“კომერსანტის“ ბიზნეს მიმომხილველი ჯაბა დიხამინჯია:  კომპანიები,რომლებიც მომავალი ბიზნესოპერირების წარმატების გარანტი იქნებიან

“კომერსანტის“ ბიზნეს მიმომხილველი ჯაბა დიხამინჯია: კომპანიები,რომლებიც მომავალი ბიზნესოპერირების წარმატების გარანტი იქნებიან

access_time2019-05-22 19:30:32



საკითხავ/გასაანალიზებელი დრო 16 წუთი


მოგესალმებით


ფინანსურ სამყაროში უამრავი სახის ფინანასური გარიგებები ხდება. ინვესტორები, ჰეჯ-ფონდ მენეჯერები ყოველდღიურად ყიდულობენ და ყიდიან უამრავი კომპანიის აქციებს. მათ მფლობელობაში არსებული კომპანიის აქციებზე აღებული პოზიციები ძირითადად გრძელვადიანია.


ამგვარ გარიგებებს ჩვენც ვახორციელებთ. Jdinvestment-ის  გრძელვადიან პორტფელში ამ დროისთვის 6 კომპანიის აქციაზე გვაქვს პოზიცია გახსნილი. ჩვენი მიზანია დავინახოთ კომპანიების ის უპირატესობები, რომლებიც ერთი შეხედვით არ ჩანს, უგულებელყოფილია ფინანსური ანალიტიკოსების მიერ და რომლებიც, ჩვენი აზრით, მომავალი ბიზნესოპერირების წარმატების გარანტი იქნება. სწორედ, ასეთ კომპანიაზე გვინდა დღეს ვისაუბროთ, ეს არის კომპანია The Trade Desk, Inc. -  საფონდო ბირჟაზე ამ კომპანიის აქციის თიკერია TTD.


აღნიშნული კომპანიის აქციები შევიძინეთ 2019 წლის 8 აპრილს. ერთ აქციაში გადავიხადეთ $196,23.


ქვემოთ მოგახსენებთ კომპანიის შესახებ ინფორმაციას. ავხსნი ამ კომპანიის ბიზნესმოდელს, რით სუნთქავს ეს კომპანია, როგორ აგენერირებს მოგებას და რას სთავაზობს თავის მომხმარებლებს. ეს ძალიან საინტერესო კომპანიაა და, ვფიქრობ, თქვენთვის საინტერესო იქნება ამგვარი კომპანიის ბიზნესმოდელის ანალიზი. მაშ ასე, მოკალათდით კომფორტულად და დავიწყეთ.


პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ კომპანია The Trade Desk, Inc განეკუთვნება სარეკლამო ბიზნესსექტორს. ცნობისთვის, მსოფლიოს მასშტაბით სარეკლამო ბიზნესში ფუნდამენტალური ცვლილება იგეგმება და ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ გლობალური სარეკლამო ინდუსტრიის მოცულობა, დოლარში შეადგენს $725 მილიარდ დოლარს. დიახ, საუბარია ამ მოცულობის ბაზრის ფუნდამენტურ ცვლილებაზე, მოდერნიზაციაზე. კომპანიის CEO-ს მიერ გაჟღერებული მესიჯი უმარტივესად ჟღერს და ყოვლისმთქმელია.



9 მაისს კომპანიამ  2019 წლის პირველი კვარტლის ფინანსური მაჩვენებლები წარადგინა, რაც შთამბეჭდავია.


მაგრამ, მიუხედავად საკმაოდ პოზიტიური მაჩვენებლებისა, მონაცემების გასაჯაროების შემდეგ აქციის ფასი დავარდა. ამის მიზეზი უკეთესი მოლოდინი იყო. მაგრამ, როდესაც ვსაუბრობთ გრძელვადიან ინვესტიციაზე, ერთი კვარტლის მონაცემებს დიდი მნიშვნელობა არ უნდა მივანიჭოთ. არც მომდევნო რამოდენიმე კვარტლის მაჩვენებლებს უნდა ქონდეს გავლენა გრძელვადიან მფლობელობაზე, თუ ბიზნესი ვითარდება და იზრდება. ამ მომენტში კი კომპანიის ზრდა სახეზე გვაქვს. და კომპანიის მომავალი ძალიან შთამბეჭდავად გვეჩვენება. ჩვენს პორტფელში Jdinvestment.ge ამ კომპანიის აქციას აქვს ადგილი გრძელი ვადით და მოკლე პერიოდებში მომხდარი ვოლატილურობა კომპანიის აქციის ფასზე, მის მფლობელობაზე ხელს არ აგვაღებინებს. მოდით ახლა ნელ-ნელა დავიწყოთ იმ ფინანსური მაჩვენებლების ანალიზი რომელიც 9 მაისს გახდა საჯარო.



