დუშეთის ისტორიული სახლების რეაბილიტაციის პროექტი ახალი კონტრაქტორის მოძიების შემდეგ განახლდება. როგორც ცნობილია, დუშეთის სახლების რეაბილიტაციის გეგმის შემსრულებელ კომპანია ,,ჯორჯიან ინჟინირინგს“ მუნიციპალური ფონდის გადაწყვეტილებით კონტრაქტი გაუწყდა და ახალი კომპანიის შერჩევა ტენდერის მეშვეობით მოხდება. კომპანია ,,ჯორჯიან ინჟინირინგში“ განმარტავენ, რომ ფონდის უკმაყოფილების მიზეზი უსაფუძვლოა, რადგან თავდაპირველად პროექტი ხარვეზიანი იყო.
როგორც ცნობილია, დუშეთის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში რესტავრაცია უტარდება XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე აშენებულ 42 სახლს, რომელთაგან 24-ს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს მინიჭებული. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს და მისი ღირებულება 6 მილიონ ლარს შეადგენს. რამდენიმე თვის წინ აღნიშნული პროექტის შემსრულებელ კონტრაქტორ კომპანია ,,ჯორჯიან ინჟინირინგს“ კონტრაქტი გაუწყვიტა, მათი თქმით სამუშაოების ჯეროვნად ვერ შესრულების მიზეზით.
„პროექტი არ იყო სრულყოფილი. ამას გარდა, თავიდან ორად გაყვეს პროექტი, როცა ხელშეკრულების მიხედვით, ყველგან უნდა გვქონოდა დაშვება, სინამდვილეში მოგვცეს ნახევარზე დაშვება და მხოლოდ 22 სახლის რეაბილიტაცია გვეხებოდა. იქაც ბევრი პრობლემები შეიქმნა. ჩვენ ალბათ დავაში შევალთ მუნიციპალურ ფონდთან, რადგან ბევრი წარმატებული პროექტი შეგვისრულებია და ასეთი შემთხვევები ჩვენს რეპუტაციაზე უარყოფითად აისახება. მუშაობა გასული წლის მაისში დავიწყეთ, ამ წლის იანვარში კი გაგვაჩერეს. ჯერ ხარისხზე ჰქონდათ გართულება და ძალიან თითიდან გამოწოვილი მიზეზები გვესმოდა. ჩვენ ძალიან დიდი ზარალი მივიღეთ ამ ყველაფრის შედეგად,“ - განმარტავს კომპანია,,ჯორჯიან ინჟინირინგის“ დამფუძნებელი გელა ნინუა.
მუნიციპალურ ფონდში განმარტავენ, რომ შპს „ჯორჯიან ინჟინირინგმა“ არაერთი გაფრთხილება მიიღო, თუმცა საბოლოოდ შესაბამისი სანქციებით ფონდმა მას ხელშეკრულება შეუწყვიტა.
„მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, კონტრაქტორმა კომპანიამ შპს „ჯორჯიან ინჟინირინგმა“ ჯეროვნად ვერ შეასრულა კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულებები. შესაბამისად, მოხდა კონტრაქტის გაწყვეტა შესაბამისი სანქციებით. დაწყებული სახლების დასასრულებლად სამშენებლო სამუშაოები, ასევე დარჩენილი სახლების რეკონსტრუქციაზე სატენდერო პროცედურები დაიწყება მიმდინარე თვის ბოლოს. ხოლო დუშეთის სრული რეაბილიტაციის დასრულება იგეგმება 2021 წლის ზაფხულში,“ - განმარტავენ მუნიციპალური ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
დუშეთის ბულვარის (ცენტრალური პარკი) სამუშაოები დასრულდა 2018 წლის სექტემბერში. რაც შეეხება ისტორიულ სახლების რეაბილიტაციას, შესრულებულია დაახლოებით სამუშაოების 30%. ფონდის განმარტებით, ცენტრალური პარკის რეაბილიტაციისთვის დაიხარჯა 2,633,258 ლარი. რაც შეეხება ისტორიული სახლების რეაბილიტაციას, მისი საორიენტაციო ღირებულება შეადგენს 6 მილიონ ლარს.
ამასთან, მიმდინარეობს დუშეთის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია. სამუშაოების ძირითადი ნაწილი მოიცავს შენობების ფასადების და გარეგანი იერსახის რეაბილიტაციას. თუმცა, საჭიროების განსაზღვრულია ასევე ზოგიერთი შენობის ავარიული ნაწილების და მზიდი კონსტრუქციების გამაგრებითი ღონისძიებები. პროექტის ფარგლებში ხდება ქუჩების კეთილმოწყობას.
მარიამ მორგოშია