ჩინეთმა წარმატებით გაუშვა Beidou-ს თანამგზავრთა თანავარსკვლავედის უკანასკნელი წევრი, რითაც დაასრულა ათეულობით წლის წინ დაწყებული ახალი გლობალური სანავიგაციო სისტემის აწყობა.
Beidou-ს უკანასკნელი სანავიგაციო თანამგზავრი (BDS) ორბიტაზე რაკეტა Long March 3B-მა სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთიდან, სიჩანგის თანამგზავრთა გაშვების ცენტრიდან წაიღო.
როგორც წესი, ჩინეთი გაშვების შესახებ ინფორმაციას მხოლოდ მას შემდეგ ასაჯაროებს, რაც თანამგზავრი წარმატებით გავა ორბიტაზე. თუმცა, ეს ის იშვიათი შემთხვევა იყო, როცა Beidou-ს თანამგზავრის გაშვება წინასწარ იყო დაანონსებული.
Beidou-ს თანამგზავრების სისტემის შექმნა ჩინეთმა 1990-იან წლებში დაიწყო, პირველი თანამგზავრი კი 2000 წლის ოქტომბერში გაუშვა. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Xinhua-ს ცნობით, სისტემის განახლების ხანგრძლივი პროცესი 2009 წელს დაიწყო. უახლესი წყება, სახელად BDS-3, შედგება 30 თანამგზავრისგან, რომლებსაც მაღალი სიზუსტის პოზიციონირებასა და მოკლეტალღურ კომუნიკაციებში გამოიყენებენ. BDS-3-ის ქსელის 29 თანამგზავრი უკვე ორბიტაზეა.
1tv.ge