ფინანსური შედეგები


სანამ კომპანიის ბიზნესმოდელის ანალიზზე გადავალ, სადაც შევეცდები ავხსნა კომპანიის ბიზნესმოდელი, რით სუნთქავს ეს კომპანია, როგორ აგენერირებს მოგებას და რას სთვაზობს თვის მომხმარებლებს. მანამდე მინდა ვიზუალურად დაგანახოთ კომპანიის შთამბეჭდავი ზრდა, გასული რამოდენიმე წლის განმავლობაში, თუ რა შედეგებს მიაღწია კომპანიამ თავის ბიზნესოპერირების შედეგად. ჩვენი ყურადღება ამ კომპანიამ მიიპყრო 2016 წელს და მას მერე მუდმივი მონიტორინგის ქვეშ გვყავდა იქამდე, სანამ კომპანიის წილის მფლობელები გავხდებოდით . 


2019 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებლები.


შემოსავლები დაგენერირდა $121 მილიონის ოდენობით. (რაც გასული წლის პირველი კვარტალთან შედარებით 41%-იანი ზრდაა)


ქვემოთ დიაგრამაზე ხედავთ ამ კომპანიის შემოსავლების ზრდის დინამიკას წლების ჭრილში. მონაცემები მოცემულია 2014 წლიდან და მოიცავს 2019 წლის სავარაუდო მოსალოდნელ მონაცემებს.




სრული 2019 წლის შემოსავლები, კომპანიის მოლოდინის მიხედვით იქნება $645 მილიონი რაც 35%-იანი ზრდაა 2018 სრული წლის მაჩვენებლებზე.


აქვე აღსანიშნავია კომპანიის მიერ გაწეული ხარჯები. ბიზნესის განვითარებისთვის წლიდან წლამდე კომპანიის მიერ დახარჯული, ინვესტირებული თანხები სხვადასხვა პროექტების კვლევების და პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა/განახლებების მხრივ, რა თქმა უნდა, მზარდია. 


აქ უნდა მივიღოთ მხედველობაში ის ფაქტი, რომ კომპანია ახლად შექმნილია და განვითარების და ზრდის ადრეულ სტადიაშია. შესაბამისად, როდესაც ვაანალიზებთ ამ სახის კომპანიას, მის ფინანსურ მაჩვენებლებში უნდა ველოდოთ მსუყე ხარჯებს და ეს მოულოდნელი არ უნდა იყოს. ქვემოთ დიაგრამაზე ხედავთ 2014 წლიდან კომპანიის მიერ გაწეულ ხარჯების ზრდის დინამიკას.





EPS კომპანიამ დააფიქსირა $0,49, რომელიც გაზრდილია 2018 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 44%-ით - ანალიტიკოსების მოლოდინი იყო $0,26. ამ მხრივ საგრძნობი გადაჭარბება გვაქვს სახეზე, მოლოდინსა და რეალურ მაჩვენებლებს შორის. (EPS-Earnings Per Share ერთ აქციის წილი მოგება. ამ მაჩვენებლის დაანგარიშება ხდება შემდეგნაირად: მთლიანი მოგება/აქციების რაოდენობაზე.)


Guidance: კომპანიის ხელმძღვანელობამ დააანონსა მომდევნო 2019 წლის მე-2 კვარტლის მოსალოდნელი შემოსავლების რაოდენობა და ეს ციფრია $154 მილიონი. სრული ფინანსური 2019 წლის ბოლოს კომპანიის ხელმძღვანელობა ელოდება შემოსავლებს $645 მილიონის ფარგლებში (4 კვარტალის ჯამური მონაცემი). შეგახსენებთ, რომ ეს მაჩვენებელი მეტია ვიდრე აქამდე არსებული მოლოდინი იყო, რომელიც შეადგენდა $634 მილიონს. ეს საკმაოდ პოზიტიური ინფორმაციაა ინვესტორებისთვის.


მსოფლიოში, სატელევიზიო ციფრული რეკლამირების ბუმი იგეგმება. ეს მიმართულება სრულებით ახალია. რას ნიშნავს ციფრული რეკლამირება? ამ მიმართულებას ქვემოთ დეტალურად მიმოვიხილავთ. კომპანია, რომელზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ და ვაანალიზებთ, სწორედ ამ მიმართულებით ვითარდება და ყველაზე მოწინავედ ითვლება სარეკლამო ინდუსტრიის ტრანსფორმაციის თვალსაზრისით. რომელიც გავიმეორებ $729 მილიარდი დოლარის მოცულობის ბაზარია.


კომპანიის ბიზნესმოდელის ანალიზი


დღევანდელ მსოფლიოში 4,7 მილიარდი ადამიანი იყენებს მოწყობილობას ყოველდღიურად, რომელიც მიერთებულია ინტერნეტთან. მობილური ტელეფონები, პლანშეტები, აუდიო პლეერები, ჭკვიანი ტელევიზორები. ლეპტოპები, კომპიუტერები. და სხვა.


