ცეზარ ჩოჩელი - რაც კეთდება კარგია, მაგრამ არ კმარა, შესაძლოა კიდევ 50-მა წელიწადმა გაიაროს და იმავე დონეზე ვიქნებით

ცეზარ ჩოჩელი - რაც კეთდება კარგია, მაგრამ არ კმარა, შესაძლოა კიდევ 50-მა წელიწადმა გაიაროს და იმავე დონეზე ვიქნებით

access_time2020-09-14 15:10:21

პანდემია, ეკონომიკური კრიზისი, უმუშევრობა, სიღარიბე - წლეულს არჩევნების გამართვა მძიმე ვითარებაში მოგვიწევს და შესაბამისად, კიდევ უფრო საპასუხისმგებლო იქნება ჩვენი არჩევანი, რომელ პოლიტიკურ ძალას ვანდობთ ჩვენს მომავალს.


ჯანმრთელობა თუ ეკონომიკური კეთილდღეობა? - დღეს უკვე ყველა ხვდება, რომ საკითხის ასე დასმა არც სწორია და არც კორექტული. პანდემიის პირველი ტალღის დროს ეკონომიკის პარალიზებამ ქვეყანა რამდენიმე წლით უკან დახია და ჯერაც ვერ დავუბრუნდით ეკონომიკური ზრდის პოზიტიურ ნიშნულს. ბიზნესი, რომელიც დასაქმებისა და საბიუჯეტო შემოსავლების მთავარი დონორია, ფიქრობს, რომ ასეთი ეკონომიკური ხედვით ქვეყანა შორს ვერ წავა და მუდმივად მოწყვლადი იქნება სირთულეების მიმართ. როგორია ბიზნესის პოლიტიკური გეგმები? - შევეცადეთ ამ კითხვის ამომწურავი პასუხი ბიზნესმენ ცეზარ ჩოჩელისგან მიგვეღო.


- თქვენ და დეპუტატი კახა ოქრიაშვილი დიდი ხანია ბიზნესპარტნიორები ხართ, ახლა კი ერთად­ გადაწყვიტეთ პოლიტიკაში მოსვლა, დააფუძნეთ პარტია პროგრესი და თავისუფლება და თანამშრომლობის მემორანდუმიც გააფორმეთ კოალიციასთან ძალა ერთობაშია. რატომ გადაწყვიტეთ, რომ პოლიტიკური პარტნიორებიც გამხდარიყავით?


- უპირველესად, დღევანდელი ვითარებიდან და მოვლენებიდან გამომდინარე, გარდა ამისა, ჩვენი შეხედულებები, პოლიტიკური და ეკონომიკური, ძირითადად ერთმანეთს ემთხვევა. ამასთან, მიგვაჩნია, რომ საკანონმდებლო საქმიანობაში გამოგვადგება­ ბიზნესში დაგროვებული გამოცდილება. გვინდა ისეთ საკანონმდებლო ცვლილებებს შევუწყოთ ხელი, რაც ხვალ-ზეგ დასაქმებას, შემოსავლების ზრდას, ეკონომიკურ წინსვლას განაპირობებს.


- თქვენი შეხედულებები მაშინაც ემთხვეოდა, როცა თქვენი ბიზნეს- და პოლიტიკური პარტნიორი ნაცმოძრაობის მოკავშირე იყო პარლამენტში? და როცა ბოლო რვა წელიწადს პარლამენტში ქართულ ოცნებასთან თანამშრომლობდა? უწონებდით ბოლო პოლიტიკურ არჩევანს?


- არასდროს ვაფასებ და ვირჩევ ადამიანებს პოლიტიკური გემოვნების მიხედვით. საქართველო პატარა ქვეყანაა, ბევრ პარტი­აში მყავს მეგობრები, მათ შორის სახელისუფლებოშიც და ოპოზიციაშიც. არათუ მეგობრებსა და პარტნიორებს შორის, ოჯახშიც კი შეიძლება იყოს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები. იმის მაგალითებიც გვაქვს, ვინც წინა ხელისუფლების­ დროს ერთ გუნდში იყო, დღეს მიუღებელი არიან ერთმანეთისთვის.


