ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი, სვიატლანა ციხანოუსკაია გამოვიდა მოწოდებით, მოეწყოს მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია მის ქვეყანაში კრიზისის მოგვარების მიზნით.
ციხანოუსკაიამ ტვიტერით განაცხადა, რომ „ერთობ მნიშვნელოვანია“ ასეთი კონფერენციის გამართვა ბელარუსის „დემოკრატიული ძალების, ევროკავშირის, რუსეთის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის მთავრობების, პარლამენტების და სამოქალაქო საზოგადოებების“, ასევე ალიაქსანდრ ლუკაშენკას რეჟიმის წარმომადგენლებთან ერთად.
6 მაისს ციხანოუსკაიამ ასევე მოუწოდა ევროკავშირს, გამოაქვეყნოს კომპლექსური გეგმა, რომელიც დაეხმარება სამოქალაქო საზოგადოებას და ქვეყნის ეკონომიკას.
მისი თქმით, მან შესაბამისი თხოვნა გაუგზავნა ევროპის კავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს და საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტებს. უფრო ადრე, იმავე დღეს, ციხანოუსკაია წარდგა აშშ-ის კონგრესის კომისიის წინაშე და თავის შენიშვნებში ასევე ითხოვა საერთაშორისო კონფერენციის გამართვა.
მან თქვა, რომ საჭიროა საერთაშორისო სოლიდარობა და დასძინა, რომ მსოფლიომ უნდა გააცნობიეროს კრიზისი ბელარუსში.
ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა მოუწოდა აშშ-ს, გამოიყენოს დიპლომატია „ლუკაშენკას შემდგომი იზოლაციისთვის“, რათა ხაზი გაესვას, რომ მისი პოლიტიკური მიდგომა წარსულს ჩაბარდა.
www.radiotavisupleba.ge