სწორედ ამ მოწყობილობებიდან ხდება წვდომა უამრავ საინფორმაციო, ვიდეო, აუდიო კონტენტებთან, სოციალურ ქსელებთან. ეს ადამიანები, იგივე მომხმარებლები, ერთმანეთისგან განსხვავდებიან უამრავი ნიშნით, სხვადასხვა დემოგრაფიული მონაცემებით. ქცევით, გემოვნებით, სოციალური სტატუსით, შესაბამისად მათ ინტერესების სფერო სხვადასხვაა. და ეს ადამიანები როგორც არ უნდა იყენებდნენ თავიანთ ჭკვიან მოწყობილობებს მათ უწევთ უამრავი სახის რეკლამების ნახვა უამრავი კომპანიის ან პროდუქტის ან სერვისის შესახებ.


მაგალითისთვის: კომპანია Facebook, Inc. - ის მომხმარებელს, ან კომპანიას შეუძლია განათავსოს თავის პროდუქტის ან სერვისის რეკლამა და მიზნობრივი აუდიტორიასაც თვითონ უთითებს, არჩევს. ამ მხრივ უფრო დეტალურად შეიძლება სარეკლამო კამპანიის დაგეგმვა. მიზნობრივი აუდიტორიის წლოვანების, გეოგრაფიული არეალის და ინტერესების მიხედვით. ეს მცირე ჩამონათვალია იმ ფილტრების რომელიც შესაძლებელია მითითებული იყოს რეკლამის განთავსების დროს. დაახლოებით იგივე მიდგომა აქვს კომპანია Alphabet Inc. (GOOGL) ზერეკლამის განთავსების დროს. იგივე ხდება სხვა სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსების დროს. მაგრამ აქ მცირე უხერხულობა იქმნება იმ მხრივ რომ, რეკლამის განთავსებულს ცალ-ცალკე უწევს ამ სოციალურ ქსელებთან კომუნიკაცია.


მეორეს მხრივ სატელევიზიო რეკლამის მომზადების და განთავსების დროს, მიზნობრივი აუდიტორიის ამ სახის დეტალიზაცია და სეგმენტირება არ ხდება. ერთ და იგივე გადაცემის მაყურებელი უყურებს ერთსა და იმავე სარეკლამო რგოლს და აქ არანაირი მნიშვნელობა არ ააქვს მომხმარებლების ინტერესებს. მაგალითად, თუ სატელევიზიო რეკლამის დროს გადის რომელიმე მსხვილი ავტომობილის საბურავების მწარმოებელი კომპანიის, საბურავების რეკლამა, ამას უყურებს ადამიანი ვისაც შეიძლება ეს რეკლამა აინტერესებდეს და ადამიანი ვისაც საერთოდ არ ყავს ავტომანქანა.



ჭკვიანი ტელევიზორების შემთხვევაში, ტელევიზორები, რომლებიც მიერთებულია ინტერნეტთან და სერვისებს ღებულობენ ინტერნეტის უწყვეტი ნაკადით, ესეთი სეგმენტირება უკვე შესაძლებელი ხდება. ახლა წარმოიდგინეთ კომპანია რომელსაც, გააჩნია სუპერთანამედროვე პლატფორმა. აღჭურვილი ხელოვნური ინტელექტის მოდულით, რომელსაც აქვს უამრავი მომხმარებლის მონაცემები და ამ პლატფორმაზე არის შესაძლებელი რეკლამის განმათავსებელმა თვითონ დაგეგმოს სარეკლამო კამპანია და სრულიად ინტერნეტი მოიცვას ამ რეკლამით. ამ ჩამონათვალში შედის როგორც ინტერნეტ ასევე სატელევიზიო რეკლამაც. სწორედ ამ მომსახურეობას სთავაზობს კომპანია The Trade Desk, Inc და სწორედ ამ უპირატესობების გამო გავხდით ამ კომპანიის აქციების მფლობელები.


უფრო დეტალურად - The Trade Desk, Inc არის ტექნოლოგიური კომპანია რომელიც სათავეში უდგას ციფრული რეკლამირების რევოლუციას. არ აქვს მნიშვნელობა ეს არის Facebook, Twitter, YouTube, Amazon, Roku. ეს კომპანია ითამაშებს უმთავრეს როლს, როგორ გადანაწილდეს სარეკლამო ხარჯები ამ კომპანიებს შორის. ეს არის კომპანია, რომელიც რეკლამის დამკვეთსა და სავარაუდო პოტენციურ მომხმარებელს შორის იდგება. ეს არის და იქნება პროგრამირებული რეკლამირების უპირატესობა.