- თქვენ და კახა ოქრიაშვილმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეთ გაერთიანებასთან ძალა ერთობაშია, ანუ ფაქტობრივად, ნაციონალურ მოძრაობასთან. რას გულისხმობს თქვენი თანამშრომლობა? თქვენ იქნებით მათი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მცხეთა-მთიანეთში?


- დიახ, გავაფორმეთ მემორანდუმი და მალე ჩამოყალიბდება საარჩევნო ბლოკი, რომლის სრულუფლებიანი წევრი ვიქნებით და მომავალ პარლამენტში გვეყოლება ჩვენი წარმომადგენლები ქვეყნის განვითარების კონკრეტული გეგმით. საარჩევნო ბლოკის ჩამოყალიბების შესახებ მოლაპარაკება გვქონდა თითქმის ყველა დიდ ოპოზიციურ პარტიასთან, მათ შორის ევროპულ საქართველოსთან. მიუხედავად იმისა, რომ პარტია ახლა დავაფუძნეთ, მე და კახა ოქრიაშვილს ჩვენი ელექტორატი გვყავს. ჩვენი პარტიის წევრია დილარ ხაბულიანიც და კიდევ ბევრი საინტერესო ადამიანი. მოლაპარაკება გრძელდება ბიზნესის წარმომადგენლებთან და მერწმუნეთ, ჩვენს გუნდში არაერთ პროფესიონალს ნახავთ. ოპოზიციურ პარტიებთან მოლაპარაკებისას კონკრეტული პირობა გვქონდა, რაც გულისხმობდა ჩვენი პარტიის წევრებისთვის ადგილების რაოდენობას გაერთი­ანებულ სიაში და ამაზე შევთანხმდით. ზოგიერთ საკითხზე შესაძლოა ამ გაერთიანებასთანაც გვქონდეს აზრთა სხვადასხვაობა, ისევე როგორც მაშინ, როცა ისინი ხელისუფლებაში იყვნენ.


- რაში არ ეთანხმებოდით ხელისუფლებას, როცა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი იყავით?


- ბევრი საკითხი იყო, მათ შორის მკაცრი სასჯელი წვრილმანი სამართალდარღვევებისთვის. იყო შემთხვევები, როცა მეწარმეს­ უმნიშვნელო გადაცდომი­სთვის მაქსიმალურ საჯარიმო სანქციას­ აკისრებდნენ. ჩემი პოზიცია არასდ­როს დამიმალავს, მათ შო­რის არც მერაბიშვილსა და არც ადეიშვილთან. მაშინ, ძირითადად, სწორედ ამ ორ ადამიანთან მქონდა კომუნიკაცია. ჩემს სათქმელს ყოველთვის ვამბობდი და ვამბობ. არა ვარ ის ადამიანი, რომე­ლიც უსამართლობაზე თვალს დახ­უ­ჭავს...


- ფაქტია, მაშინდელი შეცდომებისთვის სააკაშვილი ბოდიშს ახლა იხდის. როგორ ფიქრობთ, უნდა დაბრუნდეს საქართველოში?


- მიმაჩნია, რომ უნდა დაბრუნდეს. თუკი ვხედავთ, რა დააშავა, რა ვერ გააკეთა და რისთვისაც იხდის ბოდიშს, რატომ ვერ ვხედავთ იმას, რაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს გააკეთა? არ გახსოვთ, რა ქვეყანაში ვცხოვრობდით 2002-2003 წლებში? ქვეყანას ფაქტობრივად არ ჰქონდა ბიუჯეტი, 700-800 მილიონამდეც ვერ ივსებოდა. პენსია­ 14 ლარი იყო, არ გვქონდა გზა, გაზი, ელექტროენერგია და ყველგან, სადაც უნდა მისულიყავი, კორუფცია იყო და კრიმინალი ბატონობდა. ყველა ეს პრობლემა თავისით მოგვარდა? მინდა მართალი ვიყოთ როგორც სხვებთან, ისე საკუთარ თავთან. როცა დღეს ამ ადამიანს ოთხ პიჯაკსა და უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტზე დახარჯულ თანხებს ვედავებით, რატომ იმას აღარ ვიხსენებთ, რა ჭაობიდან ამოვიდა ქვეყანა 2003-დან 2012 წლამდე?



