს მიერ საფუძვლიანად შესწავლამდე არ გასცეთ მშენებლობის ნებართვა. ასევე გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ იმ ფაქტს, რომ ჩემს მიწის ნაკვეთზე, მიმდებარე ტერიტორიაზე და ნაკვეთამდე მისასვლელ გზაზე გაჩენილია ბზარები, რაც კვლავ ქმნის მეწყერის ჩამოწოლის საშიშროებას.

როგორც უკვე არაერთხელ გეცნობათ, საპროექტო მიწის ნაკვეთი წარმოადგენს ფშვნადი ქანებით დამახასიათებელ, რთული რელიეფის მქონე ობიექტს, სადაც შპს „მეტრა დეველოპმენტის“ მიერ მოთხოვნილი პროექტის განსახორციელებლად საჭირო იქნება დამატებით საკმაოდ მოცულობითი გრუნტის/მიწის დამუშავება, მოჭრითი სამუშაოების განხორციელება, რომელიც თავის მხრივ, დიდ წილად შეცვლის არსებული ტერიტორიის მდგრადობას. ტერიტორიის მდგრადობა კი აღნიშნული სამშენებლო კომპანიის მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად იმდენად დასუსტებულია, რომ მიმდინარე წლის 13 აპრილს გამოიწვია მეწყერი და ჩემ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი სრულად ჩამოშლა“, - ნათქვამია მელიქიძეს განმარტებით ბარათში.

 



გიორგი მელიქიძე ასევე წერს, რომ არაერთი დასკვნა არსებობს, იმის შესახებ რომ დგას აღნიშნული ფერდის ჩამოშლის საფრთხე, სადაც ასევე აღნიშნულია რომ აუცილებელია კლდის პერიმეტრზე მოეწყოს გამაგრება, რისი კონსტრუქციული გეგმაც, სამშენებლო კომპანიას დღემდე წარმოდგენილი არ აქვს. მისი თქმით, არ მომხდარა მეწყერის ჩამოწოლის შემდეგ მიმდებარე ტერიტორიის შესწავლა კვალიფიციური, აკრედიტირებული სპეციალისტების მიერ, კომპანიას არ წარმოუდგენია მშენებლობისთვის კანონით გათვალისწინებული კვლევები, რაც დაადასტურებს მშენებლობის შემდგომ უსაფრთხოებას და რაც უზრუნველყოფს მომიჯნავე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების კანონიერი უფლებების დაცვას. როგორც ნაკვეთის მესაკუთრე ამბობს სამშენებლო კომპანია მეტრა დეველოპმენტს მეწყერის ჩამოწოლის შედეგად შექმნილი პრობლემის გადაჭრის გზები არ წარუდგენია.

 


მიწის მესაკუთრე განმარტებით ბარათში სამშენებლო კომპანიის უპასუხისმგებლობაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ მოსალოდნელი საფრთხის მიუხედავად „მეტრა დეველოპმენტმა“ სამშენებლო სამუშაოები მიწის ნაკვეთზე არ შეაჩერა:

 

„კომპანია მეტრა დეველოპმენტის არაერთ თანამშრომელს მეწყერთან დაკავშირებული მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ეცნობათ რამდენიმე დღით ადრე, როგორც პირადად ადგილზე დათვალიერების გზით, ასევე ტელეფონის საშუალებით. დაბზარული/დახეთქილი რელიეფის ფოტოები გადაეგზავნათ საკომუნიკაციო პროგრამის მეშვეობით (viber), თუმცა არაერთი გაფრთხილების მიუხედავად მოსალოდნელი საფრთხე უგულებელყვეს და კლდის მასის ჭრის სამუშაოები ჩვეულ რეჟიმში განაგრძეს. კომპანიის ამგვარი დამოკიდებულება საფრთხეს უქმნის და გამოუსწორებელ ზიანს აყენებს როგორც მაცხოვრებლებს, ისე მომიჯნავე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეებს“, - წერს მელიქიძე.

 



მშენებლობის ნებართვა თავიდანვე რომ არ უნდა გაცემულიყო, ირიბად თბილისის მერიის კომენტარი ადასტურებს. დედაქალაქის მთავრობაში „კომერსანტს“ განუცხადეს, რომ მეტრა პარკთან არსებული მშენებლობა მუნიციპალური ინსპექციის მიერ შეჩერებულია. ინსპექციის დადგენილების შესაბამისად, მშენებელს დაევალა ფერდის მოწესრიგება და მდგრადობის აღდგენა. აღნიშნული პირობის შესრულებამდე და შესაბამისი გეოლოგიური თუ სხვა საჭირო დასკვნების წარმოდგენამდე, პროექტით გათვალისწინებული მშენებლობის გაგრძელება არ მოხდება.

 

აღსანიშნავია, რომ ეს ბრძანება თბილისის მთავრობამ მაშინ გასცა, როდესაც მეწყერი პირველად ჩამოწვა, თუმცა ქმედითი ნაბიჯი მშენებელ კომპანიას ამ დრომდე არ გადაუდგამს. მუნიციპალური ინსპექციაში „კომერსანტს“ განუცხადეს, რომ ფერდის გამაგრებისთვის და მოწესრიგებისთვის კონკრეტული ვადები განსაზღვრული არ აქვთ, შესაბმისად, საფრთხე იმისა, რომ ტერიტორიაზე მეწყერი ჩამოწვეს ისევ არსებობს.

 



„კომერსანტი“ დაინტერესდა, თუ რამდენად რელევანტურია გეოლოგის დასკვნა, რომლის საფუძველზეც მშენებლობის ნებართვა გაიცა. რატომ ითხოვს ახლა მუნიციპალური ინსპექცია ახალ გეოლოგიურ დასკვნას, მაშინ როცა დადებითი გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე კომპანიას მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებული აქვს, რის შემდეგაც ტერიტორიაზე მეწყრული პროცესები იწყება. სწორედ ამ კითხვებით მივმართეთ არქიტექტურის სამსახურს. უწყებაში გვითხრეს, რომ მშენებლობა უფლება კომპანიამ  კანონის დაცვით, ყველა დოკუმენტის წარდგენის შემდეგ მიიღო.

 

მართლაც მშენებლობის ნებართვა კომპანიამ 2019 წელს მიიღო ამავე წელსვე შეთანხმდა პროექტიც. „მეტრა დეველოპმენტი“ ამტკიცებდა, რომ შეთანხმებულ პროექტთან დაკავშირებით თანხმობა ყველა საჭირო უწყებიდან ჰქონდა მიღებული. თუმცა, კომპანიამ 2020 წელს პროექტში ცვლილებები შეიტანა და ამბობდა, რომ მათ მიერ მოთხოვნილი ცვლილებები და წარმოდგენილი დოკუმენტაცია კანონმდებლობის მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებდა. სამშენებლო კომპანიას საცხოვრებელი და საპარკინგე სივრცის დამატება სურდა. განცხადებას ახლაც განუხილველის სტატუსი აქვს, არქიტექურის სამსახურმა მოთხოვნა პროექტის კორექტირების და მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე არ დააკმაყოფილა.

 

უარის ერთ-ერთ მიზეზი, 2020 წლის 7 დეკემბრის მონაცემებით, იყო ის, რომ კომპანიას არ ჰქონდა ფუძეების, საძირკვლებისა და სხვა ძირითადი კონსტრუქციების განახლებული საექსპერტო შეფასება წარმოდგენილი.

 

2020 წლის 28 დეკემბრისთვის არქიტექტურის სამსახურისთვის მისაღები არ იყო ფუძეების, საძირკვლებისა და სხვა ძირითადი კონსტრუქციების საექსპერტო შეფასება. მათთვის ასევე მიუღებელი იყო გაზრდილი სართულების რაოდენობა.



 



„მეტრა დეველოპმენტმა“ კიდევ ერთი უარი 2021 წლის 20 იანვარს მიიღო. არასრულყოფილი დოკუმენტაციის გამო სამსახურმა ხარვეზები სრულად ვერ დაადგინა.

 

უწყებამ სამშენებლო კომპანიას იდენტური პასუხი გასცა 2021 წლის 5 მარტსაც.

 

მიმდინარე წლის 5 აპრილს არქიტექურის სამსახურმა კომპანიას სხვა დარღვევებთან ერთად განახლებული კორექტირებული შეთანხმებული სქემების წარმოდგენა მოსთხოვა.

