ჩინური ფარმაცევტული კორპორაცია Sinopharm-ის ვაქცინა ბაზარზე მიმდინარე წლის დეკემბერში, 150 დოლარად იქნება ხელმისაწვდომი, - ამის შესახებ კორპორაციის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ ლუ ცზიჩჟენმა განაცხადა.
„საერთაშორისო კლინიკური ცდების მესამე ფაზის დასრულების შემდეგ ვაქცინის დარეგისტრირებას შევძლებთ. ჩვენი გათვლებით, დეკემბრამდე ის უკვე ბაზარზე უნდა გამოჩნდეს. პეკინის ბიოპრეპარატების კვლევითი ინსტიტუტი წელიწადში 120 მილიონ ვაქცინამდე შექმნას შეძლებს, კიდევ 100 მილიონ ვაქცინას უხანის ბიოპრეპარატების ინსტიტუტი აწარმოებს“, - განაცახდა ცზიჩჟენმა.
მისივე თქმით, ორი ინექციის ფასი ათასი იუანის (150$) ფარგლებში იქნება.
„ერთი ინექციის შემთხვევაში დაცვის ალბათობა 97%-ს შეადგენს. მეორე ინექციის შემთხვევაში ეს ალბათობა 100%-ს მიაღწევს. პირველ და მეორე ინექციას შორის დროის ინტერვალი 28-30 დღე იქნება“, - აღნიშნა Sinopharm-ის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge