ჩინეთის ქალაქ უხანში ახალი კორონავირუსით დაავადებულებისთვის დროებითი საავადმყოფოს მშენებლობა დაიწყო. ამის შესახებ რუსული „კომერსანტი“ წერს და ვიდეოს აქვეყნებს.
გამოცემის ინფორმაციით, მშენებლობის დამთავრება 6 დღეში იგეგმება. ამჟამად ადგილზე მუშაობს ათობით ექსკავატორი. SCMP-ის მონაცემებით, საკარანტინო ცენტრის ფართობი 25 ათასი კვადრატული მეტრი იქნება და 20-ზე მეტი 1 ან 2 სართულის სიმაღლის ბლოკისგან იქნება აგებული, სადაც 1000-მდე პაციენტის მოთავსება იქნება შესაძლებელი.
გამოცემა Xinhua-ს ინფორმაციით, 2003 წელს ატიპური პნევმონიის ეპიდემიის დროს პეკინში მსგავსი ტექნოლოგიით საავადამყოფო 1 კვირაში ააშენეს.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსის ეპიდემიის გამო ჩინეთში 70 ათასი კინოთეატრი დაიხურა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვმა 25-ს მიაღწია, ინფიცირებული კი 500-ზე მეტია.
ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. ვირუსი უკვე დაფიქსირდა ჩინეთის გარეთ - ტაილანდში, იაპონიაში, სამხრეთ კორეასა და აშშ-ში. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთის ხელისუფლებამ პეკინში ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გააუქმა.