ქართული კომპანია „ჩიზზზი - არაჩვეულებრივი აჭარული“, რომელიც სულ ახლახანს ბაზარზე შეფუთული აჭარული ხაჭაპურით გამოჩნდა, პროდუქციის ექსპორტზე გატანას გეგმავს.
როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი ნათია ჯგუბურია „ბიზნესპარტნიორთან“ ამბობს, მოლაპარაკებების პროცესი მიმდინარეობს უკრაინასთან, იაპონიასთან და სხვა ქვეყნებთან.
„ჩვენი მთავარი მიზანი სწორედ ექსპორტი და მსოფლიოში აჭარული ხაჭაპურის პოპულარიზაციაა, გვინდა იყოს ისეთივე ცნობადი, როგორიც პიცაა და ამის პოტენციალი ნამდილად აქვს. შეფუთვა თავიდანვე გავთვალეთ საერთაშორისო ბაზრებისთვის. ექსპორტზე გატანას გვიან გაზაფხულამდე ვაპირებთ. ნიმუშები უნდა გავაგზავნოთ უკრაინაში და დიდი იმედი გვაქვს, რომ მოლაპარაკება შედგება. საბოლოო მიზანი ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარია, თუნდაც მხოლოდ ნიუ-იორკში უდიდესი პოტენციალი აქვს აჭარულ ხაჭაპურს. მას მერე რაც ბაზარზე გამოვჩნდით, დაინტერესება ძალიან დიდია, გამოხმაურებები დადებითია და შესაბამისად, ჩვენი მოლოდინებიც პოზიტიური,“– ამბობს ნათია ჯგუბურია.
„ჩიზზზის„ აჭარული ხაჭაპური, ამ ეტაპზე მხოლოდ „წერტის“ ორ მაღაზიაში იყიდება. სწორედ „წერტის“ ყველი გამოიყენება პროდუქტისთვის. ასევე, „ჩიზზზის“ საიტი მზად არის და სულ მალე მომხმარებლები აჭარული ხაჭაპურის ონლაინ შეძენასაც შეძლებენ.
„ხაჭაპური ორი ნაწილისგან შედგება, ვაკუმირებული ყველისგან და ნახევრად გამომცხვარი უსაფუარო ცომისგან. მის მომზადებას სულ რაღაც 10 წუთი სჭირდება. აუცილებლად ვგეგმავთ თვითონ აჭარული ხაჭაპურის გამრავალფეროვნებას, რუხი, უგლუტენო ცომის და განსხვავებული შიგთავისის მიხედვით. მინდა აღვნიშნო, რომ გაყიდვები და პროდუქტზე მოთხოვნა სასიამოვნოდ მოულოდნელი იყო ჩვენთვის და 2 არასრულ დღეში მთლიანად გაიყიდა პირველი პარტია.
ყველასთვის ღია ვართ, გვინდა რესტორენებმა და კაფეებმაც გამოიყენონ ჩვენი პროდუქტი, რაც დიდ დროს და რესურსს დაუზოგავს მათ, ასევე წარმოების გაზრდასთან ერთად, მომავალში „ჩიზზზის“ შეტანას ქსელურ მარკეტებშიც განვიხილავთ. სახლში მომზადებაც ძალიან მარტივია, რეალურად დანა-ჩანგლის გარდა არაფერი ისვრება,“ – აღნიშნავს ნათია ჯგუბურია.
business-partner.ge