ანაკლიაში სანაპირო ზოლთან მდებარე ცნობილი მუნიციპალური კაფე-რესტორნის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება. როგორც ზუგდიდის მერიაში „კომერსანტს“ განუმარტეს, აქტიურად მიმდინარეობს ანაკლიაში კაფე-რესტორნის რეაბილიტაცია, დამონტაჟდა კიბე და ლიფტი, გაიწმინდა და შეიღება შენობა. დასრულების ეტაპზეა შემინვითი სამუშოები. სამუშაოებს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი ახორციელებს და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 2 129 650 ლარია.
არსებული კაფე-რესტორნის კონსტრუქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ბიუჯეტის თანხებით აშენდა, რომელზეც 2013 წელს თავად ინფრასტრუქტურის სამინისტრო აცხადებდა, რომ „კაფეების და სასტუმროების მშენებლობა სახელმწიფოს საქმე არ არის და ამისთვის მილიონების ბიუჯეტიდან ფლანგვა მიუღებელია“, თუმცა, ეს შენობა 7 წლის შემდეგაც, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია და მისი რეაბილიტაცია ხორციელდება.
როგორც ცნობილია, რესტორანი მომავალ წელს გაიხსნება და სამართავად კერძო პირს ან კომპანიას ტენდერის მეშვეობით გადაეცემა.
დასრულდა სტიქიის შედეგად დაზიანებული განმუხურის ამფითეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები. რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 059 432 ლარით დაფინანსდა.
ანაკლიასა და განმუხურში მიმდინარეობს ბულვარისა და სანაპირო ზოლის მოწესრიგების სამუშაოები, ასევე გაიხსნა აკვაპარკი „ანაკლია“, რომელიც შიდა ტურიზმის გააქტიურების დღიდან მიიღებს სტუმრებს.
მარიამ მორგოშია