დღეის მდგომარეობით ციფრული რეკლამირების მხრივ დახარჯული თანხები მიედინება კომპანიებში Facebook, Google და მესამე ადგილს იკავებს Amazon და შემდეგ მოდის ასევე კომპანია Roku.Inc. (ჩვენ, ამ კომპანიის აქციებზეც ვფლობთ გრძელვადიან პოზიციას.)


ინვესტორი, ვისაც სურს, გააკეთოს ინვესტიცია კომპანიაში, რომელიც მომავალში სარეკლამო ბაზრის დიდი წილის მფლობელი იქნება უნდა გამოიცნოს ამ კომპანიებს შორის რომელს აქვს მეტი პოტენციალი ამ მხრივ. მაგრამ რა საჭიროა გამარჯვებულის გამოცნობა, როდესაც არის შესაძლებელი, რომ ავირჩიოთ კომპანია რომელიც, მიზანმიმართულია ყველა ინტერნეტ საინფორმაციო რესურსებზე და პლატფორმაზე რეკლამის განთავსებაზე? კომპანია The Trade Desk, Inc- მა შექმნა პლატფორმა, რომელიც დაფუძნებულია კომპიუტერულ პროგრამირებაზე და ავტომატიზირებულად განათავსებს ციფრულ რეკლამას რეალურ რეჟიმში იმ ადგილზე (არ ააქვს მნიშვნელობა ეს ონლაინ პლატფორმა იქნება თუ სატელევიზიო გადაცემა), სადაც ამ რეკლამას ექნება მაქსიმალური ეფექტი რეკლამის განმათავსებელი კომპანიისთვის თუ კერძო პირისთვის. თუ შეხვალთ კომპანიის ვებ გვერდზე ნახავთ შემდეგი სახის შესაძლებლობებს რეკლამირების თვალსაზრისით.



ეს არის ტექნოლოგიური კომპანია ტექნოლოგიურ სეგმეტში, რომელიც განიცდის ბუმს (პროგრამირებული რეკლამირება), რომელიც ასევე მოთავსებულია სხვა სეგმენტში, რომელიც ასევე განიცდის ბუმს (ციფრული რეკლამირება) და რომელსაც აქვს წვდომა ყველა ციფრულ მედია პლატფორმასთან, შეერთებული შტატების ტერიტორიაზე. 


ეს რაც შეეხებოდა კომპანიის ბიზნესმოდელს და ის თუ რა ტრანსფორმაციას გადის მსოფლიო სარეკლამო ბაზარი.


დავუბრუნდეთ ფინანსურ მაჩვენებლებს: კომპანიის პლატფორმიდან რეკლამის განთავსება და მიზნობრივი აუდიტორიისთვის მიწოდება. დაუკვირდით ზემოთ ფოტოზე, კომპანიის სარეკლამო არხების ჩამონათვალში სახელით Advertising Channels: 


• Smart ტელევიზორებში მიზნობრივი რეკლამის განთავსებისთვის, მომხმარებლების მიერ გადახდილი სარეკლამო კამპანიისთვის, თანხობრივი მოცულობა გაზრდილია 300% ით. 2018 წლის პირველ კვარტალსა და 2019 პირველ კვარტალს შორის პერიოდში.


• აუდიო რეკლამების მხრივ ფიქსირდება 270%-იანი ზრდა. 2018 წლის პირველ კვარტალსა და 2019 პირველ კვარტალს შორის პერიოდში.


• 45% დახარჯული სარეკლამო კამპანიის თანხისა, მოდის მობილურ ტელეფონებზე


• 2019 წლის პირველ კვარტალში მომხმარებლების მიერ მობილურ ვიდეო აპლიკაციებში შეკვეთილი სარეკლამო რგოლებისთვის, თანხობრივი მოცულობა გაზრდილია 60%-ით.


როგორც ხედავთ კომპანიის მიერ შეთვაზებული ყველა სერვისის გამოყენება საკმაოდ მზარდია წლიდან წლამდე.


კომპანია მზარდია და ამას მოწმობს ევროპის და აზიის ბაზრებზე ოფისების გახსნა და თვის უნიკალური სერვისის შეთავაზება. 8 მაისს კომპანიის CEO-მ Jeff Green- მა განაცხადა: ევროპის ბაზრებზე გვაქვს ასევე შთამბეჭდავი ზრდა, ოფისები ჰამბურგსა და მადრიდში გენერირებული თანხები სარეკლამო კამპანიისთვის 12 თვეში გაზრდილია საშუალოდ 120% ით.


ამონარიდი მისი კონფერენციის ტრანსკრიპტიდან.



ამ დროისთვის, უამრავი მსხვილი, ცნობილი კომპანია იყენებს თავიანთი სარეკლამო კამპანიისთვის კომპანია The Trade Desk, Inc-ის პლატფორმას. მე საუბარია მაქვს მსხვილ, მასშტაბურ კომპანიებზე.