- სააკაშვილს მხოლოდ ამ საქმეებს ხომ არ ედავებიან, საკმაოდ მძიმე ბრალი აქვს წარდგენილი გირგვლიანის საქმეზე, რომლის თანახმად, მან მსჯავრდადებულებს შეწყალების პირობა მისცა, სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად.


- ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დანაშაული, რომელიც იმ პერიოდში მოხდა. გირგვლიანის საქმის გარდა, იყო სხვა დანაშაულებიც, მათ შორის ადამიანის უფლებების შელახვის ფაქტები - ციხეში არსებულ ვითარებას ვგულისხმობ. მაგრამ ბოლო 8 წელიწადია მხოლოდ ამაზე ვლაპარაკობთ. რას გვაძლევს მუდმივად მხოლოდ იმის ძახილი, მიშა დამნაშავეაო? თუ დამნაშავეა და თუ სახელმწიფო გვქვია, თუ გვცნობს და გვაღიარებს საერთაშორისო სამართალი, კაცმა პასპორტის გარეშე მთელი მსოფლიო როგორ შემოიარა? ცოტა ხნის წინ მან უკრაინის მოქალაქეობა მიიღო.­ შესაძლებელია ამის შემდეგ მისი გადმოცემის საქმეში სხვა შემაფერხებელი გარემოებები გაჩნდა, მაგრამ მანამდე რატომ ვერ შეძლეს მისი დაკავება და წარდგენა საქართველოს მართლმსაჯულების წინაშე? ხომ არ შეიძლება 8 წელიწადს გაიძახოდე, რომ მისთვის საკანი გაქვს გამზადებული და ელოდები, თავისი ნებით როდის ჩამოვა და ჩაჯდება ციხეში?


- სხვათა შორის, რაც დრო გადის, მწვავდება დაპირისპირება ყოფილ თანაგუნდელებს შორის. ევროპული საქართველო ამბობს, რომ მათთვის მიუღებელია სააკაშვილის პრემიერობის კანდიდატურა. ასეც კი დაისვა საკითხი - არც სააკაშვილი­ და არც ივანიშვილი.


- უნდა ვაღიარო, 2013 წელს ვფიქრობდი, რომ ივანიშვილი ქვეყანაში ეროვნულ თანხმობას დაამყარებდა. ასე ვფიქრობდი ჯერ კიდევ იმ დროს, როცა ჩემს წინააღმდეგ ახალ-ახალი საქმეები იკერებოდა. გულის სიღრმეში მიმაჩნდა, რომ ეს იყო დროებითი­ და დღეს-ხვალ ამას წერტილი დაესმებოდა. ქვეყანაში სულ 3 მილიონი კაცი დავრჩით და თუ ასე გავაგრძელებთ, ქართველი შესაძლოა მალე წითელ წიგნში გახდეს შესატანი. არა ვართ იმდენი, რომ ერთმანეთის მტრობა, შური და ბოღმა გვახრჩობდეს. განა რამდენი კაცი შეგვიძლია მოვძებნოთ, ვისაც ქვეყნისთვის რამის გაკეთება შეუძლია? მათ შორის ისეთი კანონმდებლობის შექმნა, რომელიც ქვეყნის ინტერესებსა და მის განვითარებას გამოადგება. გული მტკივა, როცა მესმის, როგორ უწოდებენ ერთმანეთს ნაცებს, ქოცებს, ევროქოცებს, ევრონაცებს. ერთმანეთის დასამცირებლად რა ეპითეტებს აღარ იყენებენ. მთელ ერს მინდა მოვუწოდო - გავერთიანდეთ, რადგან ერთი სამშობლო გვაქვს და ქვეყნისთვის გავაკეთოთ, ვისაც რა შეგვიძლია.


