განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 2021 წლის პირველი კვარტალის ბიუჯეტი 94%-ით აითვისა. დაზუსტებული გეგმის 359.2 მლნ ლარის ნაცვლად უწყებამ 338.6 მლნ ლარი დახარჯა. საქონელისა და მომსახურების შეძენის გეგმა მხოლოდ 76%-ით შესრულდა, არაფინანსური აქტივების ზრდის კი 118%-ით.
განსაკუთრებული ჩამორჩენა პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ მიმართულებით აღინიშნა, სადაც გეგმა 37%-ით შესრულდა და დაგეგმილი 16.9 მლნ-ის მაგივრად 6.2 მლნ დაიხარჯა. ასევე 60%-ით ნაკლები დაგეგმილი 1.450 მლნ-ის ნაცვლად 575 ათასი ლარი დაიხარჯა საზარგარეთ განათლების ხელშეწყობაზეც.
წარმატებული მოსწავლეების წასახალისებლად თავდაპირველად 370 ათალის ლარის დახარჯვა იყო გათვალისწინებული. დამტკიცებული გეგმის მიხედვით ეს თანხა 172.7 ათასამდე შემცირდა საიდანაც რეალურად მხოლოდ 86 ათასი დაიხარჯა.
გეგმის შესრულებას 10%-ზე მეტი დააკლდა: სამეცნიერო დაწესებულების პროგრამების, სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის, გამოყენებითი კვლევების საგრანტო პროგრამებისა და მეცნიერების პოპულარიზაციის დაფინანსების მიმართულებით.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ინფრასტრუქტურის განვითარებაზე დაგეგმილის 64%, ხოლო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ინფრასტრუქტურის განვითარებაზე დაგეგმილის 52% დაიხარჯა.
ზოგიერთი მიმართულებით გეგმა გადაჭარბებითაც შესრულდა. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობაზე დაგეგმილის 103% დაიხარჯა, უმაღლესი განათლების დაფინანსებაზე 104%-ითა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელშეწყობაზე დაგეგმილის 986%.
2020 დეკემბერში მთლიანი უწყების ბიუჯეტი 1.798 მლრ ლარით განისაზღვრა. მოგვიანებით სამინისტრო ორ ნაწილად გაიყო. კულტურისა და სპორტისთვის ცალკე სამინისტრო შეიქმნა.