კიდევ ერთი ნიუსი - კომპანიამ მარტის თვეში მოახერხა ჩინეთის ბაზარზე შესვლა და ეს გრანდიოზული მოვლენაა მისი მომავალი ზრდის თვალსაზრისით. ვინაიდან ჩინეთის ბაზარი ძალიან სპეციფიკურია. ბაზარი, სადაც არ აქვს წვდომა უმსხვილეს კომპანიებს, როგორიცაა Google.com და არცერთ Google-ის პროდუქტს. მაგალითად, youtube.com-ს, Facebook.com-ს და სხვა უამრავს, მაგრამ ჩინეთში ამ კომპანიის ალტერნატიული კომპანიები არსებობს, რომელებიც ასევე მოცულობით საკმაოდ მძლავრი კომპანიები არიან.  კომპანია Google.com-ის მსგავსი კომპანიაა Bidu.com-ი, რასაც წარმოადგენს youtube.com ჩინეთში არის iQIYI, Inc. (IQ) და სხვა უამრავი. ასე, რომ ეს ნიუსი თითქოს მიმალულია Wall Street-ის ანალიტიკოსებს შორის და ამ ინფორმაციის გასაჯაროება არასათანადოდ მოხდა. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, ეს ნაბიჯი მომდევნო კვარტლებში წარდგენილ ფინანსურ მაჩვენებლებს საკმაოდ მაღალ ნიშნულზე აწევს, რაც ამ კომპანიის აქციის ფასის საკმაოდ დიდი ნაბიჯით ზრდა მოჰყვება.


ჭკვიანი ტელევიზორების შესაძლებლობები სარეკლამო ინდუსტრიაში.


ჩვენ Jdinvestment.ge -ის გრძელვადიან პორტფელში მფლობელობაში გვაქვს კომპანია Roku, Inc. აქციები  (ROKU) ეს არის კომპანია, რომელსაც აქვს ამბიცია იყოს სატელევიზიო სივრცეში, როგორც ოპერატიული სისტემა, მაგალითად, როგორიც არის Windows პერსონალური კომპიუტერისთვის, როგორც Android-ია მობილური ტელეფონისთვის. ისეთივე ოპერატიული სისტემა იყოს ROKU ტელევიზიისთვის. ამ კომპანიის ანალიტიკურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ლინკზე. http://www.jdinvestment.ge/ka/news/40



კომპანია The Trade Desk, Inc– ის, CEO-მ ,Jeff Green-მა ხმამაღლა განაცხადა ყველაზე მნიშვნელოვანი არხი ჩვენი კომპანიისთვის ეს არის სატელევიზიო სივრცე და კონკრეტულად Smart ტელევიზორების ინდუსტრია. ვინაიდან სატელევიზიო რეკლამირება განიცდის ფუნდამენტალურ ცვლილებას. კომპანია eMarketer-ის ცნობით, სატელევიზიო რეკლამებში დახარჯული თანხის მხოლოდ 2,8% იქნება პროგრამირებული რეკლამირების არხების მეშვეობით 2019 წელს. ეს ნიშნავს, რომ ამ მიმართულებას უზარმაზარი ზრდის პოტენციალი გააჩნია კომპანიისთვის. მე მყარად მჯერა, რომ მომავალში 100% სატელევიზიო რეკლამებში დახარჯული თანხების, გაივლის პროგრამირებულ რეკლამირების არხებს და სწორედ ამ მომსახურეობას სთავაზობს The Trade Desk, Inc-ი მომხმარებლებს. ციფრებიდან ჩანს, რომ როგორც ინდუსტრია, ეს ახალია და ახლა იკრეფს ძალებს.



2018 წლის მე-4 კვარტალში კომპანიამ დაარეპორტა 900%- იანი ზრდა იმ სარეკლამო თანხების, რომელიც გავიდა ჭკვიანი ტელევიზორებში ინტერნეტ გადაცემების ყურების დროს. ეს მეორეს მხრივ ჩვენს მეორე კომპანიის კეთილდღეობაზე ასხამს წყალს - ეს კომპანიაა Roku, Inc-ია. ინტერესისთვის აუცილებლად გაეცანით ამ კომპანიის ანალიტიკურ ინფორმაციას. რომელსაც იხილავთ აქ http://www.jdinvestment.ge/ka/news/40.