უნდა შეიქმნას სამართლიანი­ სასამართლო, რომელიც თავისუფალი იქნება პოლიტიკური წნეხისგან; უნდა შეჩერდეს კრიმინალის ზრდა და ქიშპობის ნაცვლად დრო, ენერგია, ცოდნა ქვეყნის სწორ გზაზე დაყენებას მოვახმაროთ. დღენიადაგ ჩემი ბიზნესის გადასარჩენად ვიბრძვი. პირველად გამსახურდიას ხელისუფლების შეცვლის შემდეგ შემოვიდნენ ჩემს ლუდის ქარხანაში, ახალგორში. დაიწყეს ძიება, საიდან მქონდა საარყე ქვაბები, რომლებშიც ლუდს ვხარშავდით. ნამდვილი ომი გამოვიარეთ, რადგან მაშინ ასეთი საკითხები ფიზიკური დაპირისპირების გარეშე არ გვარდებოდა. 1997 წელს მცირედით ცივილიზაციისკენ წავიდა ქვეყანა და ახლა საგადასახადო სამსახური შემოვიდა. მთელი 6 თვით გაგვიჩერეს წარმოება. 1999 წელს, როცა უკვე მოქალაქეთა კავშირი მყარად დადგა ფეხზე, სისხლის სამართლის საქმეები აღძრეს ჩვენს წინააღმდეგ და ქარხანა დაგვიკეტეს. შეიძლება თამამად ითქვას, გვდევნიდნენ. ქვეყანაში უნიკალური ქარხნები ნაწილებად იშლებოდა, ჯართში აბარებდნენ და ამ დროს ჩვენ ახალგორში ვაშენებდით თანამედროვე საწარმოს, ხალხი გვყავდა დასაქმებული და პროდუქციას ვქმნიდით.


- სამაგიეროდ, 2003-დან 2012 წლამდე არავინ შეგხებიათ.


- რაღაც გეშლებათ... 2004 წლის იანვარ-თებერვალში რომ გაგვიჩერეს საწარმოები, მხოლოდ 2005 წლის თებერვალში განვაახლეთ მუშაობა. მაშინაც მსგავსი­ პრობლემის წინაშე დავდექით - რომ ვიყავით წინა ხელისუფლების გადმონაშთები, შევარდნაძის მხარდამჭერები და ა.შ.


- შემდეგ დაალაგეთ­ ურთიერთობა ახალ ხელისუფლებასთან...


- დალაგება ცოტა უხერხული სიტყვაა. ამასობაში გაერკვნენ, რა იყო ნამდვილი და რა გამოგონილი. იმ დროს უკვე დაწყებული გვქონდა ნატახტრის ქარხნის მშენებლობა და ასეთი ზეწოლის გამო მშენებლობა ლამის ერთ წლით გაჩერდა. დაგვიძახეს და გვკითხეს, რატომაა გაჩერებულიო. წარმოიდგინეთ, მაღალი თანამდებობის პირებმა ისიც არ იცოდნენ, რომ მათი ან შესაძლოა მათი ხელქვეითების გადაწყვეტილების გამო ვიყავით გაჩერებული. 2005 წლის თებერვალში განვაახლეთ მშენებლობა და შემოდგომაზე ავამუშავეთ ნატახტრის ლუდის ქარხანა. 2007 წლამდე მშვიდად ვიმუშავეთ, მაგრამ როცა ხელისუფლებაში შიდა დაპირისპირება მოხდა, აღმოაჩინეს, რომ თავდაცვის სამინისტროსთვის სოლიდური თანხის გამაგრილებელი­ სასმელები გვქონდა საჩუქრად გადაცემული. შექმნეს ლეგენდა, თითქოს ჩვენთან ფინანსური ინტერესები ჰქონდა ირაკლი ოქრუაშვილს. არადა, ღვთის წინაშე, არანაირი შეხება მაგ კაცთან არ გვქონია. მხოლოდ რამდენჯერმე მიგვიწვია ორფოლოში, ჩვენი ჯარის წვრთნებს დავესწარით და შემდეგ საჩუქრად ჩვენი პროდუქცია გავგზავნეთ. 2008 წლის დამდეგს საერთოდ გავყიდე ნატახტრის ლუდის ქარხანა.


