საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციამ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს 2021 წლის და 2022 წლის 6 თვის საქმიანობის ანგარიში და სამომავლო გეგმები წარუდგინა.
საქართველოს საზღვაო ტრასპორტის სააგენტოს დირექტორის თამარ იოსელიანის განმარტებით, უკვე 70-მდე სახელმწიფო აღიარებს საქართველოს გაცემულ სერტიფიკატებს,
„ჩემს ანგარიშში გამოვყოფდი მეზღვაურების მიმართულებას - ქართველი მეზღვაურებისთვის გავაფართოეთ დასაქმების არეალი, უკვე დაახლოებით 70-მდე დროშის სახელმწიფო აღიარებს ჩვენს მიერ გაცემულ სერტიფიკატებს, ხოლო ჩვენი მეზღვაურების მიერ საქართველოს ეკონომიკაში შემონატანი დაახლოებით 200 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს", - განაცხადა საქართველოს საზღვაო ტრასპორტის სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა.
მან ისაუბრა ნავსადგურებში არსებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან და დასავლურ ინვესტიციებთან დაკავშირებით. თამარ იოსელიანის განცხადებით ნავსადგურებში იგეგმება ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვა და ყველა სერვისის გაციფრულება.
იოსელიანმა ისაუბრა ასევე ნავსადგურებში გარემოს დაცვით მიმდინარე პროექტებზე, მეზღვაურების განათლების და სერტიფიცირების მიმართულებით დაგეგმილ რეფორმაზე და ამ სფეროში სახელმწიფოს როლის გაძლიერების მნიშვნელობაზე.
„წარმოდგენილი ანგარიშების შედეგად ჩანს, რომ საქართველოში ტვირთბრუნვები რეგიონში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე გაზრდილია. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რის გამოც კომიტეტმა მოისმინა ანგარიშები არის, როგორც მათ მიერ გაწეული სამუშაოების გაცნობა, ასევე ის, თუ რამდენად მზად არის ჩვენი ქვეყნის სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტი, გაუმკლავდეს ამ გამოწვევებს. მნიშვნელოვანია, რომ სააგენტოები ეფექტურად და აქტიურად მუშაობენ, აქვთ შესაბამისი გეგმები და ის გამოწვევები, რომლებიც ამ მიმართულებით არსებობს, შეუძლიათ, რომ ეფექტურად გადაწყვიტონ", - განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა მას შემდეგ, რაც საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის, სახმელეთო ტრანსპორტის და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოების ანგარიშები მოისმინა.