კომპანის CEO-მ Jeff Green-მა ხმამაღლა განაცხადა, ჩვენ მოწმენი ვართ თაობის ცვლილების, რომელიც ერთმანეთთან დააკავშირებს ტელევიზიას და ინტერნეტს და ამ სინთეზს უდიდესი ცვლილება მოჰყვება სარეკლამო მიმართულებით. როგორც უკვე ცნობილია, 10 წელიწადში საკაბელო ტელევიზია, ფაქტობრივად, აღარ იარსებებს და სარეკლამო ინდუსტრია იქნება სრულად ავტომატიზირებული. თანამედროვე ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტის პროგრამები, თვითონ განსაზღვრავენ, რომელი რეკლამა, რომელ სივრცეში, რა ინტენსივობით, რომელ ინტერესთა ჯგუფს, როდის აჩვენოს და არანაირი მნიშვნელობა არ ექნება იმას ეს სივრცე სოც ქსელია თუ სატელევიზიო გადაცემა - ეს გრანდიოზულია. დამკვეთი მხოლოდ იხდის ფულს და გეგმავს სარეკლამო კამპანიას. ერთ ადგილზე ერთ პლატფორმაზე. დანარჩენს აკეთებს პროგრამა.


2018 წლის მე-3 კვარტლის ფინანსური მაჩვენებლების წარდგენის დროს კომპანიის დამფუძნებელმა ასევე განაცხადა: გთავაზობთ თარგმანთან მიახლოებულ ინფორმაციას. 


შეერთებული შტატების გარეთ, ყველა რეალიზაციის ოფისმა შთამბეჭდავი ზრდა დააფიქსირა, ესპანეთის ბაზარზე კომპანიის გაყიდვები გაიზარდა ერთ წელიწადში 380%-ით. გერმანიაში ჰამბურგის ოფისმა 206%-იანი ზრდა დააფიქსირა. ჰონკონგის ოფისმა 107%-იანი, როგორც ხედავთ, ჩვენ გიგანტური ნაბიჯებით ვიზრდებით.


კომპანია, მოყოლებული 2013 წლიდან მუდმივ ზრდას განიცდის, არცერთი ფინანსური კვარტალი არ ყოფილა ზრდის შენელება და ეს ძალიან იმედის მომცემია ჩვენი გრძელვადიანი ინვესტიციისთვის.


ჩინეთს ბაზრის პოტენციალი


26 მარტს კომპანიის ხელმძღვანელობამ დააანონსა, რომ მათთვის ხელმისაწვდომი გახდა ჩინეთის სამომხმარებლო ბაზარი და მათ წარმატებით გაუშვეს თავიანთი პლატფორმა ჩინეთის ინტერნეტსივრცეში.ეს სიახლე მნიშვნელობით ძალიან მნიშვნელოვანი ნიუსია.


სანამ დეტალებზე გადავიდოდეთ მანამდე მინდა აღვნიშნო, რომ ნებისმიერ ტექნოლოგიურ კომპანიას რომელსაც, სურვილი აქვს და წვდომაც ჩინეთის სამომხმარებლო ბაზარზე, აუცილებელია პარტნიორობა. ეს იწყება და მთავრდება სამი კომპანიის პარტნიორობით ესენია: Tencent, Alibaba და Baidu. დასავლეთის მაგალითზე, რომ გადავთარგმნოთ იგივეა რაც, Facebook-თან, Amazon-თან და Google-თან პარტნიორობის დამყარება. თუ ერთ-ერთთან მაინც ვერ დაამყარებთ პარტნიორობას, ბიზნესს აზრი არ აქვს. 



კომპანია The Trade Desk, Inc- მა ჩინეთის ბაზარზე შესვლის ინფორმაციის გასაჯაროების დროს განაცხადა, რომ მას სამივე ამ კომპანიასთან დამყარებული აქვს პარტნიორობა და პრეზენტაცია მოკლე ვიდეო როლიკით დაიწყო. ამ ვიდეორგოლს გთავაზობთ ქვემოთ.






არის ვიდეო კონტენტების სადისტრიბუციო ინტერნეტქსელი. ის ჩვენთვის კარგად ცნობილი Youtube.com-ის ანალოგია. მნიშვნელოვანი განსხვავებით ის ასევე არის კომპანია Netflix -ის ანალოგიც. ანუ ორივე კომპანიის ბიზნესმოდელს Youtube.com და Netflix ის ბიზნესმოდელს აერთიანებს თავის თავში.


Youko არის ასევე ვიდეო სერვისების დისტრიბუციით დაკავებული, რომელიც კომპანია Alibaba-ს მფლობელობაშია და, რა თქმა უნდა, ჩინური გიგანტური შესაძლებლობების კომპანია Tencent Marketing Solution.


ეს ნიშნავს, რომ ყოველი ვიდეოპლატფორმა, რომელსაც მნიშვნელობა აქვს ჩინეთის სამომხმარებლო ბაზარზე მოცულია ამ კომპანიების მიერ და ამ კომპანიებთან პარტნიორობა The Trade Desk-ს, Inc-ს უსაზღვრო შესაძლებლობებს აძლევს.


