„არცერთ სტრუქტურას პასუხი არ აქვს“ -ცნობილი ექიმი  მე-6 დღეა  ტყვეობაშია

„არცერთ სტრუქტურას პასუხი არ აქვს“ -ცნობილი ექიმი მე-6 დღეა ტყვეობაშია

access_time2019-11-15 16:00:13

საოკუპაციო ხაზთან ცნობილი ტრავმატოლოგის ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებიდან თითქმის ერთი კვირა გავიდა, თუმცა,ხელისუფლებამ ამ ფაქტის შესახებ  გატაცებიდან მხოლოდ, ოთხი დღის შემდეგ გაავრცელა ინფორმაცია და კონკრეტულად ვერც ის თქვა, რა კეთდება იმისათვის,რომ გაფრინდაშვილი  ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლდეს. დღეს კი, ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებული  ახალგორის  სასამართლომ, საქართველოს მოქალაქე ვაჟა გაფრინდაშვილს, ორთვიანი პატირობა შეუფარდა. სასამართლო პროცესი, დღეს გაიმართა.


„ლენინგორის საოლქო სასამართლოს 2019 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით, დაკავებულ საქართველოს მოქალაქე ვაჟა ჯონდოს ძე გაფრინდაშვილის მიმართ მოხდა აღკვეთის ღონისძიების, ორთვიანი პატიმრობის შეფარდება“,-აცხადებენ „კაგებეს“ პრესსამსახურში.


აღსანიშნავია, რომ ექიმის გატაცებასთან დაკავშირებით განსაკუთრებულ აქტიურობას მისი კოლეგები იჩენენ, ისინი  ხელისუფლებასა და საერთაშროსიო სტრუქტურებს გააქტიურებისკენ მოუწოდებენ.   ასევე კითხვები აქვთ პრეზიდენტის დუმილთან დაკავშირებით და აცხადებენ, რომ ამ პროცესებზე ზედამხედველობა სწორედ მაღალ ეშელონებში უნდა ხორციელდებოდეს.


„მივმართავ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს!


მეექვსე დღეა სეპარატისტთა ტყვეობაშია ცნობილი ქართველი ექიმი. ამ ხნის განმავლობაში არავითარი ინფორმაცია არ არსებობს იმის შესახებ, შეიქმნა თუ არა მის დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად სპეციალური სამთავრობო გუნდი, გაკეთდა თუ არა მიმართვა საერთაშორისო სამედიცინო და პოლიტიკური ორგანიზაციების მიმართ; მიმართვა რუსეთის მთავრობისა და რუსეთის სამედიცინო ასოციაციებისადმი, რადგან სწორედ რუსეთი აკონტროლებს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს.

რატომ არ არის პროცესში ჩართული პრეზიდენტის ადმინისტრაცია, რომელსაც უშუალოდ ევალება ასეთ პროცესებზე ზედამხედველობა.

ჯერჯერობით მხოლოდ ინდივიდთა პირადი ენთუზიაზმის და სოციალური ქსელების აქტიურობის იმედად არის დარჩენილი ქართველი პროფესიონალის ჯანმრთელობა და სიცოცხლე.

გთხოვთ დაუყოვნებლივ ჩაერთოთ ამ პროცესში. ქართული საერთაშორისო სამედიცინო დიასპორა, ქართულ-ამერიკული სამედიცინო ასოციაცია მზადყოფნას გამოთქვამს დასახმარებლად.

იმედია გააქტიურდებიან ქართული სამედიცინო ასოციაციებიც და თავიანთ რუს კოლეგებს სთხოვენ დახმარებას და შუამდგომლობას. - წერს სოციალურ ქსელში ქირურგი ზურაბ გურული.


 პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ფაქტთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა და „კომერსანტის“ კითხვაზეც, თუ რამდენადაა ჩართული ადმინისტრაცია გაფრინდაშვილის გათავისუფლების საქმეში, კონკრეტული პასუხი მათ არ აქვთ. 


