ჩინეთში Apple-ის მთავარი iPhone-ის მწარმოებელი ქარხნის ასობით თანამშრომელსა და უსაფრთხოების პერსონალს შორის შეტაკება მოხდა. მიზეზი კვირის განმავლობაში ქარხანაში მკაცრი კოვიდ შეზღუდვები და ცუდი კვების რაციონია. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
გავრცელებულ ვიდეოებში ნაჩვენები არიან Foxconn-ის ქარხნის მუშები, რომლებიც საერთო საცხოვრებლის ოთახებიდან გამოდიან და შემდეგ თეთრად ჩაცმულ მცველებთან დაპირისპირება აქვთ. დაცვის რამდენიმე თანამშრომელს ხელში ჯოხი უჭირავს და მიწაზე მწოლიარე ადამიანს ურტყამს. ვიდეოში სასწრაფო დახმარების მანქანაში 2 დაშავებული მუშა ჩანს.
ინციდენტი გუშინ ღამით მოხდა. ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, პროტესტის მიზეზი გადაუხდელი ხელფასები და ქარხანაში ინფექციური დაავადების გავრცელების შიშია. სანამ სპეცრაზმი წესრიგს აღადგენდა, შეტაკებისას რამდენიმე მუშა დაშავდა.
Foxconn-ი Apple-ის უმსხვილესი iPhone საწარმოა, სადაც დაახლოებით 200 000 ადამიანია დასაქმებული და სადაც მსოფლიოში iPhone-ების პროდუქციის დაახლოებით 70% მზადდება.
Apple-ისა და Foxconn-ის წარმომადგენლებს ამ ინცინდენტთან დაკავშირებით ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ.
მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა