ჭავჭავაძის გამზირზე N72ა-ში მრავალფუნქციური სივრცის „ვაკე პლაზას“ გახსნა 2020 წლის ივნისამდე გადაიდო. ფართების გაყიდვა გაქირავება კი უკვე დაწყებულია.
როგორც პროექტის ხელმძღვანელმა რუსუდან ჩერგოლეიშვილმა „კომერსანტს“ განუცხადა, მშენებლობის პროცესი განახლებულია და სამუშაოები მიმდინარეობს.
„პროექტის სრული ინვესტიცია დაახლოებით 20 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს. პროექტის განმახორციელებელი კომპანიაა „ვაკე პლაზა“. ფართის ქირაობა და ყიდვა ნებისმიერ მსურველს უკვე შეუძლია. კვადრატულის ფასი საკმაოდ მისაღებია და 22-24 დოლარს შეადგენს.“-განმარტა ჩერგოლეიშვილმა.
წლების წინ ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე „ლიბერთი თაუერის“ გვერდით, დაკონსერვებული შენობა, მრავალფუნქციური სივრცე „ვაკე პლაზა“ 11-სართულიანი იქნება და მისი ფართი ჯამში 22 000 კვადრატულ მეტრს შეადგენს, ხოლო სპეციალურად ავტოფარეხისთვის მიწისქვეშ 4 სართული, ჯამში 11 000 კვადრატული მეტრი იქნება გამოყოფილი.
მრავალფუნქციური სივრცე მხოლოდ მაღალი კლასის საოფისე ფართებისთვის იქნება განკუთვნილი, საკონფერენციო და საპრეზენტაციო დარბაზებით, კვების ობიექტითა და კინო დარბაზით, დაახლოებით 200-250 მანქანაზე გათვილილი ავტოფარეხით. შენობაში სავაჭრო ობიექტების განთავსება არ იგეგმება.
ძირითადი სამუშაოებიდან სამშენებლო ნაწილს ასრულებს კომპანია „ენსისი“, ხოლო საინჟინრო ნაწილს - კომპანია „თერმასერვისი“.
შეგახსენებთ, უკანასკნელი, დაახლოებით, 5 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა სასამართლო პროცესი პროექტის ყოფილ პარტნიორსა და ამჟამინდელ მფლობელს შორის. შესაბამისად, მშენებლობა იქნა გადაყვანილი კონსერვაციის რეჟიმში, სასამართლო დავის დასრულებისთანავე კი მოხდა სამუშაოების განახლება. ამ ეტაპზე კომპანიაში სასამართლო დავის შესახებ სხვა სახის ინფორმაციაზე არ საუბრობენ. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, წარსულში შენობის ერთ-ერთი პარტნიორი თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი იყო.
ნათია ლომიძე