როგორც „კომერსანტს“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში განუცხადეს, ვაჟა გაფრინაშვილის გათავისუფლების პროცედურაში ჩართულები არიან საერთაშორისო პარტნიორები, გააქტიურებულია ცხელი ხაზი, თუმცა, კონკრეტული ხელჩასაჭიდი ინფორმაცია უწყებას ამ დროისთვის არ აქვს. „კომერსანტის“ კითხვაზე, შექმნილია თუ არა სპეციალური სამთავრობო ჯგუფი მედიკოსის გასათავისუფლებლად, უწყებაში განაცხადეს, რომ  არ არის შექმნილი და ამის საჭიროებაც არ არის, რადგან უსაფრთხოების სამსახური, საგარეო საქმეთა სამინისტრო და შერიგების აპარატი ერთობლივად ცდილობენ საკითხის მოგვარებას.



„საერთაშორისო საზოგადოება და ცხელი ხაზი გავააქტიურეთ, ჟენევის თანათავმჯდომარეები, ეუთო, ყველა შესაძლო ბერკეტი ჩართული გვაქვს. ჩვენ მათ ვეხმიანებით, პასუხი გვაქვს ერთიდაიგივე, გვეუბნებიან, რომ გარკვევის პროცესში არიან.  ერთი რაც ვიცით, ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სპეციალური ჯგუფის შექმნას რა შეეხება,  ამის საჭიროებაც არ არის, იმიტომ რომ მსგავსი შემთხვევევბი ჩვენ არც თუ ისე იშვიათად გვაქვს და მასში ჩართულია ის სტრუქტურები, რომლებიც მუდმივად მუშაობენ ასეთ თემებზე - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საგარეო საქმეთა სამინისტრო  და ჩვენი აპარატი -ჩვენ ერთობლივად ვცდილობთ მის დაბრუნებას. „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლებთანაც გვაქვს კომუნიკაცია და გვითხრეს რომ ე.წ. იზოლატორში მოინახულებენ ბატონ ვაჟას.“- აცხადებენ სამინისტროში.

 

დეფაქტო რესპუბლიკის მიერ 13 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის მიმართ აღძრულია სისიხლის სამართლის საქმე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322 მუხლით, რაც გულისხმობს საზღვრის უკანონო გადაკვეთას.


„სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების“ თავმჯდომარე ნინო ოკრიბელაშვილი აცხადებს, რომ თუკი მდგომარეობა არ შეიცვლება და რამე კონკრეტული ნაბიჯები არ გადაიდგმება, შესაძლოა საოკუპაციო ხაზთან შეიკრიბოს სამედიცინო და არამარტო სამედიცინო სფეროს ყველა წარმომადგენელი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით. მანამდე კი დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქცია  საღამოს 5 საათზე დაიგეგმა. 


„სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების სახელით გამოქვეყნებულ ყველა განცხადებასა თუ მანიფესტს მხარს უჭერს ყველა მედიკოსი,  ყველა მაღალპროფესიული პიროვნებებით დაკომპლექტებული ასოციაცია მაქსიმალურად ერთვება პროცესში. ველოდებით უკუკავშირს ან სახელმწიფოს მხრიდან ან ჩვენი კოლეგების მხრიდან, რომლებიც დღეს იმყოფებიან ცხინვალის რეგიონში. თუ არაფერი შეიცვალა შეიძლება საოკუპაციო ხაზთანაც მივიდეთ.“ - ამბობს ნინო ოკრიბელაშვილი.


ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე თამილა ლაფანაშვილი „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ კოლეგების ძალებით ვრცელდება მიმართვები და წერილები საერთაშორისო სამედიცინო ორგანიზაციებში, თუმცა ჯერჯერობით  ფაქტს გამოხმაურება არ მოჰყოლია.


„როგორც მეუბნებიან, ყველა ორგანიზაცია ჩართულია , მაგრამ ჯერ სამწუხაროდ ახალი ინფორმაცია არ  მიგვიღია . ჩვენ ჩვენი ძალებით ვავრცელებთ მიმართვებს, არა მხოლოდ საქართველოს არამედ მსოფლიო ექიმთა საზოგადოებებისადმი და ვითხოვთ რომ პროტესტი გამოხატონ და დაგვიჭირონ მხარი.


 ჩვენი უწყებები პირველივე დღიდან დაგვიკავშირდნენ, ცხელი ხაზია ჩართული. „წითელ ჯვარსაც“ მივმართე, რადგან ერთადერთი ორგანიზაციაა ვისაც მისი მონახულება შეუძლია,  ველოდები გამოხმაურებას.“ - განაცხადა დაკავებულის მეუღლემ.


თავისუფლება ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს - ამ  მოწოდებით პეტიციაც კი შეიქმნა Manifest.ge-ზე, რომელსაც 2000 ზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს.


