საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრიდან, ჩინეთის ქალაქ უხანიდან ევაკუირებული საქართველოს 3 მოქალაქე თურქეთის დედაქალაქ ანკარის ჰოსპიტალშია მოთავსებული, მათზე და მათთან ერთად ბორტზე მყოფი ალბანეთის 1, აზერბაიჯანის 7 და თურქეთის 32 მოქალაქეზე სპეციალურ ბოქსირებულ განყოფილებაში დაკვირვება მიმდინარეობს.
გარდა ამისა, საფრანგეთთან თანამშრომლობის შედეგად უხანი საქართველოს კიდევ 2-მა მოქალაქემ დატოვა. ისინი კარანტინის 14-დღიან პერიოდს საფრანგეთში გაივლიან. საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ფრანგულ მხარეს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. ამჟამად ჩინეთის ქალაქ უხანში საქართველოს 3 მოქალაქე რჩება.