შაბათ-კვირას, შანხაისა და ვუჰანის ქუჩებში, ათასობით ადამიანი გამოვიდა და პოლიციას ღიად დაუპირისპირდა. ისინი დაწესებულ შეზღუდვებს და მთავრობის კოვიდ პოლიტიკას აპროტესტებდნენ, რამაც ჩინეთის მსოფლიოსგან იზოლაცია გამოიწვია, წერს Bloomberg-ი.
თითქმის სამი წლის განმავლობაში უკომპრომისო Covid შეზღუდვების, ჩაკეტვისა და გაუთავებელი ტესტირების შემდეგ, როგორც ჩანს, ჩინეთში ხალხს დაწესებული შეზღუდვები მოჰბეზრდა.
პროტესტის ერთგვარი კატალიზატორი სინძიანში მაღალსართულიან კორპუსში ხანძრის შედეგად 10 ადამიანის დაღუპვა იყო, რაც სავარაუდოდ კოვიდშეზღუდვებმა გამოიწვია, რის შედეგადაც ხანძარსაწინააღმდეგო დახმარება დაიბლოკა. პროტესტის მთავარი მიზეზი მაინც ხალხის სახელმწიფო პოლიტიკით იმედგაცრუება აღმოჩნდა, რის გამოც ჩინეთის მოსახლეობამ დიდი სოციალ-ეკონომიკური ზარალი ნახა.
საპროტესტო აქციები სწრაფად გავრცელდა ჩინეთის ქალაქებში, რაშიც დიდი როლი პროტესტანტების მიერ გადაღებულმა და სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ვიდეოებმა ითამაშა, სადაც მოსახლეობისა და ოფიციალურ პირების დაპირისპირება ჩანდა.
Bloomberg-ის ანალიტიკოსებმა გამოთვალეს, რომ ყველა შეზღუდვის გაუქმებით ჩინეთში ვირუსი შესაძლოა ტყის ხანძარივით აფეთქდეს, რის შედეგადაც 5.8 მილიონ ადამიანს ინტენსიური თერაპია დასჭირდება.
„ახლა ყველა თვალი იმისკენაა მიპყრობილი, მთავრობა საზოგადოების რისხვას როგორ ჩაახშობს. მაო ძედუნის შემდეგ, ჩინეთის ყველაზე ძლევამოსილი ლიდერი - სი ძინპინი დიდი გამოცდის წინაშე დგას,“ — წერს Bloomberg-ი.
მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა