ჩვენ დავანგრიეთ საბჭოთა კავშირი, მაგრამ საბჭოთა ადამიანს ვერაფერი მოვუხერხეთ, - ამის შესახებ კომპანია “კავკასუს როუდ პროჯექტის” ხელმძღვანელმა პაატა ტრაპაიძემ Business Media Lunch-ის ფარგლებში განაცხადა, სადაც სახელმწიფო ტენდერებზე მსჯელობდნენ.კომპანია ხშირად იღებს მონაწილეობას სახელმწიფო ტენდერებში და გზების მშენებლობით არის დაკავებული.
პაატა ტრაპაიძე აცხადებს, რომ დღევანდელ სახელმწიფო შესყიდვებში არასწორი მიდგომაა, როდესაც ტენდერში კომპანიის გამარჯვება მხოლოდ ფასზეა დამოკიდებული და ნაკლები ყურადღება ექცევა ხარისხს და გრძელვადიან პერიოდში პროექტის მდგრადობას.
“ბრეჟნევი ამბობდა მაგალითად, რომ “ჩვენი ეკონომიკა არის, სწრაფი, ხარისხიანი და იაფი”. სინამდვილეში ეს სამი ცნება აბსოლუტურად შეუთავსებელია საბაზრო ეკონომიკისთვის.ჩემი აზრია, რომ ეკონომიკა უნდა იყოს სწრაფი, ხარისხიანი და ოპტიმალური ფასით და არა - იაფი.
არ შეიძლება წყლის შესყიდვა, ღვინის შესყიდვა, ბენზინის შესყიდვა და გზის შესყიდვა ერთი პრინციპით ხდებოდეს. გზა არის ხანგრძლივი მოხმარების პროდუქტი. ჩვენ დღეს რას ვაკეთებთ? ძალიან ხშირად ტენდერს ვატარებთ გზაზე, ვაკეთებთ გზას და იმ გზას ვუბრუნდებით 3-4 წლის შემდეგ ისევ.
დაწყებული წინა მთავრობიდან ამ მთავრობაშიც ძალიან ხშირად მოისმენთ ანგარიშებს, რომ “დავზოგეთ 20 მილიონი, დავზოგეთ 25 მილიონი”. მე კითხვა მაქვს: რამდენი ხნის განმავლობაში?!”, - აცხადებს პაატა ტრაპაიძე.
BMG