„მსოფლიოს წამყვანმა სარეიტინგო კომპანია Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი გამოაქვეყნა. საქართველოს შემთხვევაში რეიტინგის უცვლელად „BB“ დონეზე დატოვება, ნიშნავს, რომ სარეიტინგო კომპანია ვერ ხედავს გაზრდილ რისკებს ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების გატარების უწყვეტობის მიმართულებით. უფრო მეტიც, Fitch ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საპარლამენტო არჩევნებში, ქართული ოცნების ხელახალი არჩევა აძლიერებს სარეიტინგო კომპანიის განწყობებს ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკისა და მაკროეკონომიკური გარემოს მიმართ, არის რა თავისებური ბარომეტრიც არჩევნების თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩატარებაზე,“ - განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა გიორგი ცუცქირიძემ, რომელმაც Fitch - ის რეიტინგის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.
ექსპერტის განცხადებით, სარეიტინგო კომპანიის შეხედულება სრულ თანხვედრაშია წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციების, ევროპარლამენტარების და ევროსაბჭოს მონიტორინგის ჯგუფის შეფასებებთან და კიდევ ერთხელ აჩვენებს ნაცოპოზიციის ბოიკოტის სრულ აბსურდულობას, არჩევნების ტოტალურად გაყალბების თაობაზე, მით უმეტეს ვადამდელი არჩევნების მოთხოვნას.
„ნიშანდობლივია, რომ სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, საქართველოს სუვერენული რეიტინგი მხარდაჭერილია 'BB' კატეგორიის ქვეყნების მედიანურ მაჩვენებელთან შედარებით უფრო მაღალი მართველობის ხარისხით და ბიზნეს გარემოთი, რაც ეკონომიკის პროგნოზშიც აისახა. საქართველოში ბიზნესგარემო “BB” კატეგორიის ქვეყნების მაჩვენებელთან შედარებითაც უკეთესია, რაზეც მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგიც მეტყველებს, რომლის მიხედვითაც, საქართველო 190 ქვეყანას შორის მე-5 ადგილზე იმყოფება. სარეიტინგო კომპანიის პროგნოზით საქართველოს ეკონომიკა 2021 წელს 4.3 პროცენტით, ხოლო 2022 წელს 5.8 პროცენტით გაიზრდება, რაც არა თუ რეგიონში ერთ -ერთი მაღალი მაჩვენებელია, არამედ საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღების ტემპი 'BB' კატეგორიის ქვეყნების მედიანურ მაჩვენებელთან შედარებითაც მაღალი იქნება,“ - განაცხადა ექსპერტმა.
გიორგი ცუცქირიძის განცხადებით, ქვეყნის სუვენერული საკრედიტო რეიტინგი, განსაზღვრავს იმ რისკ- პრემიას, რომლითაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და ინვესტორები ადგილობრივ ეკონომიკას აფასებენ. შესაბამისად, რეიტინგის პოზიტიურად შეფასება პოსტპანდემიურ პერიოდში მხოლოდ დადებითად აისახება ინვესტიციების შემოდინებაზე და უცხოეთიდან მოზიდული კაპიტალის ფასზე, რასაც ეკონომიკის აღდგენის, განსაკუთრებით სამუშაო ადგილების შენარჩუნების და გაზრდის თვალსაზრისით ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს.