ჩინეთში ჰუბეის პროვინციაში და ქალაქ უჰანში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის წარმომადგენელმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ეპიდემიის დაწყების შემდეგ ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირების სულ 81 470 შემთხვევა დაფიქსირდა, 75 770 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. შესაბამისად, გამოჯანმრთელების მაჩვენებელი ჩინეთში 93%-ს შეადგენს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირების 31 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 4 ადამიანი გარდაიცვალა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge