მას შემდეგ, რაც რუსეთმა გაზის ფასის კატასტროფული მატების ფონზე ევროპას ბუნებრივი აირის მიწოდების გაზრდა შესთავაზა, სრულად ახდა ვაშინგტონის პროგნოზი - ევროპა რუსულ გაზზე კიდევ უფრო დამოკიდებული გახდა.
გასულ კვირას გაზის ბაზარზე მკვეთრი მერყეობა დაფიქსირდა - ჯერ ფასმა ახალ მაქსიმუმს მიაღწია, ხოლო პუტინის მიერ მიწოდების ზრდის თაობაზე განცხადების შემდეგ ფასი დავარდა.
სწორედ ესაა ევროპის მხრიდან რუსეთზე მზარდი დამოკიდებულობის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაჩვენებელი. კრემლი კი ელოდება, ევროპა როდის მისცემს ამუშავების უფლებას გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ს, რომელიც რუსეთიდან ევროპაში გაზის დამატებითი რაოდენობის მიწოდებას უზრუნველყოფს.
$11 მლრდ-ის ღირებულების გაზსადენი უკვე აშენებულია.
ვაშინგტონი თავიდანვე ამ პროექტის წინააღმდეგი იყო, რადგან მიიჩნევდა, რომ ის ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას დარტყმის ქვეშ დააყენებდა და მოსკოვს გაზის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენების მეტ საშუალებას მისცემდა.
ობამას და ტრამპის ადმინისტრაციები პროექტის შეჩერებას სანქციების მეშვეობით ცდილობდნენ და ტრამპს ეს თითქმის გამოუვიდა - 2020 წელს მშენებლობა გაურკვეველი ვადით შეწყდა, თუმცა, ჯო ბაიდენმა, გერმანიასთან ურთიერთობების შენარჩუნების მიზნით, პროექტის შეჩერებაზე საბოლოოდ უარი განაცხადა და უკვე სექტემბერში მშენებლობა დასრულდა.
სრულიად აშკარაა, რომ ევროპა ენერგეტიკის საკითხებში რუსეთი მძევალი გახდა, ევროკავშირი და ბრიტანეთი კი ამ კუთხით ძალიან სუსტები არიან და მოსკოვს წინააღმდეგობას ვერ გაუწევენ. ევროპა შიშობს, რომ ზამთარი მოდის და რუსეთი გაზის მიწოდებას კიდევ უფრო შეამცირებს, მანამ, სანამ თავის მიზანს - „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის საკუთარი პირობებით ამუშავებას არ მიაღწევს.
თუმცა, როგორც ჩანს, ეს მარტივი საქმე არ იქნება - Reuters-ის ინფორმაციით, გერმანიის ენერგომარეგულირებელი ჯერ არ დგამს არანაირ ნაბიჯებს, რომლებიც შესაძლო ნებართვის გაცემაზე მიუთითებს.
მეტიც, მარეგულირებელმა ორგანომ გაზსადენის მფლობელებს იმის დამტკიცება მოსთხოვა, რომ ისინი კონკურენციის ნორმებს არ დაარღვევენ და გაზის სხვა მიმწოდებლებს მისი გამოყენების უფლებას მისცემენ - ეს კი სწორედ ის პუნქტია, რომლის წინააღმდეგაც რუსეთის გამოდის და რის გამოც უკვე აშენებული გაზსადენის სერტიფიცირება ფერხდება.
ფინანსური კომპანია Macro Hive-ის გენერალური დირექტორი ბილალ ჰაფიზი დარწმუნებულია, რომ რუსეთი ევროპაში და მსოფლიოში შექმნილ ენერგოკრიზისს თავის სასარგებლოდ იყენებს.
„რა თქმა უნდა, რუსეთი ამ კრიზისის ავტორია - დეფიციტი და ფასების ზრდა მთელს მსოფლიოში ხდება, მათ შორის, იქაც, სადაც რუსულ გაზზე დამოკიდებულება გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ევროპაში. თუმცა ცხადია, რომ რუსეთი ამ ვითარებას ახალი გაზსადენის ამუშავების დაჩქარებისთვის საჭირო ზეწოლის იარაღად ნამდვილად იყენებს“, - მიიჩნევს ის. ფასების ზრდის გამო ევროპის პოლიტიკურ დღის წესრიგში ისევ გამოჩნდა ენერგომატარებლების მიღების წყაროების დივერსიფიცირების საკითხი - პრობლემა, რომელზეც წლების მანძილზე საუბრობენ, მაგრამ ჯერ-ჯერობით უშედეგოდ.
გაზის მიწოდება ევროპაში რუსეთსა და შტატებს შორის ფარული ომის ერთ-ერთი ნაწილია და ის ხშირად ხდება ვაშინგტონს და ბრიუსელს შორის ურთიერთობათა გაუარესების მიზეზი.
ამერიკა ცდილობს თავისი ადგილი ედაიკავოს ვროპის თხევადი გაზის ბაზარზე რუსული ბუნებრივი აირის წილის შემცირების ხარჯზე. ბოლო წლებში ამერიკული გაზის ექსპორტი ევროპაში გაიზარდა, თუმცა, რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებამდე საქმე მაინც ვერ მივიდა - ამიტომაც, საუბრები დივერსიფიცირებაზე ამ ეტაპზე საუბრებადვე რჩება.
cnbc.com