„თუ წინა წელს 70-80% იანი დატვირთვით ვმუშაობდით, პანდემიის შემდეგ მხოლოდ 10-20% იანი დატვირთვა გვაქვს“ - ამის შესახებ „კომერსანტს“ ChiKhana Bazar - ის მენეჯერმა ნაზი კაზარიანმა განუცხადა.
როგორც კაზარიანმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, ქვეყანაში ტურისტების არყოფნას ემატება ის, რომ ადგილობრივები მხოლოდ ლანჩისთვის და საღამოს სამსახურის შემდეგ სტუმრობენ რესტორანს.
„პანდემია ჩვენ მუშაობაზე ძალიან ცუდად აისახა, რადგან ქვეყანაში ტურისტები აღარ შემოდიან და მხოლოდ ადგილობრივებზე ვმუშაობთ, ისიც ძალიან მცირე რაოდენობით. ჯერ პანდემია გამოცხადდა და ქვეყანაში ტურისტების შემოსვლა აიკრძალა, შემდეგ გამოგვიცხადეს, რომ 22:00 საათამდე გვქონდა მუშაობის უფლება, რა თქმა უნდა ამან ჩვენზე ძალიან ცუდად იმოქმედა და შემოსავლებიც საგრძნობლად შეგვიცმირდა, თუმცა მუშაობას მაინც ვაგრძელებთ და ველოდებით რა იქნება“ - აღნიშნავს ნაზი კაზარიანი.
ნაზი კაზარიანმა თანამშრომლების შემცირებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ლოქდაუნის შემდეგ თანამშრომლების ნაწილმა თვითონ დატოვა სამსახური, ნაწილი კი მომხმარებლის სიმცირის გამო შეამცირეს. მისივე განცხადებით, პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო რესტორანში კარაოკეც აღარ ფუნქციონირებს.
„პანდემიამდე ხალხი დაბადების დღეებს იხდიდა, გვქონდა კარაოკეც, მაგრამ ამ ეტაპზე კარაოკე დახურული გვაქვს, რადგან იმდენი ხალხიც აღარ არის და კარაოკე რეკომენდაციებითაც არ არის დაშვებული, რადგან ბართან მხოლოდ 5-6 კაცია შეიძლება“ - აღნიშნავს ნაზი კაზარიანი.
ნაზი კაზარიანი ამ ეტაპზე სიახლეებზე არ საუბრობს, რადგან მისი განცხადებით არ იციან რა იქნება სამომავლოდ და კიდევ დაწესდება თუ არა რამე შეზღუდვები.
„ამ ეტაპზე სიახლებსაც ვერ ვგეგმავთ, რადგან როგორი იქნება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და კიდევ რა რეგულაციები დაწესდება არ ვიცით“, - აღნიშნავს ნაზი კაზარიანი.
Chaikhana Bazar Chillout Café უკრაინული რესტორანია და 2 წელია რაც თბილისში ოპერირებს. ის ევროპულ, აღმოსავლურ და ქართულ კულტურას აერთიანებს.
თაკო კვაჭანტირაძე