- მოქმედი ხელისუფლების დროს თქვენზე რამდენიმე საქმე აღიძრა. გედავებოდნენ უკანონო შემო­სავლების ლეგალიზაციასა და სამეწა­რმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობას. თუ სწორად მახსოვს, 70 მილიონ ლარზე მეტს გედავებოდნენ.­ დაპატიმრებულიც იყავით და გირაოს სანაცვლოდ გაგათავისუფლეს. ხომ არ იფ­იქრებს ამომრჩეველი, რომ პოლიტი­კაში შურისძიებისთვის ბრუნდებით?


- მეტს გვედავებოდნენ, ყველა კომპანიის ბრუნვა დააჯამეს და ფულის გათეთრების მუხლი მიუყენეს. 183 სასამართლო პროცესს პირადად ვესწრებოდი, რამდენიმე გადაიდო, რამდენიმე უჩემოდ გაიმართა. ბრალი ყველა სისხლის სამართლის საქმის ძირითად ნაწილში მოგვიხსნეს. უკვე გითხარით, რომ უნდა დასრულდეს შური და მტრობა, ქვეყანას უნდა მივხედოთ. ჩემს ამბავს იმიტომ მოგიყევით, არ მინდა რომელიმე ბიზნესმენმა გაიაროს ის გზა, მე რომ გავიარე და რისი გავლაც კიდევ მიწევს. ვინც დღეს ბევრს ლაპარაკობს ჩემზე, თითქოს ჩემთვის ადვილი იყო ამ ყველაფრის მიღწევა, ჯერ ჩემი გზა გაიაროს და ნახავს, რის ფასად ჯდება ჩვენს ქვეყანაში წარმატებული ბიზნესის კეთება.


შორიდან წარმოდგენების შექმნა ადვილია, რეალურად კი ბრძოლის გარეშე ერთ დღესაც არ ვყოფილვართ. 1991 წელს დავიწყეთ ბიზნესი კონფლიქტის ზონაში. ერთი მხრივ, ეს გარემოებაც უნდა გაგვეთვალისწინებინა და ისე მოვქცეულიყავით, როგორც იქაურობას შეეფერებოდა, და მეორე მხრივ, ჩვენ თვალწინ ინგრეოდა და იშლებოდა ქვეყანა, ჩვენ კი ამ დროს ახალ საწარმოს ვაშენებდით. შეგვეძლო სხვებივით ჯართის ბიზნესი დაგვეწყო, მაგრამ მაშინვე გვქონდა გადაწყვეტილი, რომ რამე უნდა შეგვექმნა. ვუყურებდი უნიკალურ ქარხნებს, რომლებსაც ნაწილ-ნაწილ ჯართად შლიდნენ და ვფიქრობდი, ნეტავ ოდესმე ასეთი ქარხანა თუ მექნება-მეთქი. ამ წლების განმავლობაში 13 სრულფასოვანი და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი წარმოება შევქმენით.