საერთაშორისო ექსპერტთა წრეში მიიჩნევენ, რომ მსგავს შემთხვევებზე მყისიერი რეაგირების ბერკეტები წინასწარვე უნდა შეექმნა სახელმწიფოს, ამ შემთხვევაში დეფაქტო რეჟიმი ნაკლებ გამბედაობას გამოიჩენდა ასეთი ნაბიჯების გადადგმისას, თუმცა ამ ქვეყანაში არსებული არასტაბილური მდგომარეობა ამყარებს იმას, რომ რეჟიმს შეუძლია ექიმს სამედიცინო მოვალეობის შესრულებაშიც კი შეუშალოს ხელი მაშინ, როდესაც ომის დროსაც კი მსგავსი რამ დაუშვებელია.


„ასეთ შემთხვევაში საერთაშორისო ზეწოლა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ბერკეტია, თუმცა, იმისთვის, რომ საერთაშორისო ზეწოლის ბერკეტი მაქსიმალურად გამოყენებული იყოს, ამას სჭირდება მთავრობის მიზანმიმართული მუშაობა.  სანამ მოხდება ასეთი ინციდენტი მანამდე უნდა იყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა გამზადებული, ეს გათვლადი პროცესია. ამასთან, რადგან ექიმს ეხება საქმე , ჰუმანიტარული საკითხებიც შემოდის აქ საერთო განტოლებაში. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი არის საერთაშროსიო სამართლის ნორმები , მაგალითად ომის კანონები, რომელიც კრძალავს პირდაპირ, საომარი მოქმედების დროსაც კი ექიმისთვის სამედიცინო საქმიანობისთვის ხელის შეშლას.  ეს არის პირდაპირ საერთაშორისო ტრიბუნალის საქმე და ეს ბერკეტიც არის ძლიან ეფექტურად ასამოქმედებელი. კონკრეტულად ინციდენტზე შეიძლება ამ წუთას მყისიერად ვერაფერი ვერ გააკეთო, წინასწარ არ იყო ის ზომები მიღებული რომელიც გააკონტროლებდა . არ იყო სპეციალური საკომუნიკაციო საშუალებები ჩვენს პარტნიორებთან ასეთი კრიზისის დროს- ამ ყველაფრის ჯამური შედეგია ის, რომ ამდენს ბედავენ.“ ამბობს საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი ბათუ ქუთელია.


„ეს არის შემთხვევა, რომელსაც სჭირდება ხოლმე მყისიერი რეგირება.  ყველა მექანიზმი - წითელი ჯვარი, ცხელი ხაზი, ჟენევა, EUMM,  რომ მოსკოვმაც მიიღოს გზავნილი და ცხინვალმა გაიგოს, რომ ეს არის მიუღებელი ამბავი და არ იქნება ტოლერირებული. როცა ასეთი მწვავე და მყისიერი ზეწოლა ხდება, მერე მალევე უშვებენ დაკავებულს. ჩვენი პრობლემა ისაა, რომ წლების მანძილზე, როცა ასეთი შემთხვევა ხდებოდა, გამოსასყიდების გადახდა დაიწყო მთავრობამ და ამან კიდევ უფრო გაათამამა საოკუპაციო რეჟიმი. ასეთი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად ჩვენი უსაფრთხოების სამსახურები უნდა იყვნენ სოლიდურად წარმოდგენილი“ - განაცხადა „კომერსანტთან“ სერგი კაპანაძემ


ვაჟა გაფრინდაშვილის გარდა საოკუპაციო ძალებს 9 და 11 ნოემბერს ახმაჯთან და ორჭოსანთან საქართველოს კიდევ სამი მოქალაქე ჰყავდა დაკავებული. ცხინვალის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ცნობით, ესენი არიან: 1961 წელს დაბადებული, თბილისში მცხოვრები რამაზ ზადიშვილი; სოფელ გრემისხევის მკვიდრი, 1977 წელს დაბადებული დავით მიშელაშვილი და სოფელ კოდისწყაროში მცხოვრები, 1956 წელს დაბადებული ზურაბ ტუხიაშვილი. ისინი 13 ნოემბერს ახალგორის დე ფაქტო რაიონულმა სასამართლომ ფულადი თანხით დააჯარიმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან გაძევა.


დღეს 17:00 ზე თსუ-ს ეზოში დაგეგმილია სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების აქცია ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით. 


