ქართული ჩირისა და შოკოლადის მწარმოებელ კომპანიას „ჩირიფრუტს“ პანდემიის გამო 5 სავაჭრო ობიექტის დახურვა მოუწია. როგორც ჩირიფრუტის დირექტორმა სოფიო ჯიქიამ განაცხადა, ლოქდაუნის დროს ფაქტობრივად შეუძლებელი იყო იჯარის თანხის გადახდა, შესაბამისად, კომპანიამ ეს გადაწყევტილება მიიღო. ამ დროისთვის კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის შეძენა თბილისში 3 ლოკაციაზე შეიძლება (თბილისის საერთაშორისო აეროპორტში არსებულ duty Free-ში, სავაჭრო ცენტრი „გალერია თბილისი“, თბილისი მოლი),„ჩირიფრუტის“ პროდუქცია იყიდება ბათუმშიც.
ჯიქია აცხადებს, რომ მეხუთე სავაჭრო ობიექტი თბილისში, ოქტომბრის ბოლომდე გაიხსნება. მისივე თქმით, კომპანიის გაყიდვები წინა წელთან შედარებით გაცილებით გაზრდილია, უფრო მეტიც, რეალიზაციის მაჩვენებელი 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემების მცირედით ჩამორჩება.
კომპანიამ კრიზისის მიუხედავად, წარმოებაში ახალი ხაზის დამატება შეძლო. „ჩირიფრუტმა“ კანფეტების წარმოება დაიწყო. ჯიქიას განცხადებით, პროდუქტი ამ დროისთვის ადგილობრივ ბაზარზე იყიდება, სამომავლოდ კი დაგეგმილია მისი ექსპორტზე გატანაც. მათ შორის, ინტერესია ჰოლანდიიდან. სოფიო ჯიქია ამბობს, რომ უკვე გაყიდვაშია გოგრის გოზინაყი, წლის ბოლომდე, დაგეგმილია კანფეტების რამდენიმე სახეობის (სხვადასხვა გემოების) დამატება.
„ჩირიფრუტის“ გოგრის გოზინაყი ცალობით გაიყიდება და ერთეულის ფასი (16 გრამი) 2 ლარია.
კომპანია 90-მდე სახეობის ჩირს აწარმოებს და 20-მდე ადამიანს ასაქმებს. 2020 წელი კომპანიამ 30-ტონიანი წარმადობით დაასრულა.
წყარო: ბიზნესპარტნიორი