ჩვენთვის კარგად არის ცნობილი, რომ ჩინეთის ბაზარი ძალიან რთული ბაზარია დასავლური ტექნოლოგიური კომპანიებისთვის შესაღწევად. ეს არის ქვეყანა, სადაც სახელმწიფო პროტექციონიზმი მძლავრად მუშაობს.


რატომ მიიღო ასეთი პრივილეგია კომპანიამ ჩინეთის ბაზარზე?


კომპანია The Trade Desk, Inc-ი არის სრულიად საპირისპირო ვიდრე კომპანია GOOGLE ან Facebook-ი -ის დამოუკიდებელია. ის ქმნის საერთო ეკოსისტემას სარეკლამო ინდუსტრიაში და ეს გლობალურია.


Benson Ho, რომელიც არის კომპანის Tencent-ის the Chief Data Strategy Officer. განაცხადა ერთობლივი პრეზენტაციის დროს. ამონარიდი.



ჩინეთი დიდი ბაზარია. მაგრამ რამდენად დიდი?


შემდეგი დიაგრამა თავისი მნიშვნელობით გონებას აფეთქებს. დიაგრამაზე ხედავთ ინტერნეტპენეტრაციის ზრდის დინამიკას ჩინეთს მოსახლეობაში.




მონაცემები მოძველებულია, ერთს დავამატებ 2018 წელს ინტერნეტმომხმარებლების რაოდენომა 800 მილიონს ასცდა და კიდევ მზარდია.


წარმოდგენისთვის ეს მაჩვენებელი 2 ჯერ მეტია ვიდრე მთლიანად შეერთებული შტატების მოსახლეობა.


ჩინეთში, მოსახლეობის საშუალო ფენა სწრაფად მზარდი სეგმენტია. ფაქტია, რომ ის უკვე მოცულობით საკმაოდ დიდია, მაგრამ მოკლე ხანში ის გახდება გაცილებით დიდი, უფრო დიდი, ვიდრე შეერთებული შტატების მოსახლეობაა მთლიანად. უფრო მეტიც, ეს საშუალო ფენა არა მარტო იზრდება, ის ასევე ხდება უაღრესად მდიდარი. ამ მიმართულებით საინტერესო ანალიტიკურ ინფორმაციას იხილავთ აქ - https://www.businesswire.com/news/home/20190326005116/en/


დიაგრამას, რომელსაც თქვენ ახლა ხედავთ, არის McKinsey მიერ მომზადებული.



რა ინფორმაციას ვხედავთ ამ დიაგრამაზე? ჩინეთის ურბანული მოსახლეობის საშუალო და მდიდარი ფენა სწრაფად მზარდი სეგმენტია, (წითელი მართკუთხედი) თუ დავაკვირდებით 2012 წლიდან 2022 წლამდე ეს 2 სეგმენტი იზრდება 182 მილიონიდან 300 მილიონამდე. (წითელ მართკუდხედში, სვეტების ნაცრისფერი და მუქი ლურჯი მონაკვეთი) ეს 65% იანი ზრდაა. სეგმენტი Mass Middle Class 2012- დან 2022 წლამდე დავა 54% იდან 22%- ამდე და ეს კლება აისახება ასევე საშუალო ფენის ზრდაში. მოსახლეობა ხდება ნელნელა უფრო შეძლებული.

რაც შეეხება ურბანაბული მოსახლების ყიდვისუნარიანობას (მწვანე მართკუთხედი) საშუალო ფენის ყიდვისუნარიაონობა იზრდება 8,44 ტრილიონი იუანიდან 25,5 ტრილიონ იუანამდე. ეს 204%-იანი ზრდაა მოცემულ პერიოდში.

აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ჩინეთის ბაზრის შესაძლებლობები კომპანიის მომავალი ზრდის საწინდარია და ჩვენ ამ მხრივ საკმაოდ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი ჩვენს ინვესტიციასთან დაკავშირებით.

ამ დროისთვის სულ ეს იყო. მომავალში ჩვენ კიდევ შემოგთავაზებთ კომპანიის შესახებ მნიშვნელოვან განახლებებს.

ზემოხსენებული ინფორმაცია გახლავთ Jdinvestment.ge ს მიერ მომზადებული ანალიტიკური ინფორმაცია და ეს არ წარმოადგენს საინვესტიციო რეკომენდაციას. ინფორმციას  მხოლოდ საგანმანათლებლო დატვირთვა აქვს.

მადლობა რომ გვკითხულობთ.