მარიამ მორგოშია





პოლონეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე – სურს თუ არა საქართველოს ტურისტები პოლონეთიდან ?

პოლონეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე – სურს თუ არა საქართველოს ტურისტები პოლონეთიდან ?
access_time2020-07-09 20:30:54
პოლონეთის მმართველი პარტიიდან სეიმის თავმჯდომარის მოადგილემ (ვიცე-მარშალმა), დეპუტატმა მაგოჟატა მარია გოშიევსკამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ის ეხმაურება საქართველოს მხრიდან პოლონეთისთვის საზღვრის არგახსნის საკითხს. “ბანკები და ფინანსები” პოსტს უცვლელად გთავაზობთ: “სურს თუ არა საქართველოს ტურისტები პოლონეთიდან ? გუშინ საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ...

„ნენას“ და „კალვეს“ პროდუქციაში დარღვევები აღმოჩნდა– „Momxmarebeli.ge“

„ნენას“ და „კალვეს“ პროდუქციაში დარღვევები აღმოჩნდა– „Momxmarebeli.ge“
access_time2020-07-09 17:25:58
„Momxmarebeli.ge-ზე“ გამოქვეყნებული კვლევის ფარგლებში შემოწმდა  საქართველოსა და საზღვარგარეთ წარმოებული პროდუქცია.კვლევაში აღნიშულია, რომ შემოწმდა თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში 41 დასახელების სასურსათო პროდუქტი და გერმანიის ლაბორატორია „ევროფინსში“ სუდანის ჯგუფის არასაკვები საღებავების შემცველობაზე შესამოწმებლად იქნა გაგზავნილი. ორგანიზაციის ინფორმაციით, . 5 ნიმუშში საღებავი „სუდან...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-09 21:30:12
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ახალი სატარიფო გეგმა ენერგეტიკაში ინვესტიციებს გაზრდის საქართველოს მთავრობამ მცირე და საშუალო ჰიდროელექტროსადგურების განვითარებისთვის განახლებადი ენერგიის წყაროების მხარდაჭერის ახალი მექანიზმი დაამტკიცა. მხარდაჭერის სქემა მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:...

„სილქნეტის“ მობილური აბონენტები თიბისის მობაილბანკით სარგებლობას ინტერნეტის დახარჯვის გარეშე შეძლებენ

„სილქნეტის“ მობილური აბონენტები თიბისის მობაილბანკით  სარგებლობას ინტერნეტის დახარჯვის გარეშე შეძლებენ
access_time2020-07-09 14:55:15
ონლაინ მომსახურების ხელშესაწყობად, სილქნეტმა არაერთი სერვისი შესთავაზა მომხმარებელს, რომელიც მას დისტანციურად მომსახურების მიღების საშუალებას გაუმარტივებს. ამისათვის, კომპანია ვირუსის გავრცელების ადრეული ეტაპიდანვე ზრუნავს, რათა გაუფრთხილდეს მომხმარებლის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას. ონლაინ საბანკო მომსახურება პროდუქტი ყოველდღიურობისათვის აუცილებელ მომსახურებათა ჩამონათვალშია. ამ მომსახურების სერვისის შეუფერხებლად მიწოდებისაათვის, სილქნეტმა, თიბისისთან ერთად, თავის მომხმარებელს...

ძველი ქარხნების ახალი დანიშნულება - თბილისის ინდუსტრიული მემკვიდრეობა

ძველი ქარხნების ახალი დანიშნულება  - თბილისის ინდუსტრიული მემკვიდრეობა
access_time2020-07-09 19:00:25
პროექტი „თბილისის ინდუსტრიული მემკვიდრეობა“ გულისხმობს გრძელვადიან კვლევით საქმიანობას, რომლის პირველი ეტაპი, თბილისში არსებული ინდუსტრიული ნაგებობების ბაზის შექმნას მოიაზრებს. კვლევის ობიექტი შეიძლება იყოს, მაგალითად, ყოფილი რკინიგზის ჩიხი, ელექტროსადგური, რკინისა და ფოლადის მწარმოებელი საწარმო, ქიმიური წარმოება, ქარხნები და ფაბრიკები, სამრეწველო კომპლექსები. MUA-ს (Multiverse architecture) არქიტექტურულმა გუნდმა მოიპოვა დაფინანსება პროექტისთვის თბილისის ინდუსტრიული...


მსგავსი სიახლეები

up