ერთ სახალისო ამბავსაც მინდა მოგიყვეთ - როცა ჩვენს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები იყო აღძრული და ქარხნები დაყადაღებული გვქონდა, გერმანელი პარტნიორები გვესტუმრნენ და წარმოებაში ძალიან დიდი ინვესტიციის ჩადებას გეგმავდნენ. რა თქმა უნდა, ეს გარემოება მათთვის შემაფერხებელი აღმოჩნდა და ჩვენც და ქვეყანამაც მნიშვნელოვანი ინვესტიცია და წინსვლის პერსპექტივა გავუშვით ხელიდან. სტუმრებს მცხეთა დავათვალიერებინეთ, იყვნენ სვეტიცხოველში და მისი ამშენებლის ამბავიც მოისმინეს. შემდეგ ქართულად ვუმასპინძლეთ და სუფრასთან იხუმრეს: ასეთი ტაძრის ამშენებელს მარჯვენა მოჰკვეთეს და აღარ გვიკვირს, რომ ამდენი წარმოების აშენების შემდეგ პატიმრობით გემუქრებიანო.


- სხვათა შორის, როცა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ლელო საქართველოსთვის ჩამოაყალიბეს, ველოდით, რომ მის შემადგენლობაში ბევრ ცნობილ ბიზნესმენს ვიხილავდით. მათთან რატომ არ გადაწყვიტეთ პოლიტიკური თანამშრომლობა?


- მე არ მითქვამს, რომ მათთან არ ვითანამშრომლებთ. მამუკა ხაზარაძესაც და ბადრი ჯაფარიძესაც უდიდეს პატივს ვცემ. ჩვენსავით მათაც 90-იანი წლების დასაწყისში დაიწყეს ბიზნესი და ერთ-ერთი წარმატებული საბანკო სისტემა შექმნეს. ბევრ ეკონომიკურ საკითხში ჩვენი მოსაზრებები ერთმანეთს ემთხვევა და ვფიქრობ, მომავალ პარლამენტშიც საინტერესო და ნაყოფიერ თანამშრომლობას შევძლებთ. ალეკო ელისაშვილმა თქვა, პარლამენტში იმისთვის არ მივდივარ, ზურგით ვიჯდეო და, მომეწონა მისი ნათქვამი. პარლამენტში იმიტომ არ უნდა შევიდეთ, რომ ერთმანეთს იქ თავ-პირი ვამტვრიოთ. აქვე მინდა დავაფიქსირო - ჩემთვის საქართველოს ევროატლანტიკურ ვექტორს ალტერ­ნატივა არა აქვს. ჩვენი პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, ერთი რამ მაინც უნდა გვაერთიანებდეს პარლამენტში - ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გეგმა.


30 წელიწადი გავიდა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან და რა შედეგი გვაქვს? ამ დროში უდაბნოში ისრაელი შეიქმნა, გახდა ექსპორტიორი ქვეყანა და ბევრისთვის საცხოვრებლად მიმზიდველი, ჩვენ კი ეს დრო დაპირისპირებაში გავატარეთ. არადა, ღმერთმა უნიკალური ბუნებრივი­ შესაძლებლობებით დაგვასაჩუქრა და ის ვერ შევძელით, ჩვენი სამყოფი ხორცი ვაწარმოოთ და იმპორტზე არ ვიყოთ დამოკიდებული; იმდენი ვერ მოვახერხეთ, თვითკმარი ვიყოთ ადგილობრივი ხილითა და ბოსტნეულით. სამაგიეროდ, ერთმანეთის დამცირებასა და შეურაცხყოფაში ბადალი არა გვყავს.


- ჩემს ადგილას მმართველი პარტიის წარმომადგენელი გიპასუხებდათ, რომ სოფლის მეურნეობისა და მეწარმეობის ხელშემწყობი უამრავი პროგრამა განხორციელდა, რომ მსოფლიო კრიზისის მიუხედავად, საერთაშორისო ორგანიზაციები ჩვენი ქვეყნის რეიტინგებს კეთილსაიმედოდ აფასებენ...