საქართველოში პირველი 24/7 აუთსორსინგული ქოლ ცენტრი K•Call-ი რუსთავში ახალ ფილიალს ხსნის

საქართველოში პირველი 24/7 აუთსორსინგული ქოლ ცენტრი K•Call-ი რუსთავში ახალ ფილიალს ხსნის
access_time2019-09-15 17:00:43
კომპანია K•Call-ი ქოლ ცენტრის მომსახურებას დისტანციურად ახორციელებს 24 საათიან რეჟიმში და მათი საქმიანობა ძირითადად გულისხმობს კომპანიებისთვის ხარჯების შემცირებასა და რესურსების სწორად გადანაწილებას. კომპანია აქტიურად თანამშრომლობს როგორც მცირე, ისე საშუალო და მსხვილ ბიზნესებთან.  K•Call -ი წარმოადგენს მარკეტინგული კომპანია  Sales Partner...

ვასილ სოფრომაძე - არ ვაპირებ საგანგებო სიტუაციების სამსახურის მოთხოვნის შესრულებას და სასამართლოში სარჩელი შემაქვს

ვასილ სოფრომაძე - არ ვაპირებ საგანგებო სიტუაციების სამსახურის მოთხოვნის შესრულებას და სასამართლოში სარჩელი შემაქვს
access_time2019-09-15 13:30:08
არ ვაპირებ საგანგებო სიტუაციების სამსახურის მოთხოვნის შესრულებას და სასამართლოში სარჩელი შემაქვს,- ამის შესახებ ბიზნესმენი ვასილ სოფრომაძე ვიდეომიმართვაში საუბრობს, სადაც სახანძრო უსაფრთხოების საკითხზე მისი კომპანიის მიმართ განხორციელებულ მოქმედებებს განიხილავს. ბიზნესმენი ხელისუფლებას ურჩევს, ეს თუ ის ნორმა ევროპული გამოცდილებიდან აიღოს და არა საბჭოთა კავშირის წესებიდან. „ფრესკოს“ ყველა ობიექტი მიღებულია ექსპლუატაციაში კანონის დაცვით. ამ ხნის...

როგორ ააშენა Alibaba-ს დამფუძნებელმა მრავალმილიარდიანი ბიზნესი ჩინეთში

როგორ ააშენა Alibaba-ს დამფუძნებელმა მრავალმილიარდიანი ბიზნესი ჩინეთში
access_time2019-09-15 16:00:15
Alibaba Group-ის დამფუძნებელმა ჯეკ მამ 10 სექტემბერს, 55-ე დაბადების დღეს, დატოვა მის მიერ შექმნილი ტექნოლოგიური გიგანტის დირექტორთა საბჭოს თავჯდომარის პოსტი... მილიარდერმა, რომელიც ჯერ იყო ინგლისური ენის მასწავლებელი, მანამდე კი - ენერგიულ ბიჭი, რომელიც ქუჩაში დასდევდა ინგლისურენოვან ტურისტების ენის შესწავლისთვის, შეასრულა დავოსის ეკონომიკური ფორუმის დროს მიცემული დაპირება - „სამყარო იმდენად მშვენიერია, რომ არ მესმის, რატომ უნდა ვიყო მუდამ...

ახალგორელები საოკუპაციო ადმინისტაციის ხელმძღვანელს მიმათავენ

ახალგორელები საოკუპაციო ადმინისტაციის ხელმძღვანელს მიმათავენ
access_time2019-09-15 14:00:32
ახალგორის მოსახლეობა  ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტს ანატოლი ბიბილობს თხოვნით მიმართავს არ დაიხუროს საზღვარი საქართველოსთან. წერილში ნათქვამია, რომ ეს გზა აუცილებელია ახალგორელებისთვის. „ჩვენს რაიონში არის ბერვი ონკოდაავადებული და მათი უმრავლესობა მკურნალობს თბილისში. არიან ავადმყოფები, რომლებსაც ესაჭიორებათ სასწრაფო ოპერაცია. შეუძლებელია ყველა პრობელმის ჩამოთვლა. ჩვენ ვერ მიგვაქვს ჩვენი ხმა ადგილობრივ ხელმძღვანელობამდე და...

მეთიუ ბრაიზა: ვფიქრობ, საქართველოს მთავრობა საკმარისად ჭკვიანია, ისწავლოს 2003 და 2007 წლების გაკვეთლებიდან, თუ როგორ რეაგირებს აშშ

მეთიუ ბრაიზა: ვფიქრობ, საქართველოს მთავრობა საკმარისად ჭკვიანია, ისწავლოს 2003 და 2007 წლების გაკვეთლებიდან, თუ როგორ რეაგირებს აშშ
access_time2019-09-15 18:00:01
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა დიპლომატმა, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა მეთიუ ბრაიზამ თბილისში ყოფნის დროს „ინტერპრესნიუსს“ ვრცელი ინტერვიუ მისცა. ინტერვიუში ბრაიზამ ბევრ სხვადასხვა თემაზე ისაბრა, მათ შორის, ნატოს ყოფილი გენერალური...


მსგავსი სიახლეები

up