მორატორიუმი აღარ გაგრძელდება - წელს ,,ხვანჭკარას“ მხოლოდ რაჭაში დაამზადებენ.
ღვინის მწარმოებელი კომპანიის ,,თბილღვინო“ დამფუძნებელი, ზურაბ მარგველაშვილი ამბობს, რომ ამით მათთვის არაფერი იცვლება, რადგან გარკვეულ კონდიციამდე ღვინომასალა ისედაც რაჭაში მოჰყავდათ.
„ჩვენ ისედაც რაჭაში ვყიდულობთ ყურძენს, იქ ვამუშავებთ, იქ მიგვყავს გარკვეულ კონდიციამდე როგორც წესის მიხედვითაა და მერე ვახდენთ ღვინომასალის ტრანსპორტირებას და ჩამოსხმისთვის გამზადებას. ასე რომ, ჩვენთვის არაფერი იცვლება იმით, გააგრძელებს თუ არა ღვინის ეროვნული სააგენტო მორატორიუმის ვადებს“, - განუცხადა ,,ბიზნესპრესნიუსს“ ზურაბ მარგველაშვილმა.
შეგახსნებთ, „ხვანჭკარას“ ადგილწარმოშობის ზონაში დაყენების შესახებ წესი წელს ამოქმედდება - ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, ლევან მეხუზლამ ,,ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა.
მისი თქმით, რაჭაში სიმძლავრეები უკვე არსებობს, რომ მოსავლის გადამუშავება ადგილზე მოხდეს.