ციხისძირში სასტუმრო და საცხოვრებელი კომპლექსი bamboo Beach Resort-ი 2021 წლის ბოლოს გაიხსნება- ამის შესახებ „კომერსანტს“დეველოპერული კომპანია „რედკოს“ დირექტორმა მალხაზ კუნელაურმა განუცხადა.
„ ციხისძირი ადგილობრივი ტიპის კურორტია, რაც გულისხმობს იმას, რომ ადგილობრივების მხრიდან დაინტერესება მსგავსი ლოკაციის კურორტებზე დიდია. შესაბამისად, ციხისძირის პროექტზე უფრო მეტი აქტივობაა.
Bamboo beach resort-ის მშენებლობა ახლახანს დავიწყეთ და საძირკველის მოწყობის ეტაპზეა. ჩვენი გათვლით პროექტს 18 თვეში დავასრულებთ,“ - აცხადებს მალხაზ კუნელაური.
რაც შეეხება კომპანიის სამომავლო გეგმებს, მათი ინფორმააციით ეკონომიკური აქტივობის შემცირების გამო ახალი პროექტების დაწყება არ იგეგმება.
bamboo Beach Resort-ი დეველოპერული კომპანია „რედკოს“ ახალი პროექტია. სასტუმროსა და აპარტამენტების კომპლექსში გაერთიანებულია 521 პრემიუმ კლასის აპარტამენტი, 119 სასტუმრო ნომერი, კერძო ნავსადგომი, კერძო სანაპირო ზოლი, ღია და დახურული საცურაო აუზები, აკვაპარკი, ზიპლაინი, სპა და ფიტნეს დარბაზები. საოჯახო ტიპის კურორტის პროექტი, საპროექტო კომპანია Green Design Society-მა შეადგინა.
როგორც „კომერსანტს“ „რედკოს“ იურისტმა მალხაზ კუნელაურმა განუცხადა, ადგილზე „მერიოტთან“ დაკავშირებული ბრენდის სასტუმროს განთავსება იგეგმება.
Bamboo beach resort-ის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 70 მილიონ ლარს შეადგენს.
დეველოპერული კომპანია „რედკო“ 2012 წელს დაარსდა და მის პორტფოლიოში საქართველოს მასშტაბით განხორციელებული რამდენიმე პროექტია, როგორებიცაა „ბათუმი თაუერის“ პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსი და 5-ვარსკვლავიანი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო Le Meridien Batumi. ხოლო გუდაურში კომპანია აპარტოტელების ქსელს ავითარებს, გუდაურშივე შენდება სასტუმრო Radisson Blu Gudauri, დედაქალაქში კი საცხოვრებელი კომპლექსი „სახლი მზიურთან“.
ანი ცარციძე