- ვურჩევდი მათ, გამოვიდნენ კაბინეტებიდან და ხალხში გაიარონ. რაც კეთდება კარგია, მაგრამ არ კმარა. ამ ტემპით შორს ვერ წავალთ. ჩვენ გვჭირდება რეალური ეკონომიკური ზრდა და განვითარების სწრაფი ტემპი. ამ მიდგომებით კი შესაძლოა კიდევ 50-მა წელიწადმა გაიაროს და მერწმუნეთ, იმავე დონეზე ვიქნებით. ნახეთ, რამდენით გაიზარდა ქვეყნის ბიუჯეტი, ეკონომიკა, მთლიანი შიდა პროდუქტი 2003-2012 წლებში და რამდენი გვაქვს ზრდა ბოლო 8 წლის განმავლობაში. ჩემთვის ეს მონაცემებია ამოსავალი წერტილი. ნახეთ, როგორია ლარის გაცვლითი კურსი და დოლარში თუ გადავიყვანთ, ქვეყნის ეკონომიკა არათუ გაზრდილი, შემცირებულია. ბიზნესის სტიმულირების ცალკეული პროგრამა კარგია, მაგრამ ჩვენ უფრო მასშტაბური პროექტები და მიზანმიმართული მოქმედება გვჭირდება. თუ ასე გავაგრძელებთ, კიდევ 8 წელიწადი გავა და იმავე მდგომარეობაში ვიქნებით. შემდეგ ახალმა ხელისუფლებამ იძახოს წინამორბედებზე, რომ ერთი სისხლიანი იყო, მეორე კი უუნარო... ეს მიდგომა უნდა შევცვალოთ, თორემ ჩვენი საშველი არ იქნება. წინა ხელისუფლებამ დატოვა დამონებული სასამართლო, რომელიც ხელისუფლების ხელქვეითი იყო, იგივე ითქმის პროკურატურაზე. გეკითხებით, რამე შეიცვალა ამ ორ უწყებაში? დღევანდელ მმართველ გუნდში რამდენია წინა ხელისუფლების წევრი? მე რომ გუბერნატორი გავხდი, არც ერთ რაიონულ ცენტრს არც გზა ჰქონდა, არც წყალი და არც ბუნებრივი აირი. ჩემი მიზანი ამ პრობლემების მოგვარება იყო. ის ხალხი, ვინც ჩვენს მოსახლეობას იმ დროს დასდევდა, ზოგს იჭერდნენ და ზოგსაც აჯარიმებდნენ, ახლა მოქმედ ხელისუფლებაშია. რა გამოდის, ისინი დღეს კარგები არიან და ცეზარ ჩოჩელი ცუდი?


- მიუხედავად ამისა, 2016 წლის ადგილობრივ არჩევნებში მმართველი გუნდის კანდიდატმა დიმიტრი ხუნდაძემ 60 ხმით მოგიგოთ. ამ არჩევნებში თქვენ პირადი რეიტინგის დამტკიცებაც მოგიწევთ.


- პირიქით, ხალხს მოუწევს იმის დამტკიცება, როგორი ცხოვრება უნდა. ყველამ კარგად იცის, ვისი გამარჯვებითაც დასრულდა წინა არჩევნები და შემდეგ გამარჯვება ვისზე გაფორმდა. მე არ ვაპირებ არანაირი რეიტინგის დამტკიცებას, ერთადერთი, რის გამოც მაჟორიტარობა გადავწყვიტე, ის არის, რომ ყველა პროექტისა და იდეის, რომლებიც რეგიონისთვის მქონდა და ვერ დავასრულე, ან ვერ მოვასწარი დაწყება, ხორცშესხმა მინდა. ამ რეგიონს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პერსპექტივა და შანსი აქვს, მათ შორის ტურისტულიც და ადგილობრივი წარმოების თვალსაზრისითაც. მხოლოდ ჩვენმა ბიზნესჯგუფმა ამ რეგიონში 5 უმსხვილესი წარმოება შექმნა. კიდევ ათს, ალბათ, ხელი შევუწყვეთ. მცხეთა-მთიანეთი დღეს ერთგვარი საწარმოო ჰაბია. ეს მოდელი მთელ საქართველოში უნდა გადავიტანოთ, ყველა რეგიონში დავნერგოთ. ასე რომ, პოლიტიკაში არა დაპირებებით, არამედ კონკრეტული პროექტებით ვბრუნდები.


კვირის პალიტრა





ნათია მეზვრიშვილი - ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 673 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 2 881 პირი გამოჯანმრთელდა

ნათია მეზვრიშვილი -  ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 673 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო  2 881 პირი გამოჯანმრთელდა
access_time2020-10-31 10:49:45
დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფექციის 1 673 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.       მან კორონავირუსთან დაკავშირებით უახლეს სტატისტიკურ მონაცემებსა  და ბოლო 24 საათში მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრა.       „დღეის...

როგორ უნდა მივცეთ ხმა კორონავირუსის პანდემიის პირობებში [ვიდეო]

როგორ უნდა მივცეთ ხმა კორონავირუსის პანდემიის პირობებში [ვიდეო]
access_time2020-10-31 08:32:01
ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს ვიდეოინსტრუქციას, თუ როგორ უნდა მივცეთ ხმა კორონავირუსის პანდემიის პირობებში.   ცესკო-ში აღნიშნავენ, რომ კენჭისყრის პროცესი უსაფრთხოა და კენჭისყრის შენობაში გათვალისწინებულია ინფექციის გავრცელების ყველა პრევენციული ღონისძიება.   „საარჩევნო უბანზე მისვლისას გაიარეთ მარკირების შემოწმების პროცედურა; კენჭისყრის ოთახში შესვლამდე დაიმუშავეთ ხელები შესასვლელში განთავსებული სადეზინფექციო სითხით; ნაკადის მომწესრიგებელს...

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
access_time2020-10-31 08:05:56
საქართველოში დღეს, 31 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნები იმართება. ქვეყნის მოსახლეობა მე-10 მოწვევის პარლამენტს აირჩევს. 150 წევრიან პარლამენტში 120 პროპორციული წესით, ხოლო 30 - მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე იქნება არჩეული.   ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის 3 526 023 ამომრჩეველია რეგისტრირებული. მათ შორის საზღვარგარეთ – 14 170, ხოლო საქართველოში 3 511 853 ამომრჩეველი.   მთელი ქვეყნის...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-30 21:00:03
დღის Top 10 საინტერესო ამბავი     1. რას გვპირდებოდა და რა შეასრულა - „ქართული ოცნების“ ყველა ეკონომიკური დაპირება, რომელიც მათ საარჩევნო პროგრამაში ჰქონდათ   „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა!“ - სწორედ ეს იყო 2016 წლის საპარლამეტო არჩევნების წინ ქართული ოცნების ლოზუნგი....

ევროზონა უმძიმეს კრიზისულ პერიოდს ვერ უმკლავდება

ევროზონა უმძიმეს კრიზისულ პერიოდს ვერ უმკლავდება
access_time2020-10-30 19:00:31
გერმანიაში ინდექსი DAX —  გერმანული ეკონომიკის ბარომეტრი - უკვე 4%-ით, საფრანგეთს ძირითადი საბირჟო ინდექსი CAC- 40 კი 3,3%- ით შემცირდა და ამა წლის მარტ-აპრილის დონეს მიუახლოვდა.   საფონდო ინდექსების ვარდნა მთელს ევროპაში მიმდინარეობს.   რა არის ეს? შეშინებული ტრეიდერების გადაჭარბებული რეაქცია? ესეც, ოღონდ არა მხოლოდ ეს. საქმე იმაშია, რომ საფონდო ბაზარმა დაინახა ის, რასაც მოსახლეობა ჯერ ვერ ამჩნევს - ევროზონა პანდემიის მეორე...


მსგავსი სიახლეები

up