იანვარ-მარტში ექსპორტი გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 5.2%-ით $821 მლნ-მდე გაიზარდა თუმცა 2019 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 1%-ით შემცირდა. მარტში მკვეთრი 30.6%-იანი ზრდა დაფიქსირდა, მაგრამ 2019 წლის ფონზე ეს მხოლოდ 0.5%-იანი ზრდაა.
მცირე პაუზის შემდეგ საექსპორტო პარტნიორებში $110 მლნ-ით ჩინეთმა პირველი ადგილი დაიბრუნა, სადაც მთავარ საექსპორტო პროდუქტს $84 მლნ-იანი წილით წელსაც სპილენძის მადნები წარმოადგენს. გაზრდილია ასევე სპილენძის მადნების, ალუმინისა და ღვინის ექსპორტიც. ზრდის მიუხედავად ღვინის წილი ჩინეთეთში გატანილ პროდუქციაში 2.5%-ზე ნაკლებია.
ჩინეთთან თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება 2018 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა. ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან მესამე წელს - ჩინეთმა ექსპორტში პირველ ადგილზე გადაინაცვლა.
19.6%-იანი ზრდის შემდეგ, $109 მლნ-ით რუსეთმა მეორე ადგილი დაიკავა, მესამეზე $105 მლნ-ით აზერბაიჯანია, სადაც 16.4%-იანი კლება დაფიქსირდა. ათეულში ასევე შედის: თურქეთი, უკრაინა, ბულგარეთი, სომხეთი, აშშ, ესპანეთი, შვეიცარია. მათგან ყველაზე დიდი - 61.8%-იანი ზრდა აშშ-ში დაფიქსირდა, ყველაზე დიდი - 28.7%-იანი კლება ბულგარეთში.