 

22 აპრილს, როდესაც პირველი მეწყერი ტერიტორიაზე უკვე ჩამოწვა, სხვადსხვა დარღვევებთან ერთად დეტალური გეოლოგიური კვლევის და საექსპერტო შეფასების წარმოდგენა მოსთხოვა. ეს იყო „მეტრა დეველოპმენტის“ კორექტირებული პროექტის შეთანხმების და მშენებლობის ნებართვის გაცემის ბოლო მცდელობა.

 

აღნიშნულ საკითხზე სასაუბროდ „მეტრა დეველოპმენტს“ დავუკავშირდით, არა ერთი კითხვის მიუხედავად კომპანიაში გვითხრეს, რომ მომხდართან დაკავშირებით განცხადება უკვე გაავრცელეს და დამატებით კითხვებს არ უპასუხებდნენ. სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კომპანია გამგეობასთან, მერიის შესაბამის სამსახურებთან და საექსპერტო ჯგუფებთან ერთად საკითხის გადაწყვეტაზე მუშაობს.  ამავე განცხადებაში „მეტრა დეველოპმენტს“ ამტკიცებდა, რომ მიწის ჩამოშლა სამშენებლო მოედანზე კომპლექსის მცხოვრებლებისთვის არ არის საფრთხის შემცვლელი. კომპანიის facebook პოსტს მოსახლეობის კრიტიკა მოჰყვა, რასაც შემდეგი კომენტარით უპასუხეს:

 

„კომპანია მუშაობს პრობლემის უმოკლეს ვადებში გადაწყვეტაზე, ყველა საჭირო მხარე ჩართულია: მერიის შესაბამისი სამსახურები გამგეობა, ექსპერტები აქვე აღვნიშნავთ, რომ ვწუხვართ შექმნილი სიტუაციით რომელმაც გამოიწვია, მოსახლეობის შეშფოთება“,

 

გეოლოგიური დასკვნა ექსპერტ ინჟინერ-გეოლოგის მურმან სამხარაძის მიერ 2018 წელსაა მომზადებული. მეტრა დეველოპმენტის მიერ მოწვეული სპეციალისტის დაწერილ დასკვნას „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ:

 

„ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ანგარიში სავსებით აკმაყოფილებს დაპროექტირების მოთხოვნებს ქ. თბილისში ბაგების მიმდებარედ, წყნეთის გზატკეცილის სამხრეთით მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის (სახლი 18,19,20) მშენებლობისათვის გამოყოფილ ტერიტორიაზე ჩატარებულ საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის შედეგებს ვაძლევ დადებით დასკვნას“.


მერიას მშენებლობის ნებართვა რომ არ უნდა გაეცა, ადასტურებს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი თეა გოდოლაძე. გეოლოგის თქმით, 30-იანი წლებიდანაა ცნობილი, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მასშტაბური მშენებლობა დასაშვები არ არის.

 

„ამხელა დატვირთვა ამ ფერდზე არ იყო საჭირო, რადგან ეს არის გეოლოგიურად არამდგრადი სტრუქტურა. ნახავთ, რომ გზის გაყოლებაზე მეწყერსაშიში ზონებია და ბარიერებია გაკეთებული, თუმცა ეს ბარიერები დიდს ვერაფერს აკეთებს. სწორედ ამიტომ არ შეიძლება ასეთი სამშენებლო ნებართვების გაცემა და ასეთი ინტენსივობით მიწის ჭრა. ეს არის დანაშაული, რადგან უკვე საფრთხის ქვეშ დგება „მეტრა პარკი“, ახლა ამ პროცესს რა შეაჩერებს? საინჟინრო გადაწყვეტილებას ძალიან დიდი თანხა სჭირდება. შეუძლებელია სამშენებლო კომპანიამ ეს თანხა გადაიხადოს, რადგან მისი გამაგრება არის პრობლემა. ფერდი შესწავლილი არ მაქვს, მარგამ იმდენად ცნობილი ფაქტია, რომ განსაკუთრებული კვლევა არ სჭირდება. უკვე 30-იანი წლებიდან ცნობილია, რომ მანდ მასშტაბური მშენებლობა დასაშვები არ იყო, გეოლოგიის ქრესტომათიაა და რა კვლევა უნდა მომზადებულიყო რომელიც ამას უარყოფდა“, - განმარტავს თეა გოდოლაძე.

 

როგორ განვითარდება მოვლენები და რა გადაწყვეტილებას მიიღებ თბილისის მერია, ჯერჯერობით უცნობია. 

 

ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up