საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტს უფლებამოსილების ვადა 31 ოქტომბერს ეწურება. ოთხი წლის წინ, 2016 წელს წინასაპარლამენტო არჩევნების დროს, ფრაქციამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ მოსახლეობას სოციალური კეთილდღეობა და სწრაფი განვითარება დაპირდა. თუმცა, მმართველობიდან ოთხი წლის შემდეგ მოსახლეობა შიმშილობის ზღვარზეა, საქართველოში ფასების საერთო დონე კი რეკორდულად იზრდება. „კომერსანტი“ დაინტერესდა ამ დროის განმავლობაში რა გააკეთეს მმართველი პარტიის დეპუტატებმა მთავარი დანაპირების - „კეთილდღეობის და სწრაფი განვითარების“ შესასრულებლად, რის გამოც ოთხი წლის წინ ამომრჩევლებს ხმას სთხოვდნენ. როგორ აფასებენ საკუთარ სიტყვას და საქმეს დეპუტატების სავარძლებიდან და რას ეუბნებიან ამომრჩევლებს.
„კომერსანტი“ აგრძელებს სტატიების ციკლს, სახელწოდებით — რა წვლილი შეიტანა ქართველი ხალხის კეთილდღეობასა და სწრაფ განვითარებაში თითოეულმა დეპუტატმა ამ ოთხი წლის განმავლობაში.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რევაზ არველაძე „კომერსანტთან“ ამბობს, რომ მმართველ გუნდში კვალიფიკაციის ნაკლებობაა, გარდა ამისა დაპირებული სლოგანის შესრულება ოპოზიციის გამო ვერ მოხერხდა.
„მრავალი მიზეზების გამო ჩვენი დანაპირები იმ დონეზე ვერ შესრულდა როგორც გვინდოდა. ერთი დიდი მიზეზი მსოფლიო რეცესიაა, ეკონომიკური კრიზისები და ასევე რა თქმა უნდა ყველაზე დიდი ხელისშემშლელი ოპოზიციაა. მაგალითად პარლამენტის სხდომაზე გამოაცხადეს, რომ მათი მიზანია ხელისუფლებისთვის ზიანის მიყენება, სწორედ ამას აკეთებდნენ იმ თვალსაზრისით, რომ მთელ მსოფლიოს გააგებინეს თითქოს ჩვენ რუსეთის მოყვანილი და არასანდოები ვართ, ქვეყანა კი დიდი რისკის შემცველია. ამ ყველაფრით ფაქტიურად გზა გადაუკეტეს ინვესტიციების შემოსვლას. ასევე კადრების არასწორი შერჩევა ხდებოდა, ყველა არ იყო იმ ადგილას, სადაც საჭირო იყო. ზოგიერთს პარლამენტარის ფუნქცია ერთმანეთის ლანძღვა მიაჩნია, არადა კანონპროექტებზე მუშაობა და აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის კონტროლია მნიშვნელოვანი, რომლისათვისაც მზად ნახევარიც არ აღმოჩნდა.
ამ პერიოდის განმავლობაში რამდენიმე მნიშვნელოვან კანონპროექტს გამოვყოფდი, ეს იყო კონსტიტუცია და 4 კანონი ენერგეტიკის შესახებ, რომელიც ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენს კომიტეტში არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა მივიღეთ“, - განმარტა რევაზ არველაძემ.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ისკო დასენი „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ დანაპირები ბოლომდე პანდემიის და თანამდებობის პირების შეცდომების გამო ვერ შესრულდა.
„მთელი გუნდი მუშაობდა იმისთვის, რომ ეს სლოგანი შესრულებულიყო. ყველაფერი შეიძლება 100%-ით ვერ შესრულდა, მაგრამ ჩვენს წინ დიდი გამოცდა დადგა რასაც პანდემია ჰქვია, ასევე არ დავასახელებ კონკრეტულად, თუმცა თანამდებობის პირების მხრიდანაც იყო ბევრი შეცდომა. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ვიყოთ მოწინავე ქვეყანა, ცოტა კიდევ უნდა მოვითმინოთ. მე დარწმუნებული ვარ „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებშიც გაიმარჯვებს და მომავალი წლიდან ყველაფერი კარგად იქნება.
რამდენიმე მნიშვნელოვან საკანონმდებლო ინიციატივას გამოვარჩევდი, მაგალითად მივიღეთ კონსტიტუცია, ზოგადად ამ დროის განმავლობაში იურიდიული კომიტეტი აქტიურად საქმიანობდა. თუმცა, ჯერ კიდევ გვაქვს დრო, რომ ჩვენი დანაპირები და სლოგანი „კეთილდღეობა და სწრაფი განვითარება“ შემდეგ 4 წელიწადში ბოლომდე მივიყვანოთ. მნიშვნელოვანია, რომ 2-3 წელიწადში ევროპაში და ნატოში შევიდეთ“, - განმარტა ისკო დასენმა.